ზემოთ მანჩესტერული კრახი ვახსენეთ. ვენგერი ამ წაგებამ საშინლად დათრგუნა, თუმცა კლუბის ამერიკელ მეწილეს, სტენ კროენკს ამის გამო მისი მხარდაჭერა არ შეუწყვეტია. "სტენ კროენკის სიტყვები რწმენისა და მხარდაჭერის შესანიშნავი მაგალითია, მაგრამ მე რეალისტი გახლავართ. გუნდი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:8-ს აგებს, ვერ იტყვის, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა.
ჩრდილოლონდონურმა კლუბმა, რომელმაც სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი გაყიდა, პრემიერლიგის პირველ ხუთ ტურში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო. გულდაწყვეტილი ვენგერი ნასრის ტრანსფერის თემას დღესაც უბრუნდება და ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც 24 წლის ფრანგი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, გასამრჯელო იყო.
"თუ "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" ტიტულებს შევადარებთ, აშკარად გამოჩნდება, რომ ფეხბურთელი "არსენალიდან" "სიტიში" მათ მოსაპოვებლად არ გადავა. მოთამაშეები "ეტიჰედ სთედიუმზე" იმიტომ მიდიან, რომ იქ გაცილებით მეტს უხდიან" - ამბობს ვენგერი, რომელმაც "მარსელთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე არ დამალა, რომ გასულ ზაფხულს მისი ფეხბურთელების ნახევარი სხვა კლუბში გადასვლას აპირებდა. ფრანგმა სპეციალისტმა განაგრძო:
"ასეთი რთული ზაფხული არასდროს მქონია. ჩემი მოთამაშეების ნახევარი სადღაც გაქცევას აპირებდა. თან ახალი სეზონისთვის მომზადება უნდა დამეგეგმა, თან აზიაში ტურნეზე გავემგზავრეთ, იმავდროულად ფეხბურთელების ერთი ნახევარი სადღაც გარბოდა, მეორე ნახევარი კი გაკვირვებული კითხულობდა, რა ხდება ჩვენს თავს, სტიქიური უბედურება ხომ არ დაგვტეხიაო. წარმოდგენა არ გვქონდა ვინ შემოგვემატებოდა... ეს ნამდვილი საშინელება იყო".
როგორც მოგახსენეთ, წამყვანი ფეხბურთელების გაქცევამ და არეულობამ "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" დიდი ანგარიშით წაგებამდე მიიყვანა. იმ მომენტისთვის ვენგერს მხოლოდ ორი ახალი მოთამაშე ჰყავდა ნაყიდი, ჟერვინიო და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი. დანარჩენი ახალწვეულები "ემირეიტ სთედიუმზე" სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სამი დღით ადრე გამოჩნდნენ: პერ მერტეზაკერი, მიკელ არტეტა, სანტოსი და იოსი ბენაიუნი.
"სეზონი ახალი დაწყებული გახლდათ, მე კი სამ დღეში ოთხი ახალი ფეხბურთელი ვიყიდე. ესეც ძალიან ძნელი გასაძლები გამოდგა. ღამეები მოლაპარაკებებში გაილია, სიტუაცია ყოველ წამს იცვლებოდა, ბევრი რამ გაურკვეველი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა" - უამბო ვენგერმა ფრანგულ რადიო არხს.
"არსენალის" თავკაცმა არც ის დამალა, რომ ძალიან გადაიღალა: "დიახ, პერიოდულად საშინელ დაღლილობას ვგრძნობ. სეზონი რომ მთავრდება, ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ ვისვენებთ, მაგრამ ასე არ არის. სწორედ მაშინ ვიწყებთ დაძაბულ მუშაობას. სიამოვნებით გავიქცეოდი ერთი თვით ტაიტიზე, სადაც დროის შეგრძნებასაც კი დავკარგავდი, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. მუშაობა სისხლში მაქვს გამჯდარი. ეტყობა, წინა ცხოვრებაში ძალიან ზარმაცი კაცი ვიყავი და ბუნება ვალს სტრესული სამსახურით მაბრუნებინებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"