პრემიერლიგის აუტსაიდერმა ლონდონელებს ულტიმატუმიც კი წაუყენა, თუკი საქმეს წერტილს დროულად არ დაუსვამთ, მოლაპარაკებებს შევწყვეტთო და "ლურჯებიც" დაფაცურდნენ. კეჰილი დედაქალაქში გადავიდა, რაც "ჩელსის" 8,5 მილიონი ევრო დაუჯდა. 17 იანვარს ახალ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს მცირე შემოკლებით.
- გუნდთან ერთად პირველმა ვარჯიშმა როგორ ჩაიარა?
- მშვენიერი ადგილია სავარჯიშოდ. დილას, როცა ბაზაზე გამოვცხადდი, ცოტა ვინერვიულე კიდეც, რადგან არ ვიცოდი, როგორ შემხვდებოდნენ აქაურები. მართალია ძლიერი ქარი უბერავდა და
- "ჩელსიში" გადმოსვლა თქვენი ამბიციური გეგმების ნაწილი იყო?
- ფეხბურთელების ირგვლივ ხშირად უსაფუძვლოდ გორდება ჭორები. იქამდე, ვიდრე კლუბი უშუალოდ არ დაგიკავშირდება, ვიდრე შენი კლუბი მის წინადადებას არ მიიღებს, მანამდე ხმები სხვაგან თამაშზე მხოლოდ ჭორებია. თუმცა ის ხანდახან რეალობად იქცევა ხოლმე და მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება. "ბოლტონში" გადასვლის დღიდან მაქსიმალურად ვცდილობდი, პროგრესისთვის მიმეღწია და კარიერაში შემდგომი ნაბიჯი მალე გადამედგა.
- შეგიძლიათ, კომენტარი გაუკეთოთ იმას, რაც თქვენს ტრანსფერზე იწერებოდა?
- ის ისტორიები, რაც პრესაში გაჩნდა, დიდწილად გამოგონილი იყო. უმრავლესობა ალბათ ადვილად წარმოიდგენს, რამდენად რთულია, როცა დგახარ აუდიტორიის წინაშე და შენზე მსგავსი რამეები იწერება. ერთადერთი, რაც მშველოდა, მეგობრებისა და ოჯახის თანადგომა იყო. მათ იცოდნენ რეალურად რაც ხდებოდა. ეს იცოდნენ ასევე "ბოლტონშიც" და ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იყო. ყველა პროფესიას აქვს თავისებურება და ადამიანებს მასთან შეგუება უწევთ. მე ამაყი ვარ იმით, რომ ფეხბურთელი ვარ. იმედია, "ჩელსიში" ამიერიდან კარგად ვითამაშებ.
- გულშემატკივრებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, ვისი ხილვა სურდათ ყველაზე მეტად "ჩელსიში". მასში სწორედ თქვენ ლიდერობდით და არამხოლოდ იანვარში. ანუ თქვენ აქ მოხვედით, როგორც ფანებისთვის ძალიან სასურველი ფეხბურთელი.
- ძალიან სასიამოვნოა. კიდევ უფრო სასიამოვნო იყო, რომ როცა შაბათს "სტემფორდ ბრიჯზე" პირველად ტრიბუნებზე გამოჩენისას გულშემატკივრებმა ჩემი სახელის სკანდირება დაიწყეს. ჩემი ვალია, ბევრი ვიმუშაო და კარგად ვითამაშო, რათა მათი მოლოდინი არ გავაცრუო.
- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ვილაშ-ბოაშზე?
- მაშინ, როცა გაზეთები ჩვენს მოლაპარაკებებზე ამდენს წერდნენ, მასთან დალაპარაკებულიც კი არ ვიყავი. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში კი, სანამ ჩემი კონტრაქტის ამბები ირკვეოდა, მან ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც გითხარით, მნიშვნელოვანია, როცა დამრიგებლისთვის სასურველი კანდიდატურა ხარ. ეს საკუთარი ძალების რწმენას გმატებს.
- ოუენ კოილმა თქვენზე დადებითად ილაპარაკა და "ჩელსიში" წარმატება გისურვათ.
- ჩვენს დროში ბევრი ფეხბურთელი გუნდს სკანდალით ტოვებს. ამ მხრივ გამიმართლა. ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ "ბოლტონიდან" "ჩელსიში" გადასვლა ჩემთვის ლოგიკური ნაბიჯი იყო. "ბოლტონს" დიდად ვემადლიერები, რადგან ის შესანიშნავი საფეხური აღმოჩნდა შემდგომი წინსვლისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კლუბის ფანებს, მათ ხომ ულამაზესი წლები მაჩუქეს. 4 წლის განმავლობაში მათ შორის თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. კარგია, რომ მათთან თბილი ურთიერთობა შევინარჩუნე.
- "ჩელსიში" ინგლისის ნაკრებში თქვენი თანაგუნდელები თამაშობენ. აიოლებს თუ არა ეს თქვენს აქაურ ყოფას?
- ნაკრებში რეგულარულად ვერ ვთამაშობ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ნაცნობ სახეებს ვხედავ. დენიელ სტარიჯთან დიდი ხანია ვმეგობრობ. მას ჯერ კიდევ "ბოლტონამდე" ვიცნობდი, იქ კი უკვე ძალიან დავახლოვდით. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი ადაპტაციას მიადვილებს.
- პირველად როდის ითამაშეთ ჯონ ტერისთან ერთად?
- ნაკრებში სადებიუტო მატჩისას. ისეთ გამოცდილ და მაღალი კლასის მცველთან ერთად ასპარეზობა, როგორც ტერია, მშვენიერი პრაქტიკაა ჩემთვისაც. ჯონი თამაშის დროს ბევრად გიადვილებს დავალების სათანადოდ შესრულებას.
- გასაგებია, რომ ნაკრებში ძირითადში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა, მაგრამ თქვენი, ტერისა და კოულის შეთამაშება ნაკრებს შეიძლება მხოლოდ დადებითად წაადგეს. ასე არ ფიქრობთ?
- დარწმუნებული ვარ, ფაბიო კაპელო მოხარული იქნება, რომ ჩვენ კლუბში ერთად თამაშის შანსი მოგვეცა. თუმცა არ მავიწყდება, რომ აქ ჯერ ის უნდა დავამტკიცო, რომ ძირითადში თამაშს ვიმსახურებ.
- დაბოლოს, რას ეტყვით "ჩელსის" გულშემატკივრებს?
- ვაფასებ იმას, რომ ისინი მოუთმენლად მელოდნენ. ამისთვის მთელი სულითა და გულით მადლობელი ვარ. მინდა ვისურვო, რომ მათი იმედები გამემართლებინოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"