კაპელო დეფოს უნდა დაეყრდნოს

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა თავისი ფეხბურთელი, ჯერმაინ დეფო აქო და ადიდა. რედნაპის აზრით დეფომ ინგლისის ნაკრების თავკაც ფაბიო კაპელოს გვარიანი საფიქრელი და ალტერნატივა გაუჩინა.

კვირას, 29 წლის თავდამსხმელი, ნიუკასლის „სენტ ჯეიმს პარკზე“ მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და გოლიც შეაგდო. ახლა, როდესაც უეფამ ინგლისელთა მთავარ ვარსკვლავ უეინ რუნის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპს მთლიანად ატოვებინებს, დეფოს თამაში კაპელოსთვის შესაძლოა გამოსავალიც გახდეს.

„ჯერმაინმა დიდებულად დაარტყა. სწორედ ეს გახლავთ ის, რაც მას ასე კარგად ეხერხება. ვფიქრობ, ხსენებული გოლი და
ზოგადად ჩინებული თამაში მას ინგლისის ნაკრების ძირითადში მოხვედრის დიდებულ შანსს აძლევს. თუმცა, ნაკრები გვერდით იყოს და სანამ მას „ტოტენჰემისთვის“ გოლები გააქვს, მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ხალხი იმ დარტყმაზე და საგოლე ალღოზე ლაპარაკობს, მე კი ვფიქრობ, რომ ვინ იცის, იქნებ მისი მოედანზე თავიდანვე გამოყვანა უფრო სწორი ყოფილიყო“.

მოგეხსენებათ, „ნიუკასლ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა. „სფურზი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ერთხელაც ვერ შეინარჩუნა. თამაშის მიწურულს ანგარიში „კაჭკაჭმა“ შოლა ამეობიმ გაათანაბრა, მაგრამ „სენტ ჯეიმს პარკზე“ ფრე „დეზებისთვის“ მაინც არ გახლდათ ცუდი შედეგი. რედნაპის გუნდი ცხრილში მეექვსე ადგილს ინარჩუნებს და „ლივერპულს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. „ტოტენჰემის“ თავკაცმა დასძინა:

„როდესაც 2:1-ს იგებ, ბუნებრივია, იმედი გაქვს, რომ სამ ქულას მოიპოვებ. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ. ნიუკასლიდან ქულების წაღება ყოველთვის ძალიან ძნელია. ეს გუნდი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია, რაც თავისთავად ბევრზე მეტყველებს. ვფიქრობ, ჩვენ მაინც შეგვეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა და გამარჯვება...“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული