ლივერპული: შურისძიება, მწვრთნელის ძიება და ფულის ძიება

AutoSharing Option

"ლივერპულს" რაფა ბენიტესზე შურისძიება განუზრახავს - გადაუწყვეტია, არგენტინის ნაკრების კაპიტანი ხავიერ მასკერანო ყოფილ მწვრთნელს "ინტერში" კი არ გაატანოს, არამედ "ბარსელონას" მიჰყიდოს. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ფაქტია: იმავე დღეს, როცა მერსისაიდელთა სამწვრთნელო ვაკანსიის დასაკავებლად დიდიე დეშამის კანდიდატურა დასახელდა (ეს კი სიახლე გახლდათ) კლუბის ოფისში კატალონიიდანაც მივიდა ფაქსი - "ბარსა" მასკერანოში 25 მილიონ გირვანქას ანუ 30,35 მილიონ ევროს იხდისო. სხვათა შორის, ესპანეთის ჩემპიონს ამ თანხის ძებნა-სესხება ნამდვილად არ დასჭირდება - "ბარსელონამ" სწორედ ახლახან მიჰყიდა "მანჩესტერ სიტის" იაია ტურე 25 მილიონ ფუნტად.
კატალონიელთა
გააქტიურების ცნობა, რასაკვირველია, ძალიან ეწყინება "ინტერის" ახალ თავკაც ბენიტესს, რომელსაც მასკერანო მოედანზე მარჯვენა ხელად მიაჩნია. სწორედ მან იყიდა არგენტინელი 2008 წელს "ლივერპულისთვის". შეგახსენებთ, რომ მასკერანოსაც კარგა ხანია მერსისაიდიდან წასვლა სურს და ამიტომაც არ მოაწერა კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელი.

ამასობაში, ახლოვდება "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის დანიშვნის დროც. ფავორიტი მაინც "ფულჰემის" ბოსი როი ჰოჯსონია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისისა და გერმანიის მერვედფინალური დაპირისპირების შედეგს ელოდა. მიზეზი - ფაბიო კაპელოს შეცვლის შემთხვევაში ის შესაძლოა ინგლისელთა ახალ მწვრთნელად დაინიშნოს და მაშინ "ლივერპულს" სხვა კანდიდატებს შორის ექნება ასარჩევი.
ამასობაში კი, როგორც მოგახსენეთ, დეშამის გვარიც გაისმა - "ლივერპულის" დირექტორმა კრისტიან პერსლოუმ "მარსელში" დარეკა, რათა გაეგო, რას იტყოდა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი შესაძლო შეთავაზებაზე. პასუხი "მარსელის" პრეზიდენტმა ჟან-კლოდ დასიემ გასცა. მან ბრძანა:

"მე მას ზრდილობიანად ავუხსენი, რომ ჩვენი მწვრთნელის გადაბირების იოტისოდენა შანსიც კი არ აქვს. ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლება. "მარსელოს" ხელმძღვანელებს დიდიესთან ნდობით აღსავსე ურთიერთობა გვაქვს. რასაკვირველია, ის არანაირ ცთუნებას არ აჰყვება, თუმცა როდესაც ადამიანი შეიტყობს, რომ მისი გადაბირებით წამყვანი ევროპული კლუბები დაინტერესდნენ, რასაკვირველია, გული სიამოვნებისგან აუძგერდება".

"ლივერპულის" ამერიკელი მეპატრონეები ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი კი წყალს ამღვრევენ - კლუბი უნდა გავყიდოთო, ახალი კამპანია წამოიწყეს. ისინი ვიღაც აზიელებს დაკავშირებიან და 800 მილიონ გირვანქას კი აღარ სთხოვენ, არამედ 560-ზეც თანახმანი ყოფილან. 560 მილიონი გირვანქა დღევანდელი კურსით 836 მილიონი დოლარია.
ილია ბაბუნაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული