სპექტაკლი "ოცნებათა თეატრში"

AutoSharing Option
ჩემპიონატის ცენტრალური მატჩობისა რა მოგახსენოთ, ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომ მანჩესტერული დერბია, ვფიქრობთ, ლაპარაკი არ უნდა. ეს გახლავთ მატჩი, რომელიც მკაფიოდ გამოაჩენს, რამდენად მყარი ნიადაგი აქვს „მანჩესტერ სიტის“ ამბიციებს.

ნაწილობრივ, შესაძლოა პასუხი გაეცეს კითხვასაც: ვინ იქნება ამ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი კონკურენტი, თანაქალაქელი „სიტი“ თუ რომელიმე სხვა გუნდი, მაგალითად, „ჩელსი“.

„სიტისთვის“ ეს შეხვედრა გარდა ფსიქოლოგიური მხარისა, იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ წარმატების შემთხვევაში პირველ ადგილზე დარჩება, რაც მომდევნო ტურების წინ კარგ „სასტარტო მდგომარეობაში“ ჩააყენებს - ერთია, როდესაც ცხრილის
სათავეში დროებით, ერთი კვირით მოხვდები და მეორე, როდესაც პოზიციას შეინარჩუნებ, თან უშუალო კონკურენტის დამარცხების შედეგად.

ჩახედეთ ცხრილს, „სიტიმ“ „ოლდ ტრეფორდზე“ ფრეც რომ ითამაშოს, მაინც პირველ ადგილზე დარჩება. „იუნაიტედთან“ ორქულიან უპირატესობას ხომ შეინარჩუნებს და თუნდაც მოიგოს, ვერც „ჩელსი“ დაეწევა. „ჩელსის“ კი მოსაგები თამაში აქვს: თავისივე უბანში - ორ ნაბიჯში, ამ სიტყვის ლამის პირდაპირი გაგებით - პრემიერლიგაში ახალდაბრუნებულ „ქუინზ პარკ რეუნჯერსს“ სტუმრობს.

მანჩესტერულ დერბიზე ლაპარაკისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ თამაში „იუნაიტედის“ სტადიონზეა, ამ „ოცნებების თეატრად“ წოდებულ სარბიელზე კი მასპინძლები ყოველთვის განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობენ, მითუფრო თუ ძლიერი მოწინააღმდეგე სტუმრობთ.

ისტლენდელთა „შერეკილ“ თავდამსხმელს, ბოლოხანს შესანიშნავ ფორმაში მყოფ, 21 წლის მარიო ბალოტელის სწამს, რომ მანჩესტერლი დერბი მალე მსოფლიოს ყველა დერბის გადაჩრდილავს.

„სულაც არ გამოვრიცხავ, რომ დღეს „სიტისა“ და „იუნაიტედის“ შეხვედრაში უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე „მილანისა“ და „ინტერის“ დერბიში - თქვა ფორვარდმა, რომელმაც წინა ტურში, „ევერტონს“ შესანიშნავი გოლი გაუტანა მაკრატელა დარტყმით - მე რომ სახლში ვიჯდე და ტელევიზორში ასარჩევად მქონდეს საქმე, მანჩესტერული დერბის ნახვას ვამჯობინებდი.

ჯერჯერობით, „ბარსა“ „რეალის“ წინააღმდეგ მაინც ყველაზე დიდი დაპირისპირებაა, მაგრამ მალე მსოფლიოს ყველაზე დიდი „ჯახი“ „იუნაიტედისა“ და „სიტის“ თამაში გახდება“.

ის, რომ მანჩესტერული დერბი სულ უფრო და უფრო მაღალი დონისა ხდება, ამ გუნდებს შორის, „უემბლიზე“ გამართულმა ბოლო ორმა თამაშმა დაამტკიცა - პირველი, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალი „სიტიმ“ მოიგო, ხოლო მეორე, „ქომუნითი შილდისა“ „იუნაიტედმა“.

განსაკუთრებული დრამატიზმით ბოლო მატჩი გამოირჩეოდა - ისტლენდელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ „იუნაიტედმა“ ძალ-ღონე მოიკრიბა და 3:2 გაიმარჯვა. თუმცა, ბალოტელისთვის, შესაძლოა პირველი მატჩი უფრო დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ჯერ ერთი, რომ მისმა გუნდმა გაიმარჯვა, მეორე კი... ის „იუნაიტედის“ ვეტერან რიო ფერდინანს ეჩხუბა.

„მას მერე ფერდინანდს არ დავლაპარაკებივარ, მაგრამ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იმ დღეს გამარჯვებით გახარებულმა „სიტის“ მაისურა ვაჩვენე, ის კი გაბრაზდა. ჩემთვის, ის, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება. მას მერე ჩვენ მეგობრებად ვრჩებით... ნუ, მეგობრებად თუ არა, ერთმანეთს პატივს ნამდვილად ვცემთ.

ის დიდი ფეხბურთელია და მე მას მატჩის წინ, ისევე, როგორც „იუნაიტედის“ ყველა სხვა ფეხბურთელს, ხელს ჩამოვართმევ“.

დაბოლოს, რას ფიქრობს ბალოტელი სატურნირო მდგომარეობასა და გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობაზე:

„მე ოთხი წელიწადი „ინტერის“ ფეხბურთელი ვიყავი და ლიდერობას ვარ დაჩვეული. გასულ სეზონში, პრემიერლიგაში ჩვენ მეორე ადგილზე (უფრო სწორედ, „ჩელსიმ“ და „სიტიმ“ ქულათა თანაბარი რაოდენიბა დააგროვა, ხოლო გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობის გამო მეორეზე „ჩელსი“ იყო) გავედით. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა. მეორეობა ჩემი საქმე არ არის. ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა პირველობაა“.

ზემოთ „ჩელსი“ ვახსენეთ. შეგახსებთ, რომ ორი ტურის წინ „ლურჯების“ პორტუგალიელმა თავკაცმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ მის გუნდს ცხრილში მდგომარეობის გაუმჯობესების დიდებული შანსი აქვს და ამის მიზეზად „მანჩესტერ იუნაიტედის“ კალენდარი დაასახელა.

„იუნაიტედს“ წინა ტურში ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ ჰქონდა თამაში, რომელიც 1:1 დამთავრდა (ანუ ინგლისის ჩემპიონმა ორი ქულა დაკარგა), ხვალ კი, როგორც მოგახსენეთ, მანჩესტერული დერბია, რითაც ვილაშ-ბოაში სარგებლობას აპირებს. რამდენიმე დღის წინ, „ლურჯებმა“ ჩემპიონთა ლიგაში ბელგიური „გენკი“ გაანადგურეს - 5:0 გაიმარჯვეს. ახალგაზრდა პორტუგალიელმა მწვრთნელმა იმ შეხვედრაში ჯონ ტერი და დიდიე დროგბა დაასვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პრემიერლიგაში, უბნელების წინააღმდეგ ათამაშებს.

ისე, „ქუინზ პარკ რეინჯერსს“, ჯერჯერობით, ლონდონურ დერბიში არ უმართლებს. დასავლეთ ლონდონში, სადაც „რეინჯერსი“ და „ჩელსი“ ბინადრობენ, კიდევ ერთ გუნდს აქვს ბინა. ეს გუნდი „ფულჰემია“, რომელმაც 2 ოქტომბერს უკვე უმასპინძლა „ქუინზ პარკს“ და... 6:0 მოუგო.
ასეთ ანგარიშს, რასაკვირველია, ვერავინ ვერავის ჰპირდება, მაგრამ „ჩელსის“ ფანები გამარჯვებას ელიან.

ცხრილში შემდეგი გუნდი „ნიუკასლი“ გახლავთ, რომლისგანაც ასეთ კარგ სტარტს არავინ ელოდა. „კაჭკაჭები“ ცუდ დღესა და ცხრილის ქვედა ნაწილში ჩავარდნილ „უიგანს“ მასპინძლობენ. ინგლისური გაზეთები გაოცებით წერენ, რომ მას მერე, რაც „ნიუკასლმა“ მწვრთნელი, კრის ჰაფტონი ალან პერდიუთი შეცვალა, საუკეთესო თავდამსხმელი, ენდი ქეროლი და მცველი, ხოსე ენრიკე „ლივერპულს“ მიჰყიდა, გამორჩეული ნახევარმცველი, ჯოი ბერტონი კი „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გაუშვა, საუცხოოდ ათამაშდა. ფეხბურთისას რას გაიგებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, წესითა და რიგით, დღეს „ნიუკასლმა“ მორიგი გამარჯვება უნდა მოიპოვოს.

თუ ასე მოხდება, „ლივერპულმა“ „ნორვიჩს“ რომც მოუგოს, მეოთხე ადგილზე მაინც ვერ გადავა, მაგრამ, ეს მერსისაიდელთა განწყობას, რასაკვირველია, ვერ შეცვლის - კენი დალგლიშის გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წინა ტურში კინაღამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოუგო. მართალია, კინაღამ არ ითლება, მაგრამ...

თუმცა, „ნორვიჩი“ დანებებას არ აპირებს. აი, რას ამბობს ნახევარმცველი ენტონი პილკინგტონი: „ჩვენ ბევრ შეხვედრაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და მათ რიცხვში უნდა იყოს ისეთი შეხვედრები, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე ძლიერი გუნდი იქნება. ეჭვი არ გვეპარება, რომ „ნორვიჩ სიტის“ ძლიერების გამწარების ძალა შესწევს“.

„ტოტენჰემი“ ბლექბერნში მიდის და... ერთხელაც ჩახედეთ ცხრილს. ხომ ხედავთ, სადაც არიან რივერსაიდელები? ისინი მდგომარეობის გამოსასწორებლად გამწარებულები იბრძოლებენ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ „დეზებს“ მართლა მაღალი მიზნები აქვთ, უნდა მოიგონ.

პრემიერლიგა. IX ტური
დღეს
ვულვერჰემპტონი-სუონსი 15:45
ტრავმა: ბიტი, ოგუსტეინი, კოლკერი, ტაიტი, ბოდე (ყველა სუონსი)

ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ტრავმა: დელფუენსო, ჯონასი, ლიჩაი (ყველა ასტონ ვილა)

ბოლტონი-სანდერლენდი 18:00
ტრავმა: მირსი, ლი, ჰოლდენი, შ. დევისი, რიკეტსი - გორდონი, კემპბელი

ნიუკასლი-უიგანი 18:00
ტრავმა: დონალდსონი, სმიტი, ვუჩკიჩი, უილიამსონი (ყველა ნიუკასლი)

ლივერპული-ნორვიჩი 20:30
ტრავმა: ვუგანი, უიტბრედი, აიალა, უორდი (ყველა ნორვიჩი)
დისკვალიფიკაცია: ლუკას ლეივა (ლივერპული)

ხვალ:
არსენალი-სტოკი 16:30
ტრავმა: გიბსი, სანია, ვერმაელენი, უილშირი, დიაბი - დიაო, უილკინსონი

ფულჰემი-ევერტონი 16:30
ტრავმა: მერფი, რუისი, სენდეროსი, ს. დევისი - ჰეიტინგა, ენიჩიბე

მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 16:30
ტრავმა: ლინდეგაარდი, გიბსონი, კლევერლი, ბებე (ყველა იუნაიტედი)

ბლექბერნი-ტოტენჰემი 18:00
ტრავმა: კინგი, კრანჩარი, ჩორკუკა, ლენონი, სანდრო, გალასი, ჰადლსტოუნი, დოუსონი (ყველა ტოტენჰემი)
დისკვალიფიკაცია: ლევერტი (ბლექბერნი)

ქუინზ პარკი-ჩელსი 19:00
ტრავმა: კემპბელი, გებიდონი, ჰალსი, დაიერი - რამირესი, ილარიო, ესიენი
დისკვალიფიკაცია: ტორესი (ჩელსი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 8 7 1 0 27-6 22
2. იუნაიტედი 8 6 2 0 25-6 20
3. ჩელსი 8 6 1 1 20-9 19
4. ნიუკასლი 8 4 4 0 11-6 16
5. ლივერპული 8 4 2 2 11-9 14
6. ტოტენჰემი 7 4 1 2 13-12 13
7. სტოკი 8 3 3 2 6-8 12
8. ასტონ ვილა 8 2 5 1 10-9 11
9. ნორვიჩი 8 3 2 3 10-11 11
10. არსენალი 8 3 1 4 12-17 10
11. ქუინზ პარკი 8 2 3 3 6-14 9
12. ვესტ ბრომვიჩი 8 2 2 4 7-10 8
13. სუონსი 8 2 2 4 7-12 8
14. ფულჰემი 8 1 4 3 10-9 7
15. ევერტონი 7 2 1 4 7-11 7
16. ვულვზი 8 2 1 5 6-12 7
17. სანდერლენდი 8 1 3 4 10-10 6
18. ბოლტონი 8 2 0 6 12-22 6
19. უიგანი 8 1 2 5 6-14 5
20. ბლექბერნი 8 1 2 5 9-18 5 

ბომბარდირები:
9 - რუნი (მანჩესტერი); 8 - აგუერო (სიტი); 6 - ჯეკო (სიტი); 5 - ბა (ნიუკასლი), ვან პერსი (არსენალი); 4 - აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ლემპარდი (ჩელსი), სტარიჯი (ჩელსი), სუარესი (ლივერპული); 3 - ადებაიორი (ტოტენჰემი), ბალოტელი (მანჩესტერ სიტი), ბესტი (ნიუკასლი), დეფო (ტოტენჰემი), დი სანტო (უიგანი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჯონსონი (ფულჰემი), კლასნიჩი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული