ფერგის გაფრთხილება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ფეხბურთელებს, რომელთაც კვირას "მანჩესტერ სიტისთან" 6:1 წააგეს, მიანიშნა, რომ მათ კისერში სარეზერვო გუნდის ბიჭები სუნთქავენ და ნებისმიერ წამს მზად არიან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიკავონ.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა "ქარლინგის თასზე" მეორე ლიგის "ოლდერშოტთან" სრულიად შეცვლილი შემადგენლობა ათამაშა და 3:0 გაიმარჯვა. გოლები გაიტანეს დიმიტარ ბერბატოვმა, მაიკლ ოუენმა და ანტონიო ვალენსიამ. ამ გამარჯვების წყალობით ინგლისის ჩემპიონი შეჯიბრების მეოთხედფინალში გავიდა.

"ოლდერშოტთან" შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ახლა სარეზერვო გუნდის ბიჭები არიან კარგ ფორმაში. იყოჩაღა ტომ კლევერლიმ, რომელსაც ფერგი, ალბათ, ამ
უქმეებზე, "ევერტონთან" შეხვედრაში დაეყრდნობა. ფერგიუსონმა თქვა:

"ეს ბიჭები სულ "მუჯლუგუნებს მკრავენ" და თავსატეხს მიჩენენ. ძალიან ძნელია, როდესაც ამდენი კარგი ფეხბურთელი გყავს. თითოეულ მათგანს პრაქტიკა სჭირდება და სწორედ ამიტომ ვათამაშე "ქარლინგის თასზე" განსხვავებული შემადგენლობა. მაიკლ ოუენს, მაგალითად, ყოველ შეხვედრაში გოლი გააქვს. მას საოცარი შედეგი აქვს და ამას ვერავინ უარყოფს. დიმიტარ ბერბატოვმა "ოლდერშოტთან" საუცხოო გოლი გაიტანა. ძალიან გამიხარდა ტომ კლევერლი რომ დაგვიბრუნდა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია".

გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე თავისი აზრი თქვა 2001 წლის "ოქროს ბურთის" ლაურეატმა, 31 წლის ოუენმაც:

"ალბათ, ხვდებით, რომ მანჩესტერულ დერბიში წაგების შემდეგ გასახდელში ხუმრობა და მხიარულება ძალიან შემცირდა. ხანდახან ადამიანს კბილებში უნდა მოხვდეს, რომ გამოფხიზლდეს და სწორი გზით განაგრძოს სვლა. ჩვენ ძლიერად მოგვხვდა. გასული კვირის შედეგის გამო ერთგვარი ზეწოლის ქვეშ ვართ.

ამიტომაც, ძალიან გვინდოდა "ქარლინგის თასზე" მოგებით განწყობა გამოგვეკეთებინა. მართალია, იმ ბიჭებიდან, რომლებმაც "ოლდერშოტთან" ვითამაშეთ მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობა არც ერთს არ მიგვიღია, მაგრამ "იუნაიტედის" სახელი და პრესტიჟი გვავალდებულებდა, რომ კარგად გვეთამაშა და რეპუტაცია გამოგვესწორებინა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული