ლემპარდი არ იყიდება

AutoSharing Option
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ ბოაშმა უარყო პრესაში გავრცელებული ხმები, თითქოს მასა და ფრენკ ლემპარდს შორის რაიმე გაუგებრობას აქვს ადგილი და ამის გამო მწვრთნელი ვარსკვლავთან გამოთხოვებას აპირებდეს:

“არანაირი კონფლიქტი! ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი ყოველდღიურად გვაქვს. მეტსაც გეტყვით, ფრენკი ის ფეხბურთელია, რომელიც არანაირ თანხად არ იყიდება. ხანდახან ის ვერ ხვდება ძირითადში, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ყოველი მატჩის წინ ვარჩევთ ისეთ სასტარტო შემადგენლობას, რომელიც მიზნის მიღწევაში გვეხმარება.

ყველას სურს რეგულარულად თამაში, მაგრამ ამისთვის მათ ბრძოლა მართებთ, მთელი სეზონია ამას დაუღალავად ვიმეორებ. ფრენკმა
თავისი სახელი კლუბის ისტორიაში უკვე ჩაწერა და სწორედ კლასი აძლევს საშუალებას, სხვებზე ხშირად იყოს მოედანზე”. 34 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა კომენტარი გაუკეთა გარი კეჰილის სატრანსფერო ამბებსაც და განაცხადა, რომ საქმე ნელ-ნელა მიიწევს წინ და ყველაფერი მომდევნო კვირაში გადაწყდება.

რაც შეეხება ედენ აზარს: “აზარი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია, “ლილის” საჩემპიონო სეზონში მართლა ბრწყინავდა, მაგრამ მისი ტრანსფერით ჩვენ არ დავინტერესებულვართ და არც 30 მილიონი ევრო შეგვითავაზებია საფრანგეთის ჩემპიონებისთვის”, - თქვა მან.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში “ჩელსის” აკადემიის წევრები ძირითად გუნდთან აღარ ვარჯიშობდნენ და შესაბამისი შეკითხვა გუნდის დამრიგებელს დაუსვეს. მან კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ჩვენმა კოლეგებმა მაინც მოახერხეს ინფორმაციის მოპოვება. აღმოჩნდა, რომ ვილაშ ბოაში რეზერვისტთა გარჯით უკმაყოფილო დარჩენილა და ახალგაზრდა ფეხბურთელები მოტივირების მიზნით სწორედ ასე დასაჯა.

თუკი რონ ინსი, პატრიკ ვან აანჰოლტი, ჯორჯ სიდუელი, კონერ კლიფორდი, სემ ჰათჩინსონი და მათი მეგობრები თვის ბოლომდე ძველებურად მონდომებით ივარჯიშებენ, პორტუგალიელი ძირითადი გუნდის ვარჯიშებზე მათ ისევ დააბრუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული