ახლა, ნაციზმიო...

AutoSharing Option
„არსენალის“ ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა, რობინ ვან პერსიმ „ჩელსის“ კარში გოლის გატანა ნაცისტური ჟესტით აღნიშნაო, დაიწერა ინგლისურ პრესაში.

ვან პერსიმ, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა, თქვა: „ჩემი ჟესტი სიხარულის გამოხატვა იყო და მეტი არაფერი. მე უბრალოდ ვიზეიმე და ამ ჟესტში რაიმე ქვენა აზრის ძებნა უბრალოდ სასაცილოა და მეტი არაფერი“.

28 წლის ჰოლანდიელს მეორე გოლის შემდეგ აღმართული ხელის გამო ინტერნეტშიც შეუტიეს. მან ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა:

„მე ამას პირიქით ვუყურებ. ჩემი ჟესტი კი არ არის ვინმეს შეურაცხყოფა, არამედ იმის ვარაუდი, რომ ის რამეს
ნიშნავდა ჩემი შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი“.

„ჩელსისთან“ გამარჯვებას სხვანაირად იგონებს „მეთოფეთა“ კარის მცველი ვოიცეხ შჩესნი. 21 წლის პოლონელი კმაყოფილია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც საჯარიმოს კიდესთან „ლურჯების“ მცველ ეშლი კოულს ხელი გამოსდო, მსაჯმა წითელი ბარათი არ აუფრიალა.

შჩესნი ყვითელი ბარათით გამოძვრა და თამაშის შემდეგ „ტვიტერში“ დაწერა: „წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დამტოვა არბიტრმა მოედანზე“.

საინტერესოდ დაწერა ამ შეხვედრის შესახებ „სანმა“. ეს იყო თამაში, რომელშიც ორივე გუნდი უტევდა, როგორც ჩემპიონი და თავს იცავდა, როგორც ლუდხანის კლიენტების ნაკრებიო. თუმცა, „არსენალის“ მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ასეთ შეხვედრაშიც კი გამონახა თავისი მცველის შექების შესაძლებლობა:

„ლორან კოშელნი უმაღლესი დონის ცენტრალური მცველია. მას ზურგს არანაირი გამოცდილება არ უმაგრებს. სანამ ჩვენთან გადმოვიდოდა, საფრანგეთის პირველობაზე ერთადერთი სეზონი ჩაატარა, ახლა კი ჩვენთან მეორე ჩემპიონატში მონაწილეობს და დღითიდღე იზრდება. გარდა იმისა, რომ „ჩელსისთან“ ითამაშა შესანიშნავად, წინა ტურში „სტოკთანაც“ შესანიშნავი იყო. კოშელნის ძლიერი მცველისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს. ერთადერთი, რაც მას მინუსად შეიძლება ჩავუთვალოთ ზომაა, ის დაბალია, მაგრამ ის მკვირცხლია და თამაშს კარგად კითხულობს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული