ტევესმა ბოდიში არ მოიხადა

AutoSharing Option
ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყეს, რომ რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი რობერტო მანჩინი და 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ერთმანეთს კონფიდენციალურად შეხვდნენ.

მოგეხსენებათ, ეს ორი ადამიანი დაპირისპირებულია და საქმე იქამდეა მისული, რომ ტევესი, შესაძლოა, კლუბიდან გააგდონ ან მილიონი ფუნტით და 4-6 კვირიანი დისკვალიფიკაციით დააჯარიმონ.

ტევესმა თავდაპირველი ორკვირიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა და მანჩესტერში ოთხშაბათს დაბრუნდა, სადაც კლუბის ხელმძღვანელებმა გამოუცხადეს, რომ იმსჯელეს და ის დამნაშავედ სცნეს. როგორც ირკვევა, მანჩინიმ ტევესს სწორედ ოფისში მისვლამდე დაურეკა და მასთან შინ მისვლა სთხოვა.

უფრო მკაფიოდ რომ
წარმოვიდგინოთ: ტევესი ლონდონიდან მანჩესტერისკენ მატარებლით სამშაბათს გაემგზავრა და მწვრთნელის ზარმა სწორედ ამ სარკინიგზო ტრანსპორტში მიუსწრო. როგორც გითხარით, მანჩინი მას მანჩესტერში ჩასვლისთანავე სტუმრობას სთხოვდა. არგენტინელი ასეც მოიქცა და ვაგონიდან ჩამოვიდა თუ არა - უკვე ოთხშაბათი იყო - მიუხედავად გვიანი დროისა, პირდაპირ იტალიელისკენ გაემგზავრა.

როგორც ტაბლოიდებმა შეიტყეს, მას ეგონა, რომ მწვრთნელი საქმეს შერიგებისკენ წაიყვანდა, მაგრამ შეცდა - მანჩინიმ საჯაროდ და პირადად ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. თან, ბოდიში არა მარტო მე, არამედ „სიტის“ არაბ თავმჯდომარეს, ხალდუნ ალ მუბარაქსაც უნდა მოუხადოო.

ტევესმა ამაზე უარი განაცხადა და მწვრთნელს თავად მოსთხოვა ბოდიშის მოხდა - მიუნხენში, „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მოედანზე შესვლა არ გამიპროტესტებია, ამას ტყუილად მაბრალებთ და ცილისწამებისთვის პატიება მთხოვეთო. საბოლოოდ, პირისპირ შეხვედრამ შედეგი ვერ მოიტანა და ახლა, მთელი საფეხბურთო ინგლისი „მანჩესტერ სიტის“ ვერდიქტს ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული