ბალოტელი და მსოფლიო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ "იუნაიტედის" 6:1 დამარცხების შემდეგ გამოაცხადა, რომ ამ შეხვედრაში ორი გოლის ავტორი, 21 წლის მარიო ბალოტელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. საინტერესო დამთხვევაა: მანჩესტერული დერბი მანჩინისთვის "სიტის" თავკაცის რანგში მეასე იყო.

რაც შეეხება ბალოტელის, მან მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და... ექვსი გოლი გაიტანა.

მოგეხსენებათ, დერბის წინა დღეს ბალოტელი, როგორც "შექანებული" კვლავ გაზეთებში მოხვდა. მან საკუთარი სააბაზანოდან ოთახში ფოიერვერკის მაშხალები შეყარა და როდესაც დიდი ტკაცუნი ატყდა, საშინლად შეეშინდა. ბალოტელის სახანძრომ უშველა. "სიტის" მწვრთნელს ჟურნალისტებმა მის
საუკეთესო თავდამსხმელობასთან ერთად ამის შესახებაც ჰკითხეს. მანჩინიმ თქვა:

"რა მოხდა მაშხალებთან დაკავშირებით, არ ვიცი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარიო და მისი მეგობარი ამ ინციდენტის დროს არ დაზიანდნენ. რაც შეეხება დერბის, მარიოს ის ამბავი საერთოდ არ დასტყობია. თუ თქვენ მასზე, როგორც ფეხბურთელზე ლაპარაკი დაგაინტერესებთ, გეტყვით, რომ მე მას მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შევიყვანდი.

ბალოტელის მთავარი პრობლემა მისი ასაკია. ის ახალგაზრდაა და ამის გამო ცხოვრებისეული შეცდომები მოსდის, თუმცა, როგორც ფეხბურთელი შეუდარებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც მარიო დაღვინდება. ეს მისი ფეხბურთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამის შემდეგ ის შეძლებს იმ დონეზე თამაშს მესი და რონალდო რომ თამაშობენ".

მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურედღება, რომ პირველი გოლის გატანის შემდეგ ბალოტელიმ "სიტის" მაისურა აიწია და გამოაჩინა შიდა მაისურზე წარწერილი: ჭჰყ ალწაყს მე? ¬ქართულად ეს ნიშნავს: "ყოველთვის მე რატომ?"

მანჩინიმ ამაზე ასე ბრძანა: "მე მისი მაისურა არ დამინახავს, მაგრამ ასეთი საქციელი მის ბუნებაშია. მგონი, მოსწონს ასე რომ იქცევა, ფანებს თავს გიჟად რომ აჩვენებს. მე, პირადად, მირჩევნია, შემდეგზე მაისურა აღარ აიწიოს და გოლი ჩვეულებრივად იზეიმოს. საერთოდ კი მარიო საუცხოო ბიჭია, მე ის ძალიან მიყვარს".

მანჩინიმ ბალოტელი მოედნიდან 70-ე წუთზე გაიყვანა. ამას ერთადერთი ახსნა აქვს: გაუწონასწორებელი ბალო მეორე ყვითლისგან დააზღვია. მატჩის შემდეგ აფრო-იტალიელი "სიტის" ფანების ოვაციის ობიექტი გახდა. მანჩინი:

"ძალიან კმაყოფილი ვარ "იუნაიტედი" სტუმრად რომ დავამარცხეთ. მეეჭვება ასეთი რამ ბევრმა გუნდმა შეძლოს. "იუნაიტედის" მონაწილეობით ბოლო სამი თუ ოთხი თამაში ვნახე და ყურადღება მივაქციე, რომ ეს გუნდი მეტოქეს მის კართან სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას აძლევს ხოლმე, თუმცა ექვსი გოლის გატანას არ ველოდი. 6:1 მნიშვნელოვანია "სიტის" ფანებისთვის და, ალბათ, ცხრილში გატანილი და გაშვებულის გოლების სხვაობისთვის. ჩემთვის მთავარი, რასაკვირველია, გოლების რაოდენობა არ ყოფილა, სამი ქულა იყო.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მხოლოდ ერთი თამაში იყო. ამ მოგების მიუხედავად მიმაჩნია, რომ "იუნაიტედი" ჩვენზე მთელი თავით წინ არის და ამის გამოსწორება ერთადერთი რამით, ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით შეიძლება. ჩემპიონები რომ გავხდებით, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩვენზე ძლიერი გუნდია".

"მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა კი, გარდა იმისა, რაც თამაშის მიმოხილვაში მოგახსენეთ - ასე საშინლად ცხოვრებაში არ წამიგიაო - ბრძანა:

"ჩვენ ამ შოკს დავძლევთ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია ცხოვრების თავიდან დაწყებისგან შედგება. იანვრისთვის თქვენს წინაშე ისევ ძველებური "იუნაიტედი" წარსდგება. ჩვენ, ტრადიციულად, სეზონის მსვლელობისას ვუმატებთ და მეორე ნახევარში განსაკუთრებითკარგად ვთამაშობთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ახლაც იგივე მოხდება. გამოსაფხიზლებლად ეს ჩინებული ანგარიშია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული