რა სჭირს ჩეხს?

AutoSharing Option
კიდევ რამდენ ხანს დაიცავს 29 წლის პეტრ ჩეხი „ჩელსის“ კარს? ეს კითხვა „ლურჯების“ 19 წლის მეკარემ გააჩინა - ბელგიელმა ტიბო კურტუამ განაცხადა, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩეხის ჯანმრთელობის ამბავი აეჭვებთ. კურტუამ, რომელიც „ჩელსის“ მადრიდის „ატლეტიკოში“ ჰყავს გაქირავებული, ესპანურ რადიო "ნდა სეროსთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა:

„ვიცი, რომ ჩეხს მუხლები და ზურგი აწუხებს. ლონდონელების მეკარეთა მწვრთნელმა მითხრა, რომ ასეთი ჯანმრთელობით ადამიანმა ფეხბურთი, უმაღლეს დონეზე, შეიძლება დიდხანს ვეღარც ითამაშოს“.

„ჩელსიმ“ გასულ ზაფხულს კურტუას სანაცვლოდ „გენკს“ 9,14 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ არ დაიტოვა - „ატლეტიკოს“
მიაქირავა, რომელსაც დავიდ დე ხეას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაშვების შემდეგ გოლკიპერი სჭირდებოდა. ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში კურტუამ დასძინა:

„ლონდონელებმა ჩემთან დაკავშირებით ასეთი რამ მოიფიქრეს: ორ სეზონს მადრიდში გავატარებ, შემდეგ კი, ერთს ინგლისის რომელიმე გუნდში და მხოლოდ ამის მერე დავბრუნდები „ჩელსიში“. ის ერთი სეზონი, რომელსაც ინგლისსი გავატარებ, პრემიერლიგასთან შეჩვევაში დამეხმარება“.

რასაკვირველია, კურტუას ნათქვამში ისეთი არაფერია, „ჩელსის“ ქომაგები რომ დააფრთხოს. ჩეხს უახლოეს მომავალში არაფერი ემუქრება, მაგრამ მისი და დასავლეთლონდონელთა მომავალი გრძელვადიანი თანამშრომლობის ამბავი კი კითხვისნიშნის ქვეშ დადგა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მუხლის ტკივილის გამო გაუცდა სეზონის დასაწყისში ჩეხს სამი კვირა. „ჩელსიში“ გატარებული შვიდი წლის განმვალობაში გამოცდილ მეკარეს მართლაც ბევრი რამ აქვს გადატანილი. ყველაზე საშინელი ხუთი წლის წინ მიღებული ტრავმა იყო, როდესაც „რედინგის“ სტივენ ჰანტს შეასკდა და თავის ქალა ისე დაიზიანა, რომ მას მერე დამცავი ქუდით თამაშობს. გარდა ამისა, მის მძიმე ტრავმათაგან გამოსაყოფია მხრის ორი და ზურგის ტრავმები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული