დე იონგი: ამიერიდან "სიტი" პირველია

AutoSharing Option
26 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ნაიჯელ დე იონგმა მანჩესტერული დერბის წინ ცეცხლს ნავთი დაასხა - ახლა პირველ ადილზე „სიტია“ და ამ პიზიციის დათმობას არც აპირებსო, მიახალა მეტოქე გუნდის მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს.

ფაქტია: დღეს პრემიერლიგის ცხრილში პირველზე ისტლენდელები არიან, თუმცა, კვირას იქვე, თავიანთ ქალაქში, „ოლდ ტრეფორდზე“ მიდიან, რათა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდთან გაარკვიონ ძლიერისა და სუსტის ამბავი.

დე იონგს სწამს, რომ ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა მანჩესტერულ გუნდებს შორის თანაფარდობა შეიცვალა. „ლურჯებმა“ გასულ სეზონში, უფრო ზუსტად კი აპრილში, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში დაამტკიცეს, რომ
„იუნაიტედი“ მათთვის გადაულახავ ბარიერს აღარ წარმოადგენს. ჰოლანდიელი ბრძოლის ჟინით არის აღსავსე და კვირას, „ოლდ ტრეფორდზე“ წაგება არც კი წარმოუდგენია.

„რად უნდა ლაპარაკი, რომ ჩვენს გუნდში ყველა მოგებაზე ფიქრობს. ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სათამაშოდ მივდივართ, როგორც ლიდერები და მიზნად ცხრილის სათავეში დარჩენა გვაქვს. მთავარია საკუთარი ძალების რწმენა არ შეგვერყას და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, ზუსტად ისე, როგორც ამას სხვა გუნდებთან ვაკეთებთ.

მანჩესტერული დერბი დიდი მატჩია. ფსიქოლოგიური წნეხიც ისევ ისეთია, როგორიც წინა დერბების დროს იყო, თუმცა ერთი განსხვავება მაინც არის - ახლა ჩვენ ვართ ლიდერები. ვინმესთვის რამე თუ გვაქვს დასამტკიცებელი? არა. ჩვენ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს, ამას ყოველ დღე, ყოველ ტურში ვამტკიცებთ.

სხვა საქმეა, რომ კვირას ერთმანეთის პირისპირ ინგლისის ორი უძლიერესი გუნდი წარსდგება და მე, პირადად, ძალიან კარგ თამაშს ველი. გაზაფხულზე, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალის წინაც ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ გამარჯვება „მანჩესტერ იუნაიტედს“ დარჩებოდა, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ. ახლა, ჩემპიონატის შეხვედრაში უნდა მოვიგოთ. სამი ქულა გვჭირდება“.

„სიტიმ“ რვა ტურში მხოლოდ ორი ქული დაკარგა და ცხრილში „იუნაიტედს“ ზუსტად ამდენით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, ისტლენდელებმა სერხიო აგუეროს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მოუგეს, რაც, დე იონგის აზრით გუნდზე დადებითად იმოქმედებს. ის ამბობს:

„ამ მოგებამ, რასაკვირველია, განწყობა აგვიმაღლა. საერთოდ, ნებისმიერი გამარჯვება მომდევნო შეხვედრაში გეხმარება, ხოლო თუ მომდევნო შეხვედრა მანჩესტერული დერბია, ეს კანონი ორმაგად მოქმედებს. ბევრი რამ საკუთარი თავის რწმენაზე იქნება დამოკიდებული. რასაკვირველია, ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეპარება საკუთარ ძალებში ეჭვი. პლუს, ისინი შინ თამაშობენ. ასე რომ, კვირას ორივე გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს“.

„მანჩესტერ სიტიმ“ მაისში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიპოვა. მანამდე ქალაქის „ლურჯ გუნდს“ 35 წლის განმავლობაში არანაირი ჯილდო არ მოეგო. ბედის ირონიით, ზუსტად იმავე დღეს, ქალაქის „წითელმა გუნდმა“, „იუნაიტედმა“, მეცხრამეტედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული და ამ მაჩვენებლით „ლივერპულს“ გადაასწრო. დე იონგს „იუნაიტედის“ მიღწევები მხოლოდ აღაფრთოვანებს და იმედოვნებს, რომ წარმატებათა ეპოქა ახლა „ეტიჰედ სთედიუმზეც“ დადგება.

„ისეთ რაღაცას, რაც „იუნაიტედმა“ 25 წლის განმავლობაში შეძლო ერთ წელიწადში ვერ შექმნი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პროგრესის გზით. რასაკვირველია, როდესაც ბევრ ფულს ხარჯავ და ძლიერ ფეხბურთელებს ყიდულობ, დრო ნაკლები გაქვს - ხალხი მალევე ელის შედეგს, მაგრამ აგურ-აგურ შენების პროცესს მაინც ვერსად წაუხვალ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული