რუნი სამ მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
უეფამ ვერდიქტი გამოიტანა: 25 წლის უეინ რუნი ჩერნოგორიასთან შესარჩევ შეხვედრაში გაძევების გამო 2012 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სამივე შეხვედრას გამოტოვებს!

გამოდის, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი შეჯიბრებაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გუნდი ჯგუფურ ეტაპს გადალახავს და პლეი-ოფის ეტაპზე გავა.

ინგლისური გაზეთები ირონიით წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება უეფას ათმა „ბრძენმა“ მიიღო, რომელთაც ჩათვალეს, რომ ჩერნოგორიასთან თამაშის დროს რუნი მეტოქეს უნებლიედ კი არა, განზრახ ეუხეშა ანუ მის მიმართ აგრესია გამოავლინა. სხვათა შორის, ინგლისელი გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა ამ ისტორიაში
ბრალი რუნის დასდო - როცა თამაშობ შენს ქმედებებს ჭკუა უნდა დააყოლო და ქვეყნის ეროვნულ გუნდს არ უნდა უღალატოო.

ამის მიუხედავად, ბევრი მიიჩნევს, რომ უეფას განაჩენი გადაჭარბებულია. ცნობილი საფეხბურთო მიმომხილველი გარეთ კრუკსი:

„რუნის ერთმატჩიან ავტომატურ დისკვალიფიკაციას კიდევ ერთ მატჩს თუ დაამატებდნენ, ხმას არავინ ამოიღებდა - ამას ველოდით. ორი მატჩი ჩაქუჩის ჩარტყმას დაემსგავსებოდა, სამი კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გულში ხანჯლის გაყრაა“.

რუნის თანაგუნდელმა, 2001 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა „ტვიტერში“ დაწერა: „შეჯიბრების ამ ეტაპზე ფეხბურთელისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მისჯა გადაჭარბებული სიმკაცრეა“.

თავისი აზრი ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე, პირდაპირ აჯახა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფილ ნევილმა: „რუნი სამი მატჩით დასაჯეს? რა მასხარაობაა? ასეთი დანაშაულისთვის ესპანელ, იტალიელ ან გერმანელ ფეხბურთელს ერთთამაშიან დისკვალიფიკაციასაც კი არ მიუსჯიდნენ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული