ვენგერი: "ბირმინგემთან" წაგებას ვერასდროს დავივიწყებ

AutoSharing Option
"არსენალის" თავკაცმა, არსენ ვენგერმა აღიარა, რომ ვერასდროს დაივიწყებს გასულ სეზონში, "ქარლინგის თასის" ფინალში "ბირმინგემ სიტისთან" დამარცხებას, რომელმაც ჩრდილოლონდონურ კლუბსა და პირადად მას ცხოვრება ყირაზე დაუყენა.

გახსოვთ, როგორ დამარცხდა "მეთოფეთა" გუნდი? ბოლო წამს ვოიცეხ შჩესნისა და ლორან კოშელნის კომიკურმა ურთიერთგაუგებრობამ ობაფემი მარტინსს უმარტივესი გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა.

ამ მარცხის შემდეგ "არსენალი", რომელიც მანამდე ერთ სეზონში ოთხივე ტიტულის მოპოვებას აპირებდა, ხახამშრალი და მორალურად წამხდარი დარჩა. პრემიერლიგაში, ვენგერის გუნდმა, ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ სამი მოიგო...

ფრანგი მწვრთნელი ამბობს: "დიახ, ეს წაგება მთელი ცხოვრება
დამამახსოვრდება, რადგან ადამიანები გაწბილებას ვერ ვივიწყებთ. რას იზამ, მწვრთნელის ცხოვრება მარტო წარმატებებისგან ხომ არ შედგება. დღეს ხალხს აღარ ახსოვს როგორ იბრძოლა "არსენალმა" "ქარლინგის თასის" ფინალში გასასვლელად და ამ შეჯიბრების განმავლობაში რა კარგი ფეხბურთი აჩვენა. დღეს ყველას "ბირმინგემთან" წაგებული ფინალი ახსოვს".

გასული სეზონის ამბავი ვენგერმა "ბოლტონთან" "ქარლინგის თასის" ახალი გათამაშების გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით გაიხსენა. გუშინდელი მატჩი გახლდათ ბრძოლა მეოთხედფინალში გასვლისათვის.

ბოლო დროს ვენგერი გუნდის ახალ კაპიტანს, ჰოლანდიელ ფორვარდს, 28 წლის რობინ ვან პერსის სათადარიგოთა სკამზე სვამს და თამაშში მერეღა შეჰყავს. თავდამსხმელი ამბობს, რომ ის ამაზე არ ბრაზდება. ვარსკვლავი, რომელმაც 2011 წლის განმავლობაში 36 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა "მეთოფეთა" თილისმად იქცა და მწვრთნელსაც ეშინია, რომ ამდენი თამაშოსგან არ გადაიწვას.

"ბოლო შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა გულს სრულებით არ მტკენს - ამბობს ვან პერსი - მე და მწვრთნელმა ამ საკითხზე ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე ჩემი დასვენება სწორი გადაწყვეტილებაა. ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ 90 წუთი ვითამაშე. იმედი მაქვს, რომ დასვენება ძალიან წამეხმარება.

კმაყოფილი ვარ იმით თუ როგორ მიდის საქმეები, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესებაც შეიძლება. მე სხვა სტილის ფორვარდი გახლავართ. დიდიე დროგბასა და ფერნანდო ტორესისგან განსხვავებით ჩემი საქმე მარტო გოლის გატანა არ არის, თუმცა, რასაკვირველია, თავდამსხმელისთვის მთავარი მეტოქის კარში ბურთის შეგდებაა".

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში, "სტოკ სიტის" წინააღმდეგ თამაშში ვან პერსი მოგვიანებით ჩაერთო, მაგრამ მაინც გაიტანა ორი გოლი - "არსენალმა" 3:1 მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული