ანდრე ვილაშ ბოაშის იდეა

AutoSharing Option
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ანდრე ვილაშ ბოაშის თქმით, პრემიერლიგური გუნდების განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუკი მათი რეზერვისტები ჩემპიონშიპში ან სხვა პროფესიულ ლიგებში ითამაშებდნენ.

პორტუგალიელი სპეციალისტის მტკიცებით, ეს სისტემა დანერგილი რომ ყოფილიყო, მისი გუნდი ბოლო 10-12 წლის განმავლობაში აკადემიაში მეტ ისეთ ფეხბურთელს გაზრდიდა, რომელიც ძირითად გუნდში მოსახვედრად იბრძოლებდა.

უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც ლურჯების აკადემიაში აღიზარდა და შემდგომ დიდ გუნდში თავი დაიმკვიდრა, ჯონ ტერი გახლავთ. ტერი კი “ჩელსიში” 1998 წლიდან ასპარეზობს.

რეზერვისტთა პირველობის დაბალი დონის მიზეზად მწვრთნელს ის მიაჩნია, რომ მათ ტურნირს
არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. იმის მიუხედავად, თუ როგორ დამთავრდება პირველობა, ახალი სეზონიდან მისი დაკომპლექტება ისევ თავიდან ხდება და ისევ იმის მიხედვით, თუ ვინ დარჩება და ვინ გავარდება პრემიერლიგიდან.

ვილაშ ბოაში პრემიერლიგას ესპანეთის მაგალითის დამკვიდრებას სთავაზობს, სადაც “რეალისა” და “ბარსელონას” დუბლიორებიც სეგუნდა დივიზიონში თამაშობენ. რატომაა “ბლაუგრანას” აკადემია ასეთი წარმატებული ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ პეპ გვარდიოლას დანიშვნის შემდეგ (2008 წლის ივლისი) ძირითად გუნდში 28 ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი.

“ინგლისში ძირითად გუნდსა და რეზერვისტთა შორის განსხვავება უზარმაზარია. იცით, რომ ესპანეთში დიდი გუნდების დუბლები მეორე ლიგაში გამოდიან. თუკი ასეთ სისტემას ინგლისშიც დავნერგავთ, ყველაფერი ნიჭიერი ახალგაზრდობისდა საკეთილდღეოდ წარიმართება.

დღეს ჩვენი რეზერვისტების ერთადერთი დანიშნულება ძირითადი გუნდის სამსახურია და არა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ხელის შეწყობა და მათი განვითარება.

პროფესიულ ლიგებში ამ გუნდების გადაყვანა აღნიშნულ პრობლემას მოხსნიდა. ძირითად და რეზერვისტთა გუნდებს ერთ სტილში მოუწევდათ ცხოვრება, ექნებოდათ ერთი ბაზა, ერთი სახელი და ერთი მიზანი”, - განუცხადა ვილაშ ბოაშმა “ინდეპენდენტს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული