ტერი ვენეიბლზის აზრით

AutoSharing Option
გთავაზობთ ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ტერი ვენეიბლზის მიერ შემოთავაზებულ მანჩესტერული დერბის ანალიზს:

რატომ გაიმარჯვა "სიტიმ" ასე დამაჯერებლად?

იმიტომ, რომ "სიტის" არ შეეშინდა ძლიერ მოწინააღმდეგესთან, მის მოედანზე, შემტევი შემადგენლობის გაყვანა და გოლის გატანაზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში. სტუმრებმა ითამაშეს ლაღად, რასაც "ოლდ ტრეფორდზე" ჩასული გუნდების უმეტესობა არ აკეთებს. "სიტის" თამაში, ამ დღეს, ძალიან ჰგავდა ესპანეთის ნაკრების თამაშს, თუმცა მწვავე შეტევებთან ერთად ისტლენდელები დაცვაში იდგნენ მტკიცედ. განსაკუთრებით ვენსან კომპანი გამოირჩეოდა.

"იუნაიტედი" პირველი 15-20 წუთის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ როგორც კი "სიტიმ" გოლი გაიტანა,
ყველაფერი შეიცვალა. გულსატკენი იყო მასპინძლებს მეორე ტაიმის უდიდესი ნაწილი ათი კაცით რომ მოუხდათ თამაში, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ მათ აჯობეს.

ვინ იყო მატჩის გმირი?
დავიდ სილვა. კაფანდარა ესპანელი "სიტის" შეტევათა სული და გული იყო. მან ამ დღეს კიდევ უფრო დიდი ავტორიტეტი შეიძინა. "იუნაიტედმა" სილვას წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ის იმდენად თავდაჯერებული და შთაგონებული იყო, რომ კაცს გაუჩნდებოდა კითხვა: რატომ არ ყიდულობენ პრემიერლიგის სხვა კლუბები ესპანელ ფეხბურთელებს?

კიდევ რამ განაპირობა "სიტის" გამარჯვება?
როგორც ვთქვით, "სიტი" შეტევაში გაბედულად თამაშობდა, მაგრამ მისმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ნახევარდაცვაში მუხლჩაუხრელად მომუშავე ფეხბურთელების ტრიოს დაეყრდნო. მე იაია ტურეს, ჯეიმს მილნერსა და გარეთ ბერის ვგულისხმობ. თამაშის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ "იუნაიტედის" თავდამსხმელები ეშლი იანგისა და ნანის დახმარებას უკვე მოკლებულნი იყვნენ. მეორე მხრივ, ამ ტრიოს მიერ ზურგგამაგრებული სილვა მასპინძელთა დაცვას არბევდა.

"იუნაიტედს" რაღა სჭირდა?
"იუნაიტედს" გამთამაშებლები აკლდა. მასპინძელთა ნახევარდაცის შუა ნაწილი ჩამშლელებით იყო დაკომპლექტებული. ისინი დავიდ სილვას და "სიტის" სხვა შემტევების გაჩერებაზე ხარჯავდნენ ძალებს, ფრთის ხალხი კი მოწყვეტილი დარჩა. იქნებ ფერგის უფრო შემტევი შემადგენლობის გაყვანა მართებდა, მაგრამ ძნელია გააკრიტიკო მწვრთნელი და მოთამაშეები, რომლებიც აქამდე დიდებულ შედეგებს აღწევდნენ და ეჭვი არ არის, მომავალშიც საუცხოო შედეგებს მიაღწევენ.

ვინ გახდება ჩემპიონი?
ვიღაც ახლავე იტყვის, რომ ჩემპიონი "სიტი" გახდება. მართლაც, ისტლენდზე შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. აქ ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორიც, მაგალითად, სერხიო აგუეროა, მაგრამ დღის წესრიგში ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: "სიტი" დღევანდელმა წარმატებებმა არ უნდა გაიტაცოს და ფეხბურთელებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ თავი ქუდში აქვთ. ფერგის ხალხმა იცის, რას ნიშნავს ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ისიც კარგად იცის, რომ ახლა ძალების მოსაკრებად დრო დასჭირდება. მხოლოდ სულელი ჩამოსწერს "მანჩესტერ იუნაიტედს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული