შეთავაზება ვან პერსის

AutoSharing Option
28 წლის ჰოლანდიელი ვარსკვლავი, რობინ ვან პერსი "არსენალისგან" ახალ შეთავაზებას მიიღებს. ჩრდილოლონდონურ კლუბში გრძნობენ, რომ კიდევ ერთი ვარსკვლავის დაკარგვის უფლება არ აქვთ და ამიტომ წლობით შემუშავებული სახელფასო სტრუქტურის დარღვევას აპირებენ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ვან პერსიმ ინტერვიუში თქვა, სანამ სეზონი არ დამთავრდება, ახალ ხელშეკრულებაზე არც დავილაპარაკებ, ხოლო მერე რას ვიზამ, არ ვიციო. ერთი სიტყვით, ვარსკვლავმა, რომელსაც "მეთოფეებთან" ხელშეკრულება 2013 წელს უმთავრდება, თქვა, რომ "ემირეით სთედიუმზე" დარჩენის პირობას არ დებს.

ის, რომ ვან პერსის კონტრაქტს ვადა 2013 წელს გაუდის იმას
ნიშნავს, რომ კლუბმა ფორვარდს 2012 წელს მაინც უნდა დაადებინოს ახალი პირობა, თორემ, მერე ის თავისუფალი აგენტი გახდება. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს "არსენლმა" ორი წამყვანი ფეხბურთელი, სამირ ნასრი და კაპიტანი სესკ ფაბრეგასი გაყიდა.

დღეს ვან პერსის ხელფასი კვირაში 70 ათასი ფუნტია. ერთი ხნის წინ მას "მანჩესტერ სიტიმ" კვირაში 90 ათასი შესთავაზა, მაგრამ ჰოლანდიელმა პასუხად უარი შეუთვალა. ახლა ამბობენ, რომ "მეთოფეებიც" 90 ათასამდე გაუზრდიან გასამრჯელოს.

რაც შეეხება ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობას, "არსენალის" ხელმძღვანელობის აზრით ის ოთხწლიანი უნდა იყოს, რაც კიდევ ერთი საკლუბო პრინციპის დარღვევაა. საქმე ის გახლავთ, რომ აქამდე, "ემირეიტ ათედიუმზე" 30 წელს მიღწეულ ფეხბურთელებს რამდენიმეწლიან თანამშრომლობას არ სთავაზობდნენ., თუმცა... ვან პერსი ნამდვილად არ იქნება პირველი ვის გამოც ამ პრინციპს გადაუხვევენ. "ევერტონისგან" ნაყიდმა ესპანელმა მიკელ არტეტამ, რომელიც მარტში სწორედ 30 წლისა გახდება, "არსენალთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ კვირაში კლუბის აღმასრულებელმა შეფმა აივან გაზიდისმა თქვა:
"ჩვენ სახელფასო ზედა ზღვარი არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ გვაქვს მოქნილი სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბიზნესი ისე ვაწარმოოთ, რომ რაც შეიძლება დიდ წარმატებას მივაღწიოთ, როგორც ახლა, ასევე ხუთიწლის შემდეგ".

ეს განცხადება პრინციპებიდან გადახვევის დასტურს ჰგავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული