ჩარლი ადამი: მე არ "ვყვინთავ"

AutoSharing Option
ვინც ბოლო ტურში, "ენფილდ როუდზე" გამართულ "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" 1:1 დამთავრებულ შეხვედრაში, მერსისაიდელთა გოლი ნახა, ეცოდინება, რომ ჯარიმა, რომლიდანაც სტივენ ჯერარდმა გაიტანა ჩარლი ადამმა მოიპოვა. მას "იუნაიტედის" ვეტერანმა მცველმა, რიო ფერდინანდმა გამოსდო ფეხი, თუმცა ეპიზოდს კამათიც მოჰყვა.

ფერდინანდი და მანჩესტერული მხარე ამტკიცებს, რომ 25 წლის შოტლანდიელმა მომენტი გააფორმა ანუ, ინგლისურ საფეხბურთო ჟარგონზე რომ ვთქვათ, "ჩაყვინთა". ადამს ასეთი ბრალდებები არ ესიამოვნა და განაცხადა:

"ყველა თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს, მე კი გეტყვით, რომ ფერდინანდმა წონასწორობა დამარღვევინა. თავად განსაჯეთ, რომ არ წავქცეულიყავი
ხელსაყრელ პოზიციაში გავდიოდი. რად მჭირდებოდა ძალად წაქცევა? რიოს რომ ჩავურბინე კონტაქტი ვიგრძენი. აი, რა მოხდა და რამ წამაქცია სინამდვილეში. მე არ ვარ იმ ტიპის ფეხბურთელი, იოლად რომ ეცემა.

ეს იყო ნამდვილი ჯარიმა, რომელიც მსაჯმა დაინახა და დანიშნა. შემდეგ ამას მოჰყვა მაღალი დონის გოლი. სტივი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იმიტომ ითვლება, რომ ასეთი გოლების გატანა შეუძლია".

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ამტკიცებენ, რომ ადამსმა ეპიზოდი გააფორმა. ინგლისის ჩემპიონთა საკლუბო ტელევიზიამ ამ შეხვედრის მონაწილე, 19 წლის ფილ ჯონსთან მატჩისშემდგომი ინტერვიუც აიღო, სადაც ნახევარმცველმა ადამსი გააკრიტიკა, თუმცა, როგორც გაირკვა არხის შეფებმა ჯონსის ნალაპარაკები "გაკრიჭეს".

როგორც ჩანს გამეორებებმა აჩვენა, რომ თუნდაც მსუბუქი, მაგრამ კონტაქტი ფერდინანდსა და ადამს შორის, მაინც იყო. სხვათა შორის, ეს არც თავად ფერდინანდმა უარყო, უბრალოდ დასძინა, ისეთი არაფერი მომხდარა, ადამი მოწყვეტილივით რომ დავარდნილიყოო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული