სალომონ კალუ: მათამაშეთ, თორემ წავალ

AutoSharing Option
26 წლის თავდამსხმელმა სპილოს ძვლის ნაპირიდან, სალომონ კალუმ განაცხადა, რომ „ჩელსის“ ერთგული მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება თუ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას მისცემენ.

კალუს კონტრაქტს ვადა ამ სეზონის ბოლოს გაუდის და, ბუნებრივია, დღის წესრიგში ახალი ხელშეკრულების გაფორმება-არ გაფორმების საკითხი დადგა. თუ კალუს „ჩელსიში“ დარჩენიდან არაფერი გამოვა, მაშინ მან იანვარშივე უნდა იპოვნოს ახალი გუნდი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ზაფხულზე თავისუფალი აგენტი გახდება და დასავლეთლონდონელები ვეღარ გაყიდიან - დიდძალ ფულს დაკარგავენ. კოტ დ’ივუარელი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაშიც თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა - „ლურჯებმა“ „გენკს“
5:0 მოუგეს. კალუ მოედანზე 22 წუთით შევიდა და სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ფორვარდმა განაცხადა: „მეც ზუსტად ის მინდა, რაც ყველა დანარჩენ ფეხბურთელს - სათამაშო დრო. როგორ უნდა დახვეწო ოსტატობა, თუკი ყოველ ტურში სათადარიგოთა სკამზე იჯდები? ამიტომაც, თამაში, ოსტატობის ამაღლება და ახალი სიმაღლეების დაპყრობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამისათვის ვიბრძვი“.

„ჩელსიში“ ახალი მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის მისვლის შემდეგ, პრემიერლიგაში, კალუმ პირველ და მეორე შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ ამ ორიდან სასტარტო შემადგენლობაში ერთხელ იყო.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმედი მაქვს, რომ კლუბი თავისთვისაც და ჩემთვისაც საუკეთესო ვარიანტს გამონახავს. ვფიქრობ, კარგ გამოსავალს მივაგნებთ. „ჩელსი“ უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. მეც ჯერ ახალგაზრდა ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ მომავალი მაქვს“ - თქვა კოტ დ’ივუარელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული