ვინ არის ეს მორისონი?

AutoSharing Option
"ტელეგრაფი" წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ დღეებში თავისი სკოლის აღზრდილს, 18 წლის რაველ მორისონს გამოემშვიდობება.

ნიჭიერი, მაგრამ, უკაცრავად არ ვიყოთ და, ცოტა შერეკილი ფეხბურთელის გადაბირება "ნიუკასლში" ალან პარდიუმ 500 ათას ფუნტად მოისურვა.

"ეშმაკებს" "კაჭკაჭების" წინადადება სასაცილოდ არ ეყოთ. ჩემპიონები მყიდველისგან უფრო მეტ თანხასაც ითხოვენ და პლუს, ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერებიდან სოლიდურ წილსაც. სერ ალექს ფერგიუსონს საქმისთვის წერტილის დასმა ეჩქარება.

მორისონს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და ფიფას კანონების თანახმად მისი სატრანსფერო ფასი სპეციალური წესებით გამოითვლება. თავად რაველს "ოლდ ტრეფორდზე" დარჩენა სურს, მაგრამ
ფერგის ამის გაგონებაც არ უნდა. მიზეზი? მორისონმა მოახერხა და სკანდალებით შოტლანდიელს უკვე თავი მოაბეზრა. მას სხვა გზა, გარდა ახალი კლუბის ძებნისა, არც დარჩენოდა.

რაველ მორისონი სულ რაღაც 18 წლისაა, მაგრამ მწვრთნელების გარდა პრობლემები სამართალდამცავებთანაც ჰქონდა.

შარშან მარტში სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის საქმის მოწმის დაშინებაში და სასჯელად გამოსასწორებელ პროგრამაში ერთწლიანი მონაწილეობა და 1445 ფუნტის ჯარიმა დააკისრა. მაისში ის პოლიციამ მეორედ დააკავა და ბრალად მეგობარი გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა წაუყენა.

ამჯერად ის 600 ფუნტის ჯარიმის გადახდით გამოძვრა სიტუაციიდან. მორისონის ნიჭით აღფრთოვანებულნი არიან უორენ ჯოისი (რეზერვის მთავარი მწვრთნელი) და პოლ მაკგიკანიც (18-წლამდელთა დამრიგებელი), მაგრამ ფეხბურთელთან ორივეს ერთი პრეტენზია აქვს - ვარჯიშებს აცდენს. როგორც ჩანს ალან პარდიუს აქვს იმედი, რომ მორისონს ჭკუაზე მოიყვანს. რაველის ყიდვას შარშან ზაფხულზე "არსენალიც" გეგმავდა, მაგრამ არსენ ვენგერმა მერე განზრახვაზე ხელი აიღო.

დაბოლოს, გაცნობებთ, რომ "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი "იუნაიტედიდან" დარენ გინსონის გადაბირებას გეგმავს. ამ მიზნით შოტლანდიელი იმ ფულის დახარჯვას აპირებს, რომელიც მან მიკელ არტეტას გაყიდვით მიიღო. 24 წლის ირლანდიელის შეძენას 3,5 მილიონი ფუნტი სჭირდება. დაცვითი სტილის ნახევარმცველი არათუ სასტარტო შემადგენლობაში, ხშირად სათადარიგოთ სკამზეც ვერ ხვდება და ამიტომ კარიერის გაგრძელებას სხვა კლუბში აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული