ჰარი რედნაპი მარიო ბალოტელის დასჯას მოითხოვს

AutoSharing Option
თუკი საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა დაასკვნა, რომ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სკოტ პარკერს ფეხი თავში განგებ ჩაარტყა, მას 4-თამაშიან დისკვალიფიკაციას გამოუწერენ.

ეს ყველაფერი მას მერე მოხდა, რაც იტალიელი ძირს დაცემულ მეტოქეს შემთხვევით მოედო და ვითომ კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით შემდეგ მიწაზეც გადაკოტრიალდა. ნეიტრალურ გულშემატკივარს ვიდეოგამეორებაზე ბალოტელის მოქმედების მიზანმიმართულობის გარდა სხვა შთაბეჭდილება ვერ დარჩება.

აშკარად ჩანს, რომ მარიო მოხრილ ფეხს სპეციალურად შლის და მეტოქეს გამატებით ურტყამს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს მას ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა.

ექიმების თქმით, მოქნეული კიდური პარკერს
საფეთქლის არტერიასთან რომ მოხვედროდა (არადა ამის შანსი ძალიან დიდი იყო), ინგლისელი ნახევარმცველის ჯანმრთელობას შეიძლებოდა დიდი საფრთხე დამუქრებოდა. სწორედ ამ ეპიზოდმა აღაშფოთა ყველაზე მეტად ჰარი რედნაპი. 64 წლის სპეციალისტი ასოციაციისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

"დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ ეპიზოდს აუცილებლად შეისწავლიან, რადგან ვალდებულნი არიან ასე მოიქცნენ. ცუდია, რომ ბალოტელის მხრიდან ეს არ ხდება პირველად და ეჭვი მაქვს, რომ თუკი დაუსჯელი დარჩება, არც უკანასკნელი იქნება. ის ორთაბრძოლებისას მუდამ ასე იქცევა.

როცა სკოტს ფეხი პირველად შეეჯახა, ამას კიდევ შეიძლება შემთხვევითი უწოდო, მაგრამ მეორეზე რას იტყვით? მარიომ ეს წინასწარი განზრახვით გააკეთა და კიდევ კარგი, პარკერმა დარტყმა რაღაც დოზით დაბლოკა. ნახეთ მისი სახე? საკმაოდ დიდი შრამი ამჩნევია. არ მიყვარს ისეთ ფეხბურთელებზე ბევრი ლაპარაკი, რომლებიც თავის კოლეგებს ასე ექცევიან, მაგრამ თუკი ეს ხდება, ყველამ ვიცით, რომ ეს არასწორია.

არ მესმის და არც მინდა გავიგო იმათი მოტივაცია, ვინც ამას აკეთებს. ფეხბურთში ეს დაუშვებელია," - განუცხადა "დეილი ტელეგრაფს" რედნაპმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული