მსგავსი მიღწევა ჰქონდა "ლივერპულს" 1987/88 წლებში, "მანჩესტერ იუნაიტედს" 1993/1994, 2003/2004 და 2006/2007 წლების სეზონებში, "ჩელსის" 2004/05-ში და "არსენალს" 2007/08-ში. რისი თქმა შეიძლებოდა მატჩის დაწყებამდე? ის, რომ ინტრიგას ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდებისგან ნაკლებად ველოდით, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელებით განებივრებული "ქალაქელები" შეხვედრას აუცილებლად მოიგებდნენ, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო.
მასპინძლებს 6-თამაშიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, "სიტის" თავის მხრივ 3 გასვლითი შეხვედრა ჰქონ
მატჩი მოულოდნელად, "უიგანის" გააფთრებული შეტევით დაიწყო. კრუსატის ჩაწოდების შემდეგ "სიტის" საჯარიმოში სრული ქაოსი იყო.
ბურთის დასაუფლებლად უიგანელები გომესი და მოზესი იბრძოდნენ. სიტუაცია იმით განიმუხტა, რომ მაკარტურის მიერ 14-15 მეტრიდან დარტყმული ჯეიმს მილნერს ფეხში მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. რომ არა ეს, გასწვდებოდა თუ არა ჯო ჰარტის ოსტატობა ამ დარტყმას, არავინ იცის. სტუმრებმა შეხვედრა მალე დაალაგეს და სერიოზული ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს.
რეალური საგოლე მომენტები უკვე კანტიკუნტად იქმნებოდა. 22-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ედინ ჯეკო ძირს დასცეს. საჯარიმო დავიდ სილვამ შეასრულა და ბოსნიელს პირდაპირ თავზე დაასვა. კარისკენ ზურგით მდგარმა თავდამსხმელმა მაინც შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. ომანელ გოლკიპერ ალ-ჰაბსის გუნდის ხსნის შანსი არ ჰქონდა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ძალიან მოინდომეს.
ისინი პრესინგს პრაქტიკულად მთელ მოედანზე მიმართავდნენ. ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და ძალიან ფრთხილად თამაშობდნენ საჯარიმოს მისადგომებთან. სტუმრები ძირითადად კონტრშეტევების იმედად იყვნენ, თუმცა მათ გამოხტომებს ალ-ჰაბსი დამაჯერებელი თამაშით პასუხობდა. შეხვედრის მიწურულისკენ მოედანზე სიტუაცია ცოტა დაიძაბა, მაგრამ "სიტიმ" გაძლო და თანაქალაქელ "იუნაიტედს" ცხრილში ისევ 3 ქულით გაასწრო.
BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ჯონათან სტივენსონმა "სიტის" მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა, რადგან მომავალ უქმეებზე პრემიერლიგაში ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება.
"ქალაქელები" შინ "ტოტენჰემს" მიიღებენ, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ლონდონში "არსენალს" ეწვევა. ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს შორის დაპირისპირება თავისთავად დამაინტრიგებელია. თუკი "დეზებს" პირველი ადგილისთვის ბრძოლის ამბიცია აქვთ, და რომ აქვთ, ამაზე, მგონი, არავინ დავობს, მაშინ მათ "სიტი ოფ მანჩესტერზე" წაგების უფლება უბრალოდ არა აქვთ. თანაც ლონდონელებს პირველ წრეში სამარცხვინო წაგების გამო (28 აგვისტო, 5:1 "უაით ჰართ ლეინზე") რევანშიც ასაღები აქვთ. პრემიერლიგის ინტრიგას მეტი რაღა შესაკმაზი სჭირდება?
მატჩის შემდგომ
რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): "ზედიზედ ორი სათასო შეხვედრის წაგების შემდეგ, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებდით, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპი ახლოვდება და ამიერიდან იოლი მატჩები აღარც გვექნება. მიმაჩნია, რომ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი მოვუკელით. მეორე გოლის გასატანად 3-4 მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.
"უიგანი" კარგი გუნდია, მან ეს "ჩელსისთან" და "ლივერპულთან" შეხვედრებში დაამტკიცა. როცა მატჩი 1:0 მთავრდება, ბოლო წუთები ყოველთვის სანერვიულოა, თუმცა ჩვენ მაინც გავუძელით. მოხარული ვარ, რომ გოლი სწორედ ედინ ჯეკომ შეაგდო. მან ნამდვილად დაიმსახურა ეს. იმედი მაქვს, ედინი ასეთივე მონდომებული იქნება მომდევნო შეხვედრებშიც. ჩვენ უამრავი ფეხბურთელი გვაკლია და უმთავრეს პრობლემას სწორედ ეს გვიქმნის. ამის მიუხედავად მთავარი შედეგია".
ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი): "მატჩის განმავლობაში გატანა კიდევ 2-3-ჯერ შემეძლო, თუმცა ამ ყველაფერს ამიერიდან მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. იმითაც ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ასეთ რთულ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"