პრემიერლიგა ფეხბურთს მოკლავს

AutoSharing Option
"ვესტ ჰემის" მეპატრონე, დევიდ სალივანი ამბობს, რომ პრემიერლიგის დერეფნებში გაჩენილი იდეა - ამ ლიგიდან გავარდნა გააუქმონ, ინგლისურ ფეხბურთზე გამანადგურებლად იმოქმედებს. "ჩაქუჩების" თანამეპატრონე ამტკიცებს, რომ შეჯიბრების მამოძრავებელი ძალა გავარდნის შიშია. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სწორედ "ვესტ ჰემი" გავარდა პრემიერლიგიდან.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს პრემიერლიგის კლუბებს უცხოელი მეპატრონეები მოეძალენ და სწორედ მათ გაუჩნდათ ტრადიციული სისტემის შეცვლის იდეა. სალივანმა თქვა:

"პრემიერლიგიდან თუ არავინ გავარდა და მას არც ახალი გუნდები შეემატნენ, უკვალოდ გაქრება ის სისტემა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და და რომელსაც წლობით მივეჩვიეთ.

ახლა ცდილობენ
დააკვიდრონ აზრი, რომ პრემიერლიგა ახალი "ბრენდია", თითქოსდა მას ძველ ინგლისურ პირველ ლიგასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ასე არ არის. პრემიერლიგა სწორედაც რომ ის, ძველი ინგლისური პირველი დივიზიონია, რომელსაც, უბრალოდ სახელი გამოუცვალეს. გასაგებია, რომ ამერიკული ფეხბურთის ლიგის მაგვარი ორგანიზაციის ჩამოყალიბება უნდათ, მაგრამ ეს ინგლისში, პრემიერშიფის გარეთ ცხოვრებას გააფუჭებს და საკუთრივ პრემიერშიფსაც ეშხს მოაკლებს".

სალივანი დარწმუნებულია, რომ ტრადიციული სისტემის გადაკეთება ყალბ ფასეულობებს შემოიტანს. ის დაძენს:

"ერთადერთი, ვფიქრობ, სამი გუნდის გავარდნასა და სამის შემოყვანას შეიძლება ორის გავარდნა და ორის შემოყვანა სჯობდეს. ანდა, ვთქვათ, პრემიერლიგის მე-19 გუნდი პირველი დივიზიონის მეორე, მესამე და მეოთხე გუნდებთან პლეი-ოფში ვათამაშოთ".

კიდევ, სალივანის რწმენით, პრემიერლიგიდან გავარდნის გაუქმება ტელეკომპანიებისთვის იქნება ცუდი, რაც კომერციულ მხარეზე იმოქმედებს ცუდად.

"ვფიქრობ, ეს ტელეკომპანია "სქაისაც" დააზარალებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ტელეკომპანიამ გასულ ზაფხულს სუონსიში, ნორვიჩსა და დასავლეთ ლონდონში უამრავი სატელიტური თეფში გაყიდა. თან დააკვირდით, ეს კანონი ათი წლის წინ რომ შემოეღოთ, დღეს "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში ვერ ითამაშებდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული