ტევესი მანჩინისგან ბოდიშს ელის

AutoSharing Option
როგორც ჩანს, 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესისა და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება ახალ წლამდე გაგრძელდება - კლუბმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ფეხბურთელმა, "ბაიერნთან" შეხვედრაში, მწვრთნელ რობერტო მანჩინის პროტესტი გამოუცხადა და მოედანზე სათამაშოდ არ შევიდა.

ამ დასკვნის მოსასმენად ტევესი ისტლენდური კლუბის შეფებს ოთხშაბათს შეხვდა. მოგეხსენებათ, შეხვედრას წინ ფორვარდის ორკვირიანი დისკვალიფიკაცია უძღოდა.

ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ ტევესი მზად იყო ბოდიში მოეხადა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ თავის წილ ბოდიშს მანჩინიც მოიხდიდა. კერძოდ, კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად ფეხბურთელი თავს დამნაშავეს იმაში ცნობს, რომ არ გახურდა
- გახურებაზე მას მანჩინისთვის მართლაც უთქვამს უარი - თუმცა ამტკიცებს, რომ მოედანზე შესვლა (უნდა ვივარაუდოთ, რომ გაუხურებლად) არ გაუპროტესტებია. რასაკვირველია, სურათი, რომელსაც ტევესი ხატავს ცოტა უცნაურია.

წარმოიდგინეთ, შუა შეხვედრაში მწვრთნელი სათადარიგო ფეხბურთელს ეუბნება, გახურდი მოედანზე უნდა შეგიყვანოო, ეს უკანასკნელი კი გახურებაზე უარს ამბობს, მოედანზე შესვლაზე კი არა. ამის დაჯერება, რასაკვირველია, ძნელია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ზუსტად როგორ მოხდა, მაინც არავინ იცის.

კლუბის მიერ დაწესებული ორკვირიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ტევესმა ვარჯიში განაახლა, თუმცა მანჩინი ჯიუტობს და მის მთავარ გუნდში შეყვანას არ აპირებს. ამასობაში, ერთი ლიგით ქვემოდან, ჩემპიონშიფიდან, ხმა ამოიღო არგენტინელის ყოფილმა გუნდმა "ვესტ ჰემმა", რომელსაც შობის შემდეგ მისი იჯარით წაყვანის ვარიანტი აინტერესებს.

და მაინც, როგორ დასჯის "მანჩესტერ სიტი" კარლოს ტევესს? ეს ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ყოვლისმცოდნე ინგლისურმა ტაბლოიდებმა გამოიკვლიეს, რომ მზადდება ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო ჯარიმა - მილიონი ფუნტი, რასაც ოთხიდან ექვს კვირამდე დისკვალიფიკაციაც დაემატება.

რასაკვირველია, კონტრზომებს ამზადებს ფეხბურთელიც. უპირველეს ყოვლისა ის თავის წილ სამართალს "ეტიჰედ სთედიუმზევე" ეძებს, მაგრამ თუ არაფერი გამოუვა, პრემიერლიგაში იჩივლებს. ერთი სიტყვით, "მანჩესტერ სიტისა" და ტევესის დაპირისპირება, შესაძლოა, დეკემბრამდე გაგრძელდეს.

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ განცხადებაში წერია: "კლუბმა ჩაატარა გამოძიება, რომელიც 27 სექტემბერს, მიუნხენის "ალიანს არენაზე" მომხდარ ინციდენტს ეხებოდა. გამოძიებამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ტევესმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობა დაარღვია და ამის შესახებ ფეხბურთელს აცნობა. შემდეგი ნაბიჯი იქნება საქმის გარჩევა, რომელსაც შეძლებისდაგვარად მალე მოვაწყობთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული