დიდი მატჩი ჩვეულებრივი სამი ქულით

AutoSharing Option
„ლივერპულის“ მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა სცადა დღეს, „ენფილდ როუდზე“ გასამართი პრემიერლიგის დიდი შეხვედრის მნიშვნელობა შედარებით დაეკნინებინა: ლაპარაკია „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირებაზე, რომელსაც ამ გუნდების ოდინდელი ქიშპის და სატურნირო მდგომარეობის გამო მთელი ინგლისი მოუთმენლად ელის.

„ხალხი ამბობს, რომ ეს სეზონის უდიდესი თამაშია, მაგრამ მე პრემიერლიგის მატჩებს უდიდესებად და უმცირესებად არ ვახარისხებ. ეს თამაში ჩვეულებრივი მატჩია, რომელშიც, გამარჯვების შემთხვევაში, სამ ქულას მოგვანიჭებენ. ამ შემთხვევაში, ერთადერთი განსხვავება „იუნაიტედთან“ და სხვა გუნდებთან შეხვედრას შორის ის არის, რომ თუ დღ
ეს მოვიგებთ, მანჩესტერელებს ცხრილში მივუახლოვდებით. ჩვენთვის ეს არის საკუთარი პოზიციის გაუმჯობესებისა და მეტოქის პოზიციის გაუარესების შესაძლებლობა“.

„ლივერპულმა“, „ენფილდზე“, ბოლო სამ დაპირისპირებაში „იუნაიტედს“ მოუგო, მაგრამ დალგლიში ამბობს, რომ ამას დღეს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება:

„ჩვენც კარგად ვიცით ვის ვეთამაშებით და რა შეხვედრა გველის და მათაც იციან ვისთან აქვთ საქმე. როგორ დამთავრდება ეს მატჩი მთელი 90 წუთის განმავლობაში ვერავინ იტყვის. ასეთია პრემიერლიგის ბუნება. გასულ სეზონში, „ენფილდზე“ „იუნაიტედთან“ ძალიან კარგად ვითამაშეთ და 3:1 მოვიგეთ, მაგრამ ძველი მიღწევა ახალ შეხვედრაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს“.

შემდეგ, დალგლიშმა თქვა, რომ როგორც „ლივერპულს“ ასევე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დღევანდელი თამაშისთვის მომზადებაში გასული კვირის სანაკრებო წყვეტამ შეუშალა ხელი. მერსისაიდელთა ლეგენდამ მეტოქის ტრავმებზეც გაამახვილა ყურადღება:

„მანჩესტერელებმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს. დღეისათვის ისინი ცხრილის სათავეში არიან, ეს კი ის ადგილია, სადაც ყველას უნდა ყოფნა. მართალია, მათ ბევრი ფეხბურთელი დაუშავდათ, მაგრამ ფერგიმ სირთულეებს შესანიშნავად გაართვა თავი. დღეს მას, ისევე, როგორც მე, უნდა ნახოს როგორ იმოქმედა ფეხბურთელებზე სანაკრებო წყვეტამ“.

დღევანდელ შეხვედრაში, „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში, სტივენ ჯერარდის დაბრუნებას ელიან. სამედიცინო დაწესებულებებსა და სარეაბილიტაციო დარბაზებში გატარებული შვიდი თვის შემდეგ 31 წლის ვარსკვლავმა როგორც იქნა მიაღწია იმ კონდიციას, როდესაც 90 წუთის განმავლობაში შეძლებს თამაშს - აქამდე დალგლიშმა სამჯერ შეცვლაზე შეიყვანა და სულ ეს იყო.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ კი, ალბათ, ცენტრალური მცველი, 29 წლის ნემანია ვიდიჩი დაუბრუნდება. ტრავმამ მასაც საკმაო ხანი, კერძოდ ორი თვე გამოატოვებინა.

მანჩესტერის მეორე გუნდი, „სიტი“, „ასტონ ვილას“ მასპინძლობს - ეს იქნება მიმდინარე სეზონში ორი დაუმარცხებელი მეტოქის დაპირისპირება. რობერტო მანჩინიმ ისტლენდელებს სეზონი მართლაც საუცხოოდ დააწყებინა - შვიდი ტურის შემდეგ „სიტი“ ლიდერთან, იუნაიტედთან ტოლად არის. ხაზგასასმელია, რომ შესანიშნავად თამაშობენ ახალნაყიდი ვარსკვლავები, სერხიო აგუერო და სამირ ნასრი, თუმცა ითამაშებს თუ არა ბირმინგემელებთან შეხვედრაში აგუერო, უცნობია. ის გაჭიმული კუნთის ტკივილზეა დამოკიდებული. მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ვერ ითამაშებს აგუეროს თანამემამულე, არგენტინელი კარლოს ტევესიც, თუმცა მანჩინის ასისტენტი, წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ პლატი ამბობს, რომ ორი სამხრეთამერიკელის არყოფნა „სიტის“ თავდასხმას ისე ვერ დაასუსტებს, რომ „ასტონ ვილას“ დაცვა შეუვალ ბასტიონად იქცეს:

„ჩვენ შეტევაში მრავალნაირად შეგვიძლია თამაში. ნუ დაგვავიწყდება იაია ტურეს, სამირ ნასრისა და დავიდ სილვას ნიჭი და უნარი. ხომ ხედავთ, „სიტი“ პრემიერლიგაში ძალიან კარგად მიდის და გვწამს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ძლიერად შეუძლიათ თამაში“.
აი, „ვილა“ კი მიმდინარე ჩემპიონატში ნამდვილი ამოცანაა: ალექს მაკლიშმა ბირმინგემელებს შვიდი შეხვედრიდან ორი მოაგებინა, ხუთი კი ფრედ ათამაშა.

„ჩელსის“ „ევერტონი“ 2009 წლის მაისის შემდეგ არ დაუმარცხებია და ამის გაკეთებას ახლა შეეცდება. 2009 წლის მაისში რა მოხდა? გუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით „ლურჯებმა“ ლივერპულის გუნდი ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში დაამარცხეს. მას მერე კი სტატისტიკა ასეთ სურათს ხატავს: პრემიერლიგის შეხვედრებიდან ორი ფრედ დამთავრდა, ხოლო ორი მერსისაიდელებმა მოიგეს. გარდა ამისა, ეს გუნდები ერთმანეთს ფეხბურთის ასოციაციის თასზე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ორივე მატჩი 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ევერტონმა“ იმარჯვა.

დასავლეთლონდონელთა ახალმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა შეხვედრის წინ „ევერტონის“ თავკაცის, დევიდ მოიესისთვის ქების სიტყვები არ დაიშურა:
„ჩემი აზრით „ევერტონი“ შესანიშნავ ფორმაშია. მართალია გუნდმა „ლივერპულთან“ წააგო, მაგრამ, რომ მოეგო ცხრილის ზედა ნაწილში იქნებოდა და თან, თამაშების რაოდენობას თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ერთი მატჩი მარაგში აქვს. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში „ჩელსის“ მათთვის არ მოუგია, „ევერტონის“ ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედებს კარგად. ისინი „სტემფორდ ბრიჯის“ მოედანზე თამამად გამოვლენ და საუკეთესო შედეგისთვის იბრძოლებენ“.
საინტერესო თამაში გაიმართება ხვალ, კვირას, ნიუკასლის „სენტ ჯეიმს პარკზე“: „კაჭკაჭები“, რომლებიც ყველასთვის მოულოდნელად მეოთხე ადგილზრ არიან, „ტოტენჰემს“ მასპინძლობენ. სტუმრების მწვრთნელი, ჰარი რედნაპი ახალდამატებული სკოტ პარკერითა და ემანუელ ადბაიორით ძალიან კმაყოფილია. ის ამბობს:

„ძალიან კმაყოფილი ვარ სკოტით. მან ჩვენთან შემოიტანა ზუსტად ის, რაც გამოცდილმა, ძლიერმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში უნდა მიიტანოს. ვფიქრობ მისი ძალა „ტოტენჰემს“ მომავალში უფრო დაეტყობა. ფანებიც დიდი სიხარულით შეხვდნენ მას. ის ხომ გულითადი, კარგი ადამიანია, რომელიც საქმეს თავდადებით აკეთებს.
რაც შეეხება ადებაიორს, ის უდიდესი შესაძლებლობების მოთამაშეა და ის, რომ მისი მონაწილეობით ნათამაშები ოთხი თამაშიდან ოთხივე მოვიგეთ, დამთხვევა არ არის“.

საინტერესოა არეულ-დარეული „არსენალისა“ და „სანდერლენდის“ დაპირისპირება, თუმცა, ვაგლახ, „მეთოფეთა“ თამაშს, ჯერჯერობით, ცხრილის სათავეზე გავლენა არ აქვს.

დღეს
ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 15:45
ტრავმა: აგერი, ჯონსონი - ფლეტჩერი, ლინდეგაარდი, გიბსონი, კლევერლი, რაფაელი

მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა 18:00
ტრავმა: ბალოტელი - ბენანი, ჯენასი, კუელარი, ლიჩაი

ნორვიჩი-სუონსი 18:00
ტრავმა: ვუგანი, ვიტბრედი, აიალა, უორდი - ბრიტონი, ოგუსტეინი, ბიტი, კულკერი, ბოდე, ტეიტი

ქუინზ პარკი-ბლექბერნი 18:00
ტრავმა: დაიერი, ჰასლი - სალგადო, დანი, ნილსენი
დისკვალიფიკაცია: ლევერტი (ბლექბერნი)

სტოკ სიტი-ფულჰემი 18:00
ტრავმა: უილკინსონი, ეზერინგტონი, დიაო, ჯონსი - ჰიუზი, ს. დევისი

უიგანი-ბოლტონი 18:00
ტრავმა: გოჰური, როდალეგა, ალკარასი - ჰოლდენი, იაასკელაინენი, რიკეტსი, ალონსო, მირსი, ლი, შ. დევისი

ჩელსი-ევერტონი 20:30
ტრავმა: ესიენი - ენიჩიბე
დისკვალიფიკაცია: ტორესი-როდუელი

ხვალ:
ვესტ ბრომვიჩი-ვულვზი 15:00
ტრავმა: ბრანტი, ფორჩუნი, გერა - სტირმენი, ფოული, კრედოკი, ებანკს-ბლეიკი

არსენალი-სანდერლენდი 16:30
ტრავმა: სანია, შჩესნი, დჯურუ, სკილაჩი, ვერმალენი, ვუილშერი - უიკჰემი, კემპბელი, გორდონი

ნიუკასლი-ტოტენჰემი 19:00
ტრავმა: კაბაიე, ბა, ამეობი, დონალდსონი, სმიტი, ვუკიჩი, უილიამსონი - სანდრო, ჰადლსტოუნი, გალასი, დოუსონი

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 7 6 1 0 24-5 19
2. სიტი 7 6 1 0 23-5 19
3. ჩელსი 7 5 1 1 17-8 16
4. ნიუკასლი 7 4 3 0 9-4 15
5. ლივერპული 7 4 1 2 10-8 13
6. ტოტენჰემი 6 4 0 2 11-10 12
7. ასტონ ვილა 7 2 5 0 9-5 11
8. სტოკ სიტი 7 2 3 2 4-8 9
9. ნორვიჩი 7 2 2 3 7-10 8
10. სუონსი 7 2 2 3 6-9 8
11. ქუინზ პარკი 7 2 2 3 5-13 8
12. ფულჰემი 7 1 4 2 10-7 7
13. ევერტონი 6 2 1 3 6-8 7
14. ვულვზი 7 2 1 4 6-10 7
15. არსენალი 7 2 1 4 10-16 7
16. სანდერლენდი 7 1 3 3 9-8 6
17. ვესტ ბრომვიჩი 7 1 2 4 5-10 5
18. უიგანი 7 1 2 4 5-11 5
19. ბლექბერნი 7 1 1 5 8-17 4
20. ბოლტონი 7 1 0 6 9-21 3

ბომბარდირები: 9 - რუნი (მანჩესტერი); 8 - აგუერო (სიტი); 6 - ჯეკო (სიტი); 4 - აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბა (ნიუკასლი), ლემპარდი (ჩელსი), სუარესი (ლივერპული); 3 - ადებაიორი (ტოტენჰემი), ბესტი (ნიუკასლი), დი სანტო (უიგანი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჯონსონი (ფულჰემი), კლასნიჩი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ვან პერსი (არსენალი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული