ეს გუნდები ბოლოს 16 წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ, გულშემატკივრების ხულიგნობის გამო შეხვედრა დაწყებიდან 27 წუთში ჩაიშალა.
საგულისხმოა, რომ ორივე ნაკრებს იტალიელი მწვრთნელი ჰყავს: ინგლისს ფაბიო კაპელო, ხოლო ირლანდიას ჯოვანი ტრაპატონი. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატამდე გაავარჯიშებენ. ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა შეფმა, ჯონი დილეინიმ თქვა:
"ვფიქრობ, ამ შეხვედრას მხარეები დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან. განსაკუთრებით ჩვენი ინგლისელი კოლეგები აქტიურობენ. სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყნის ნაკრებს დუბლინში ვიხილავთ".
ტრაპატონიმ აქტიურობასთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად დასძინა:
თუმცა, მხარეები შეთანხმებას საბოლოო ბეჭედს ჯერ მაინც ვერ უსვამენ, რადგან არ იციან, დეკემბერში დანიშნული კენჭისყრა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში მათ ერთად მოახვედრებს თუ არა. თუ ისინი ერთმანეთს აცდებიან, მაშინ თამაშსაც აღარაფერი უდგას წინ. ამასთან, ირლანდიელები ოფიციალურად კიდევ არ გასულან ევრო 2012-ზე, მაგრამ საქმე ფორმალურადღაა აქვთ მოსამთავრებელი.
გასულ პარასკევს პლეი-ოფის პირველ მატჩში ირლანდიელებმა ესტონელებს 4:0 მოუგეს და საეჭვოა საპასუხო შეხვედრაში უფრო დიდი სხვაობით წააგონ.
ახლა, უსაფრთხოებაზეც ვთქვათ. იმ შემთხვევაში თუ ამხანაგური მატჩი დაინიშნება, ირლანდიის მხარეს უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზულად ექნება სამუშაო. 1995 წელს ჩხუბი ხომ ინგლისელმა ფანებმა გამოიწვიეს. სხვა საქმეა, რომ ბოლო 16 წელიწადში ინგლისელების რეპუტაცია საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. 16 წლის წინ კი აი, რა მოხდა:
როდესაც ირლანდიელმა დევიდ კელიმ მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა, ინგლისელმა ფანებმა ტრიბუნაზე სკამების მტვრევა დაიწყეს, რასაც ისეთი აყალ-მაყალი მოაყოლეს, რომ ფეხბურთელები გასახდელში შევიდნენ. მწვრთნელების, ჯეკი ჩარლტონისა და ტერი ვენეიბლზის თხოვნის მიუხედავად თამაში აღარ გაგრძელებულა.
დღეს ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი წარსულში ცნობილი იტალიელი ვარსკვლავი მარკო ტარდელი გახლავთ. მან თქვა:
"ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატის წინ დიდ გუნდთან თამაში ძალიან სასარგებლო იქნება".
არის კიდევ ერთი თეორიული ვარიანტი. გეხსომებათ, აგვისტოში, ლონდონში არეულობების გამო ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებთა შეხვედრა გადაიდო. ეს თამაში, წესით, თებერვალში უნდა ჩატარდეს, მაგრამ შესაძლოა კენჭისყრამ ინგლისი და ჰოლანდია მოახვედროს "ევრო 2012"-ზე ერთ ჯგუფში და მაშინ, "გამოთავისუფლებულ" დღეს, ირლანდიისა და ინგლისის შეხვედრა შეავსებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"