ტერის პრობლემები უგროვდება

AutoSharing Option
"ჩელსის" 30 წლის კაპიტან ჯონ ტერის მოედანს მიღმა სერიოზული ბრძოლა ელის. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია იძულებულია ოფიციალურად განიხილოს მის მიერ "ქუინზ პარკ რეინჯერსის" 26 წლის მოთამაშის, ანტონ ფერდინანდის რასისტულად შეურაცხყოფის საქმე.

მოგეხსენებათ, თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ტერისა და ფერდინანდის ინციდენტი აღარ უნდა გამწვავებულიყო, მაგრამ, "რეინჯერსის" ფეხბურთელმა თავის წარმომადგენელთან და მწვრთნელთან, ნილ უორნოკთან ითათბირა და ასოციაციაში მაინც აღძრა საქმე.

როგორც ცნობილია, ვიდეოჩანაწერზე კარგად ჩანს, რომ ტერი ფერდინანდს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნება, თუმცა, "ლურჯების" კაპიტანი კატეგორიულად აცხადებს, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და მოწმედ თანაგუნდელი,
ეშლი კოული მოჰყავს.

მიიღო რა "რეინჯერსისგან" საჩივარი, ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ ამიერიდან სერიოზულ გამოძიებას შეუდგება, ოღონდ, ჯერჯერობით სხვა კომენტარებისგან თავს შეიკავებს.

ამ ისტორიამ ასოციაცია მეტად უხერხულ დღეში ჩააგდო. გამოდის, რომ ნაკრების კაპიტნად დანიშნული ჰყავს კაცი, რომელსაც რასიზმში სდებენ ბრალს. ამბობენ, რომ შესაძლოა ტერის კაპიტნობა კიდევ ერთხელ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ: გეხსომებათ, რომ "ჩელსის" მცველი 2010 წლის თებერვალში ერთხელ უკვე მოხსნეს ეროვნული გუნდის კაპიტნობიდან. მაშინ მიზეზი თანაგუნდელის, უეინ ბრიჯის მეუღლესთან რომანი იყო.

რომ შეიტყო, ასოციაცია გამოძიებას აპირებსო, ტერიმაც გაავრცელა განცხადება: "ასოციაციის გამოძიებას მივესალმები და ველოდები, რომ მისი დახმარებით ცილისწამების გამო შებღალულ რეპუტაციას აღვიდგენ. მანამდე კი ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული