"ლივერპული" მარტო არ რჩება

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ კომპანია "ადიდასისა" და "ლივერპულის" გზები გაიყოფა. ეს გადაწყვეტილება გერმანელებმა ახალი წლის დღეებში მას მერე მიიღეს, რაც მერსისაიდელებმა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ იმაზე ლამის ორჯერ მეტი მოითხოვეს, ვიდრე ისინი სთავაზობდნენ.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინგლისელების მადა არალოგიკურია იმ შედეგების გათვალისწინებით, რასაც "ლივერპული" ბოლო წლებში საფეხბურთო მოედნებზე აჩვენებს.

"ლივერპულს" ძალიან დიდი ფინანსური მოთხოვნები აღმოაჩნდა. იმდენს რასაც ისინი ითხოვდნენ, ვერ და არ გადავიხდიდით. ამის მერე ჩვენ მათ ვუთხარით, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ვამბობდით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებული
ხარ მოედანზე, რამდენად პოპულარული ხარ და ხშირად ჩანხარ თუ არა სატელევიზიო ეთერში, რათა შენი საქონლით ვაჭრობა გაიზარდოს და ჩვენ აქედან მოგება ვნახოთ. "ლივერპულის" შემთხვევაში ეს ბალანსი დარღვეული იყო," - განაცხადა "ადიდასის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰერბერტ ჰაინერმა.

არ იქნება "ადიდასი" იქნება ვიღაც სხვა - ამ პრინციპიდან გამომდინარე მერსისაიდელებმა გერმანელებს შემცვლელი მალე მოუნახეს. "ლივერპულს" მომდევნო 6 წლის განმავლობაში ამერიკული ფირმა "ვორიორ სპორტსი" შემოსავს. აქვე გეტყვით, რომ ის კლუბს წელიწადში 25 მილიონ ფუნტს გადაუხდის. "წითლებს" "ნაიკი" ცოტათი ნაკლებს - 23.3 მილიონს სთავაზობდა. მათთან შედარებით "ადიდასის" წინადადება მართლა სასაცილოა - გერმანელები მხოლოდ 13 მილიონს იხდიდნენ.

"ტელეგრაფის" ინფორმაციით, "ლივერპულის" ახალმა დირექტორატმა უარი თქვა ფუტურისტულ დიზაინში გადაწყვეტილი "სტენლი პარკის" მშენებლობაზე. ეს იდეა ჯერ კიდევ ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის დროს იყო დამტკიცებული. ახალ არენას მერსისაიდელები მავანი მანჩესტერელი დიზაინერის მიერ ჯერ კიდევ 2000 წელს შეთავაზებული პროექტით ააგებენ.

60-ათასიანი სტადიონის მშენებლობა მალე დაიწყება. კლუბი ჯერჯერობით ინვესტორებს ეძებს, რომლებიც 300 მილიონად ღირებულ პროექტის განხორციელებაში კლუბს გვერდით დაუდგებიან.

მერსისაიდელებმა საზაფხულოდ გეგმები უკვე დააწყვეს. გუნდი ივლისის ბოლოს ამერიკაში გაემგზავრება, სადაც "რომასთან" ამხანაგურ შეხვედრას ბოსტონის 37.4 ათასიან "ფინვეი პარკზე" გამართავს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სტადიონზე თამაშობს ბეისბოლის გუნდი "ბოსტონ რედ სოქსი". აღნიშნული კლუბის მფლობელი კი "ლივერპულის" მესაკუთრე ჯონ ჰენრია. ბოსტონის გარდა "წითლები" ჩავლენ ჩიკაგოში, სადაც "ჩელსის" შეხვდებიან, შემდეგ კი ტორონტოში გაემგზავრებიან კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრის გასამართად. მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

ბოლოს კი სატრანსფერო ამბებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. "დეილი სტარი" წერს, რომ "ლივერპული" მზადაა "სუონსის" 22 წლის მარცხენა ნახევარმცველ სკოტ სინკლერში 5 მილიონი ფუნტი გადაუხადოს. ხმები ფეხბურთელის მიმართ კენი დალგლიშის ინტერესზე დიდი ხანია ვრცელდებოდა, ამჯერად კი ინფორმაცია უფრო კონკრეტულია. უელსური კლუბი ჯერჯერობით დუმს.

"დეილი მეილის" ცნობით, "ენფილდზე" შეიძლება იანვარშივე აღმოჩნდეს "გრონინგენის" 20 წლის ურუგვაელი შემტევი დავიდ ტეიშეირა. მისი ტრანსფერი კლუბს 3-დან 4 მილიონამდე დაუჯდება. სამაგიეროდ უკვე გარკვეულია, რომ "ლივერპული" ბელგრადის "პარტიზანს" 17 წლის თავდამსხმელის ლაზარ მარკოვიჩისთვის ბრძოლას ჩამოშორდა, რადგან კლუბმა მასში ასტრონიმიული თანხა - 17 მილიონი ევრო მოითხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული