ჯოვანი დოს სანტოსი "ტოტენჰემში" რჩება

AutoSharing Option
ეტყობა, ჯოვანი დოს სანტოსი სეზონის ბოლომდე "ტოტენჰემში" რჩება. მას ჰქონდა კარიერის ამერიკაში გაგრძელების საშუალება, მაგრამ 22 წლის მექსიკელმა ამაზე უარი თქვა.

ფეხბურთელს "ტოტენჰემთან" ხელშეკრულება 2008 წლიდან აკავშირებს, მაგრამ 3,5 წლის განმავლობაში ძირითადში ასპარეზობა სულ 15-ჯერ დაიწყო.

"დეზებმა" ის სამჯერ იჯარით სხვა კლუბებში (იპსვიჩი, გალათასარაი, რასინგი) გაუშვეს. ესპანური პრესის მტკიცებით, ბოლო კვირის განმავლობაში დოს სანტოსის შეძენას პრიმერა დივიზიონის გუნდები "ვილიარეალი" და "გრანადაც" ცდილობდნენ, მაგრამ ლონდონურ კლუბს არც ერთი მათგანის ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

აშკარაა, რომ ესპანელებს არ ძალუძთ ან არ უღირთ
4,5 მილიონი ფუნტის გადახდა. დოს სანტოსს ჩრდილოლონდონელებთან გაფორმებული ხელშეკრულება 2013 წლის 30 ივნისს ეწურება, ასე რომ, კლუბს შეეძლება ფეხბურთელი ამ ფასად ივნისში გაასხვისოს.

არადა, დოს სანტოსს "უაით ჰართ ლეინზე" მომავალი არ აქვს, განცხადება ამაზე ჰარი რედნაპს არაერთხელ გაუკეთებია. "როცა კლუბის ხელმძღვანელობა ჩემს კლიენტს სატრანსფერო ფასს ადებს, მას კარგ ფეხბურთელად მიიჩნევს და სეროზულ თანხას ითხოვს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, სასტარტო შემადგენლობის არჩევის დროს ამას აღარავინ ითვალისწინებს," - აცხადებს ჯოვანის აგენტი. აქვე გეტყვით, რომ რედნაპმა დოს სანტოსს წელს სულ რაღაც 10 შეხვედრაში მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. სულ რაღაც 544 წუთში ეს შედეგი ნამდვილად არ არის ცუდი.

* * *

"სქაი სპორტსმა" ამ დღეებში დაწერა, ლევერკუზენის "ბაიერმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეიძლება "ტოტენჰემიდან" 25 წლის მარჯვენა მცველი ვედრან ჩორლუკა გადაიყვანოსო. ხორვატი ფეხბურთელი 3 წლის განმავლობაში იყო ლონდონელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, მაგრამ მას მერე, რაც გუნდში 21 წლის კაილ უოლკერი დაბრუნდა, ჩორლუკას სულ სამჯერ (2-ჯერ შეცვლაზე) მიეცა მოედანზე გასვლის საშუალება.

რაც ლოგიკურია, რადგან უოლკერი ფანტასტიკურად გამოიყურება. ფაბიო კაპელომ ის ინგლისის ნაკრებშიც მიიწვია, სადაც მას 15 ნოემბერს შვედეთთან დებიუტი ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად არ აწყენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული