რასიზმი "ენფილდზე"

AutoSharing Option
შაბათს, „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა, მაგრამ, ამჯერად უშუალოდ ფეხბურთზე არ გვაქვს ლაპარაკი. ვინც თამაშის ტელეტრანსლაციას უყურა, მიაქცევდა ყურადღებას, რომ მასპინძელთა ურუგვაელი თავდამსხმელი, 24 წლის ლუის სუარესი და სტუმრების ფრანგი მცველი, 30 წლის პატრის ევრა სულ ჩხუბის პირას იყვნენ.

მატჩის შემდეგ ევრამ განმარტა, რომ ამის მიზეზი რასიზმი გახლდათ - შეხვედრის მსვლელობისას სუარესმა ათჯერ მაინც დამიძახა „ნიგერიო“. ბრალდება სუარესმა „ტვიტერით“ გასცა პასუხი:

„ძალიან მეწყინა რასიზმში რომ დამდეს ბრალი. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ყველა რასისა და ეროვნების ადამიანს პატივს
ვცემ. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. მე მოედანზე ყოველ შეხვედრაში ბავშვური გატაცებით, ფეხბურთის სათამაშოდ გავდივარ და არა ვინმესთან საჩხუბრად“.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია საქმეს ამ კვირაში გაარჩევს. თუ დადგინდება, რომ ურუგვაელი დამნაშავეა, შესაძლოა მკაცრად დასაჯონ, თუმცა, ჯერჯერობით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა:
სუარესი, როგორც ნახეთ, ბრალდებას უარყოფს;

ტელეკომპანია „სკაი სპორტმა“ მატჩის ვიდეოჩანაწერი საგანგებოდ შეამოწმა და ვერც ის ადასტურებს, რომ სუარესმა რაიმე რასისტული იკადრა;

მსაჯი ანდრე მარინერი აცხადებს, რომ სავარაუდო ათი შეურაცხყოფიდან ერთისთვისაც კი არ მოუკრავს თვალი;

„მანჩესტერ იუნაიტედი“ თავის ფეხბურთელს, რასაკვირველია, მხარს უჭერს, მაგრამ ამ საქმეში ოფიციალურად ვერ ეხმარება. რატომ? იმიტომ, რომ თამაშის მსვლელობისას ევრას ხმამაღლა არაფერი დაუჩივლია. სხვა სიტყვებით, ფრანგს გარეშე მოწმეების მოძებნა მოუწევს. „ლივერპულის“ პრეს-მდივანმა კი განაცხადა: „ლუისი დაჟინებით ამბობს, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და კლუბიც გვერდში უდგას“.

ზემოთ ვთქვით, რომ საქმეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გაარჩევს. კერძოდ, მისი კანონების თანახმად, უპირველეს ყოვლისა უნდა დაიკითხოს ევრა. თუ ფრანგი ბრალდებას გაიმეორებს და თანმიმდევრული იქნება, მაშინ კითხვებზე პასუხების გაცემა სუარესსაც მოუხდება. ასეთი საქმეებისთვის კანონი რაიმე ვადას არ ითვალისწინებს: მომხდარს ნათელი მოეფინება მაშინ, როდესაც ეს ბუნენრივად მოხდება. ასოციაცია ვალდებული არ არის იჩქაროს.

სიტყვასიტყვით კი პატრის ევრამ ფრანგულ ტელეკომპანია „კანალ პლუსს“ ასე უთხრა:

„ძალიან გულდასაწყვეტი რამ მოხდა. 2011 წელს ხალხი ასეთ სიტყვებს აღარ უნდა ამბობდეს. მან თავადაც ძალიან კარგად იცის რა თქვა და მსაჯსაც ყველაფერი შესანიშნავად მოეხსენება. სიმართლე თავს არ დამალავს. ახლა გამეორებას არ შევუდგები, მაგრამ ის რასისტულ სიტყვას იმეორებდა. შეხვედრის განმავლობაში ათჯერ მაინც თქვა. ჩემს წყობიდან გამოყვანას ცდილობდა. მართალი გითხრათ, ამ ამბიდან დიდი აჟიოტაჟის ატეხვას არ ვაპირებ, მაგრამ რაც იყო, მეტისმეტად გულსატკენი გახლდათ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული