დიდი ხნის შემდეგ "უემბლისკენ"

AutoSharing Option
იმისთვის, რომ "მანჩესტერ სიტის" სეზონის პირველი ტიტული მოეგო, სულ 2 მატჩის მოგებაღა სჭირდებოდა, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ხელგაშლილმა კლუბმა ამოცანას თავი ვერ გაართვა. გზაზე მას წინ "ლივერპული" გადაუდგა.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის გრანდები უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ორივე "ენფილდზე", "ეტიჰადზე" კი გუნდებმა თითოჯერ იმარჯვეს. მერსისაიდელებმა 16 წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვეს "უემბლიზე" ასპარეზობის უფლება.

მატჩი ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო. აშკარა იყო, რომ "ლივერპული" რომელსაც პირველი მატჩის შემდეგ ერთბურთიანი ფორა ჰქონდა, დაცვას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე მისი მეტოქე.
თუმცა პირველი აშკარა საგოლე მომენტი მაინც მან შექმნა. სტიუარტ დაუნინგის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი სტეფან სავიჩმა ვერ მოიგერია და ხოსე ენრიკეს პირდაპირ ფეხზე "დაასვა". ჯო ჰარტმა ესპანელის ექვსი მეტრიდან დარტყმული სასწაულებრივად, ფეხით აუღო. მასპინძლები ამის შემდეგაც აქტიურობდნენ.

განსაკუთრებით ეს კრეიგ ბელამისა და გლენ ჯონსონზე ითქმის, მაგრამ ბოლო მომენტში მათ რაღაც არ ჰყოფნიდათ. შეტევებს ხელს არც "სიტი" აკლებდა. მაგალითად, დავიდ სილვას ბრწყინვალე პასი ბოლო მომენტში ჩაჭრა დანიელ აგერმა, თორემ ანგარიში ნამდვილად გაიხსნებოდა. მე-16-ე წუთზე მატჩის ყველაზე სადავო მომენტი მოხდა. კუთხურის გათამაშების შემდეგ ჩარლი ადამმა ედინ ჯეკოს უკნიდან ფეხში ჩაარტყა. პრინციპში აქ სადავოც არაფერია. პენალტი ნამდვილად უნდა დანიშნულიყო. ორიოდე წუთში სიტუაცია ისევ "ქალაქელების" კართან გამწვავდა, როცა ჰარტმა ბელამის ურთულესი ბურთი აუღო.

31-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. დავიდ სილვამ ბურთი ცენტრთან ახლოს მიიღო, დაიძრა პეპე რეინას კარისკენ და ცენტრისკენ მარტო დარჩენილ ნაიჯელ დე იონგს დაუგორა. ჰოლანდიელმა საყრდენმა ბურთი ცოტა წინ გაიგდო და 23-24 მეტრიდან დარტყმა იქამდე მოახერხა, ვიდრე ფეხი გაუცურდებოდა - 0:1.

"ლივერპულმა" ისევ შეუტია. მასპინძლები ფლანგებზე ბურთს იოლად ათამაშებდნენ. ალბათ იმიტომ, რომ რობერტო მანჩინის გუნდი მოედანზე ცოტა უცნაური განლაგებით გამოვიდა. სამი ცენტრალური მცველის გარდა (ლესკოტი-სავიჩი-რიჩარდსი), მოედანზე იყვნენ საბალეტა და კოლაროვიც, რომლებიც ფლანგის მცველის კვალობაზე მეტისმეტად წინ იყვნენ აწეულები და კონტრშეტევებისას დაცვაში პოზიციაზე ჩამოსვლას მეტხანს უნდებოდნენ.

მე-40-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ჯოლეონ ლესკოტის მიერ ცუდად გამოტანილი ბურთი საჯარიმოში აგერს ხაზიდან 10 მეტრში მდგომს მიუვიდა. უკანასკნელმა დაუფიქრბელად დასცხო და რიჩარდსის ხელს მოარტყა. მართალია, მანჩინიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, არბიტრი შეცდაო, მაგრამ ნეიტრალური თვალით დანახულით თუ ვიმსჯელებთ, პენალტი ულაპარაკოდ უნდა დანიშნულიყო. ჯერარდს ფეხი არ აკანკალებია - 1:1. "ლივერპული" ვერც ამან დააწყნარა. ტაიმის ბოლომდე დარჩენილი დრო მათ ისევ შეტევებში გაატარეს.

შესვენებისას მანჩინიმ გუნდის ტაქტიკაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. მოხსნა თავისი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე სუსტად მოასპარეზე სავიჩი და მოედანზე მის ნაცვლად სერხიო აგუერო შეუშვა. თუმცა თამაშის ხასიათში არაფერი შეცვლილა.

მასპინძლებიინტერნეტკაზინო ლარივინი
გააფთრებით ეძებდნენ გზებს ჯო ჰარტის კარისკენ. საუკეთესო ინგლისელი მეკარე კი მათ ყოველგვარ მცდელობას მშვიდად უმკლავდებოდა. 67-ე წუთზე "ქალაქელებმა" მშვენიერი კონტრშეტევა წამოიწყეს. ჯერარდმა კოლაროვს ფლანგიდან ჩაწოდებაში ხელი ვერ შეუშალა.

ვერ ივარგა აგერმაც, ვისაც ჯეკო ზურგს უკნიდან გამოუხტა და რეინას 3 მეტრიდან გაუტანა - 1:2. ზუსტად შვიდ წუთში სამმა ლივერპულელმა სასწაული ჩაიდინა. შეიძლება ითქვას, რომ კუიტი-ბელამი-ჯონსონი-ბელამის მიერ საჯარიმოში გათამაშებულმა კომბინაციამ "სიტის" თავმოყვარეობა ტალახში ამოგანგლა. უელსელმა თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა - 2:2.

მატჩის შემდეგ
კენი დალგლიში
(ლივერპული): "მინდა მთელ "ლივერპულს" მადლობა ვუთხრა. უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ თუკი ერთად ვიდგებით, ამით მხოლოდ მოვიგებთ. ფინალში გასვლა უზარმაზარი ჯილდოა ჩვენთვის. განსაკუთრებულად მონდომებული დღეს ბელამი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საღამოსგან მან ისეთივე დიდი სიამოვნება მიიღო, როგორც ჩვენ.

მინდა მას განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა გამოჩენილი თავდადებისთვის. ჯერარდი არ იყო ისეთი ეფექტური, როგორც ყოველთვის, რადგან სტივი მისთვის ჩვეულ პოზიციაზე არ თამაშობდა. ჯერარდი ამ მსხვერპლზე გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე წავიდა. ამისთვის ის აპლოდისმენტებს იმსახურებს. ახალ უემბლიზე "ლივერპული" პირველად ითამაშებს. არ მახსოვს, ზუსტად როდის ვიყავით იქ ბოლოს, მაგრამ მშვენივრად ვხვდებით, სადაც მივდივართ".

სტივენ ჯერარდი (ლივერპული): "განსაკუთრებული გრძნობაა. ამ ფინალს 2006 წლის შემდეგ ველოდით. მოხარული ვარ, რომ ტიტულს ერთი ნაბიჯში მივუახლოვდით. აუცილებლად უნდა გამოვყო ბელამის თამაში, ვინც დღეს ჩვენ აშკარა მარცხისგან გვიხსნა".

რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): "ვფიქრობ, მატჩს აუცილებლად მოვიგებდით, ადამის მიერ ჯეკოს წაქცევისთვის პენალტი რომ დანიშნულიყო. არადა, წესის დარღვევა ულაპარაკოდ იყო. ეს არ არის მსაჯის კრიტიკა, უბრალოდ მე ასე ვფიქრობ. შეტევაში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა იმედგაცრუებულები ვართ შედეგით. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა დღეს უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე პირველ მატჩში, რადგან "ლივერპული" მართლა ძალიან ძლიერი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული