დენი უელბეკს მადა მოემატა

AutoSharing Option
მას მერე, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის თავდამსხმელმა, დენი უელბეკმა ბოლო შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა (დიდწილად თანაგუნდელთა ტრავმების გამო), კლუბისგან ახალ კონტრაქტსა და ხელფასის მომატებას ითხოვს.

"ეშმაკები" მას ამჟამინდელი 15 ათასის ნაცვლად კვირაში 45 ათას ფუნტს სთავაზობენ, თუმცა ფეხბურთელი 60-ს ითხოვს. როგორც სპორტული ვებგვერდები წერენ, აღნიშნული მოთხოვნის გამო მოლაპარაკებები საერთოდ შეწყდა, რის განახლებასაც კლუბი თავისი ინიციატივით არ აპირებს.

უელბეკის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ივლისში გასდის, ასე რომ, დრო შესათანხმებლად ჯერ კიდევ არის. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის ანგარიშზე 8 გოლია
- 5 პრემიერლიგაში, 1 ინგლისის თასსა და 2 ჩემპიონთა ლიგაში. სერ ალექს ფერგიუსონი უელბეკს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. იმისთვის, რომ მან თუნდაც უეინ რუნის დონეს მიაღწიოს, ჯოჯოხეთუში შრომა მართებს და ეს თავადაც უწყის, მაგრამ ეტყობა არ ითვალისწინებს, რომ შოტლანდიელ მწვრთნელთან ასეთი ტონით ლაპარაკს ხეირი ჯერ არავის მოუტანია... ფერგის პასუხი შეიძლება ძალიან მწარე იყოს.

31 დეკემბერს "ბლექბერნთან" შინ 2:3 წაგების შემდეგ ფერგიუსონი დავიდ დე ხეას გაუწყრა და სკამზე გადასვა. ზედიზედ 3 თამაშია, ძირითად შემადგენლობაში ანდერს ლინდეგორი დგას. მთავარი მწვრთნელი თავდაპირველად იმას ამბობდა, ესპანელი მაინც პირველ ნომრად რჩებაო, მაგრამ ბოლო ხანს ამასაც აღარ იმეორებს.

დანიელი გოლკიპერი კი განაგრძობს კარგად თამაშს და დე ხეას პერსპექტივა თანდათან ბურუსში ეხვევა. ყოველივეს მიუხედავად, დავიდსა და დანიელს შორის ურთიერთობაზე ამას არ უმოქმედია. ლინდეგორი ამბობს, რომ თანაგუნდელთან ყველაფერი რიგზე აქვს: "დავიდს სპეციფიკური ღირსებები გააჩნია. მაგალითად ფეთქებადია და ფიზიკურად ძალიან ძლიერი. ჯერ 21 წლისაა, წინ დიდი მომავალი აქვს. ერთ დღეს ის აუცილებლად გახდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი მეკარე.

ჩემი მიზანია, ეს არ მოხდეს უახლოესი 10 წლის განმავლობაში. თამაში ყველას სურს და გამონაკლისი არც მე ვარ, ასე რომ, ეს ბუნებრივია. 3 წლის წინ დანიის მეორე დივიზიონში ვთამაშობდი, ჩემი სახელი არავინ იცოდა. ხოლო როცა ინგლისში პირველად ჩამოვედი, ჩემს გვარს სწორედ ვერც კი გამოთქვამდნენ. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა," - განუცხადა "ტელეგრაფს" 27 წლის ფეხბურთელმა.

Goal.com-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "კრისტალ პალასისა" და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების 20 წლის მარჯვენა მცველ ნათანიელ კლაინში 3 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ნათანიელს ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. კლაინით დაინტერესებულები არიან ასევე "ნიუკასლი", "ფულჰემი" და "ევერტონი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული