ერთი შეხედვით, "ბარსასა" და "არსენალს" როგორც ბიზნეს-ორგანიზაციებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ევროპული ფეხბურთის საბუღალტრო ფირმის "დელოიტის" ბოლო მონაცემებით, მდიდარ კლუბთა ჩამონათვალში "ბარსელონა" მეორე ადგილზეა, ხოლო "არსენალი" მეოთხეზე. ამერიკული ბიზნეს-ჟურნალი "ფორბსი" ოდნავ სხვა მონაცემებს აქვეყნებს, მაგრამ პრინციპული განსხვავება მაინც არ არის: "არსენალი" მესამეა, "ბარსელონა" კი მეოთხე. თუმცა, უფრო ღრმა დაკვირვებას მაინც აქვს აზრი - რამდენიმე პრინციპული საკითხი გამოჩნდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ "არსენალმა" ბოლო წლები ახალი სტადიონის ვალის გასტუმრებაში გაატარა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით კლუბმა დიდი კრედიტი გამოიტანა და შესაბამისად, მწვრთნელის არსენ ვენგერის სატრანსფერო შესაძლებლობები შემოსაზღვრა. იქნებ სწორედ ამის ბრალი გახლდათ ის, რომ "მეთოფეებს" აგერ უკვე ხუთი წელიწადია ჯილდო ვეღარ მოუგიათ?! ამას დაამატეთ ისიც, რომ კლუბი ვალის გასტუმრებას ჩქარობს, რადგან ცდილობს გადაუხდელობასთან დაკავშირებული ჯარიმებითა და სხვა საკონტრაქტო ვალდებულებებით თავი არ დაიმძიმოს. და ასეთ მდგომარეობაში არსენ ვენგერი ახერხებს გუნდი ყოველწლიურად მაღალ დონეზე ათამაშოს, რაც ამტკიცებს, რომ ის შესაძლოა საუკეთესოთა შორის საუკეთესო მწვრთნელიც არის. სანამ კლუბის დირექტორატი ინფრასტრუქტურას ანვითარებს, ვენგერი ძლიერ გუნდს ინარჩუნებს და ყველაფერმა ერთად უახლოეს წლებში შესაძლოა დიდი შედეგი მოიტანოს.
ამასობაში, "ბარსელონას" მოედანზე უდიდესი წარმატებები აქვს და ეს თავის მხრივ უდიდესსავე შემოსავალს იძლევა. თუმცა, ამ შემოსავლების კიდევ უფრო გაზრდაც შეიძლება და მეტიც, თვით "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციაც კი არის შესაძლებელი - ეს კლუბის ახალმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა თავისი პირით თქვა. როგორც კი კატალონიელები თავიანთ სპონსორულ და კომერციულ კონტრაქტებს განაახლებენ, მათი შემოსავალი მართლაც მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბი თავად სპონსორობს Uნიცეფ-ს, რაც მაისურზე წარწერითაც აქვს აღნიშნული.
"ბარსელონას" აქვს უდიდესი სატელევიზიო შემოსავალი. ესპანურ პრიმერადივიზიონში ამ "ქერის ორმოთი" კატალონიელთა გარდა მეორე გოლიათი, მადრიდის "რეალიც" სარგებლობს, აი, დანარჩენი გუნდებისა კი რა მოგახსენოთ. საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისური პრემიერლიგისგან განსხვავებით ესპანური "ლა ლიგა" ტელეუფლებეს კოლექტიურად, ყველასთვის თანაბარი სარგებლით არ ყიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" დანარჩენ ესპანურ გუნდებზე გაცილებით მეტი - ამბობენ, რომ ოთხჯერ მეტი - ფული რჩებათ და ამ შემოსავლით ესპანეთის ჩემპიონი "არსენალსაც" აღემატება. კარგია ეს თუ ცუდი? გააჩნია რისთვის. ბევრი ფიქრობს, რომ ზოგადად ესპანური საკლუბო ფეხბურთისთვის ეს მაინც და მაინც კარგი არ არის.
კიდევ, "ბარსელონასა" და "არსენალს" შორის ის განსხვავებაა, რომ ინგლისური გუნდის ვალი გასაგებია, ესპანურის ფინანსური მდგომარეობა კი - ფრიად ბუნდოვანი. კერძოდ, "არსენალს" რომ სტადიონის კრედიტი აქვს დასაფარი, ეს ყველამ იცის. თანხა წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ გირვანქას უდრის, ვადა 2031 წლამდეა - აქ, ყველაფერი დღესავით ნათელია. დიდი ვალია? იმ ბიზნესისთვის, რომელშიც "არსეალი" ტრიალებს, სრულიად ნორმალური და მისაღები. აი, კატალონიაში კი ამ მხრივ გაცილებით ბინდოვნად არის საქმე. სწორედ ამაზე იყო ყველაზე მეტი დავა-კამათი ახლახან ჩატარებული საპტრეზიდენტო არჩევნების წინ, სადაც ხსენებულმა როსელმა გაიმარჯვა. ერთი შეხედვით, ბარსელონელთა ბედს თითქოსდა ძაღლი არ დაჰყეფს - პრეზიდენტმა ჯოან ლაპორტამ თითქოსდა ვალი თითქმის არ დატოვა, მოგება კი იციცხლეთ, მეორე მხრივ კი როსელი ამტკიცებს, რომ ასე სულაც არ არის საქმე. მას სულ სხვა რიცხვები მოჰყავს. გაგიკვირდებათ და ლაპორტასა და როსელის მოტანილ რიცხვებს შორის განსხვავება დაახლოებით 500 მილიონი ევროა. რა გამოდის, ამ ორიდან ერთ-ერთი მატყუარაა, არა?
თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე. ლაპორტა რომ ამბობს ჩემი ვალი მხოლოდ და მხოლოდ 31 მილიონი ევროაო, სახელმწიფო ბანკისა და იმავდროულად "ბარსას" სპონსორის La Caxia-ს ვალს გულისხმობს. და, ვინაიდან, თუკი კატალონიელებს თავიანთი რაიმე თანამედროვე ინსტიტუტი ეამაყებათ, "ბარსა" და La Caxia-ა, ძალიან საეჭვოა ბანკმა დასახელებული ფულის გამო კლუბი დაახრჩოს. როსელი კი "ბარსას" ვალად 506 მილიონ ევროს ასახელებს და ამ თანხაში შეაქვს ყველაფერი, მათ რიცხვში ტიერი ანრისა და ალექსანდრ გლების ტრანსფერის ფულიც, რომელიც განვადებით, ნაწილ-ნაწილ აქვს გადასახდელი. მაგრამ, იმას რასაც როსელი ასახელებს უნდა ვუწოდოთ ვალი? ამბობენ, გააჩნია, რომელ ბუღალტერს ჰკითხავთო. ერთი მხრივ ლაპორტა მართალია, როდესაც ვალად მარტო ბანკიდან გამოტანილ კრედიტს მიიჩნევს - სხვა ყველაფერი მიმდინარე ბიზნეს ხარჯია და მეტი არაფერი. მეორე მხრივ კი ვალია ყველაფერი რაც გადასახდელი გაქვს...
თუმცა, ამ სტატიისთვის უფრო საინტერესოა, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ ყველაფერმა "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკაზე და გაიმეტებს თუ არა კატალონიური კლუბი სესკ ფაბრეგასის ყიდვისათვის საკმარის ფულს.
დავუბრუნდეთ "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებს. ლაპორტამ, რომელიც ესპანეთის ჩემპიონს შვიდი წლის განმავლობაში მართავდა, საკუთარი კანდიდატურა აღარ წამოაყენა, მაგრამ უნდოდა თავის ადგილზე თავისი კაცი ხაუმე ფერერი დაესვა. მიუხედავად ამ შვიდი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისა და გაჩენილი ამბიციებისა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და ამომრჩევლებმა ხმა ლაპორტასთან 2005 წელს "ნაჩხუბარ" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ როსელს მისცეს - ფერერი ბოლო ადგილზე გავიდა. როგორც ჩანს, ამომრჩეველზე ძალიან იმოქმედა ლაპორტას ჩავარდნამ სატრანსფერო პოლიტიკაში, რასაც როსელი მათ დღენიადაგ ჩასჩიჩინებდა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დმიტრო ჩიგრინსკი, მაქსველი, კეირისონი... ეტყობა, ბევრისთვის განახლებული "კამპ ნოუს" იდეაც მომხიბვლელი აღმოჩნდა. და კიდევ... როსელმა პატრიოტულ ნოტებზე ითამაშა - დღევანდელი "ბარსელონა" ეთნიკურ კატალონიელთა გუნდი არ არის, ის კოსმოპოლიტურიაო. და ამიტომაც, ერთადერთი საკითხი, რომელშიც მოქიშპეები ერთმანეთს ეთანხმებოდნენ, კატალონიელი ფეხბურთელის ფაბრეგასის სამშობლოში დაბრუნება გახლდათ.
ბოლო კვირებში ლაპორტასთვის რომ გესმინათ, დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ ფაბრეგასის საქმე უკვე მოკვარახჭინებულია და ფეხბურთელი "ბარსას" წევრად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ საქმე-საქმეზე მიდგა და "არსენალმა" 35 მილიონ ევროზე უარი თქვა. რაც შეეხება როსელ, ის BBC-სთან ინტერვიუში უფრო ფრთხილი იყო:
"უპირველეს ყოვლისა რასაც გავაკეთებ, ის არის, რომ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან და მის ტექნიკურ გუნდთან ერთად დავჯდები და საკითხს დეტალურად შევისწავლი. თუ ეს ხალხი მეტყვის, რომ მათ ფაბრეგასი სჭირდებათ და ამასთან დავინახავ, რომ "ბარსელონასა" და "არსენალს" შორის ამ საკითხზე გარიგება შესაძლებელია, მოლაპარაკებებს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავაგრძელებ. ასე, რომ ფაბრეგასის "ბარსელონაში" თამაშამდე ჯერ კიდევ მრავალი ნაბიჯია გადასადგმელი".
ასე და ამგვარად, შორიდან ისე ჩანს, რომ როსელი ფაბრეგასს მხოლოდ და მხოლოდ ბონუსად აღიქვამს: თუ იქნება კარგია, მაგრამ მასში ზედმეტის გადახდაც არ არის საჭირო. კატალონიაში დავიდ ვილიას გადაბირებით უკვე დიდი საქმე გაკეთდა და თუ მას ფერნანდო ტორესსაც შეუწყვილებენ...
და ფაბრეგასი?
ფაბრეგასმა, რასაკვირველია, მდგომარეობა ყველაზე კარგად იგრძნო და ბოლო, რაც ის იყო, ყველაფერი ვენგერთან ერთად უნდა გადავწყვიტო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მწვრთნელი მირჩევსო. თუ ეს მართლა ასეა, გამოდის, რომ როდის-როდის და ამ ზაფხულს ფაბრეგასი "არსენალიდან" არსადაც არ წავა.
ილია ბაბუნაშვილი