თუ ფიფა რუნის ავტომატურ ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას კიდევ ერთ ან ორ თამაშს დაამატებს, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს პოლონეთსა და უკრაინაში, დასაწყისში მაინც, სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაბიო კაპელომ მის ნაცვლად ვინმე სხვა უნდა ათამაშოს.
ინგლისის ნაკრებს,
თუ ინგლისელთა იტალიელი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ ამხანაგურ შეხვედრებს ახალგაზრდა ფეხბურთელების შემოწმებისა და თავის ტაქტიკასთან შეჩვევისთვის გამოიყენებს, მაშინ, შესაძლოა სტარიჯის შანსი კიდევ უფრო გაიზარდოს. ასეა თუ ისე, ისეთი გამოცდილი ფიგურა, როგორიც ლემპარდია, უმცროს თანაგუნდელს ბოლომდე ენდობა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს:
"იმაში, რომ დენიელი დიდ სანაკრებო ფეხბურთს ითამაშებს, ეჭვი არ მეპარება, ჩემთვის, უბრალოდ, საინტერესოა, როდის მოხდება ეს. გარწმუნებთ, მას ყველა მონაცემი აქვს "ჩელსისა" და ეროვნული გუნდის ნამდვილი ვარსკვლავი რომ გახდეს. სტარიჯი ტექნიკურია, მეტად სწრაფი, მეურვისგან დასხლტომისა და გოლის გატანის განსაკუთრებული უნარი აქვს. მას შეუძლია არაფრისგან შექმნას მომენტი, რაც გულშემატკივარს აღაფრთოვანებს".
სტარიჯმა ლურჯი მაისურით წინა მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობითაც ითამაშა, მაგრამ მაშინ ის ხუთი თვით "ბოლტონს" მიაქირავეს. გასულ ზაფხულს "ჩელსიში", მოგეხსენებათ, ახალი მწვრთნელი, პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში მივიდა, რომელსაც "ბოლტონიდან" დაბრუნებული ფორვარდი ძალიან მოეწონა და მეტად ენდო, ვიდრე ანჩელოტი ენდობოდა.
ისევ ლემპარდი: "ბოლტონში გატარებულმა დრომ სტარიჯს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა შესძინა. ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც პრემიერლიგაში თამაშს სჭირდება. ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო. "სტემფორდ ბრიჯზე" მას თამაშის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომაც გადავიდა ისეთ გუნდში, სადაც ათამაშეს, გოლების გატანას გემო გაუგო და სულ სხვა ფეხბურთელად დაგვიბრუნდა. მწვრთნელმაც დააფასა - პირდაპირ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად აქცია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"