ლონდონის "ჩელსი" ისევ წაგებაზე

AutoSharing Option
იქამდე ვიდრე "ჩელსის" ბოსი რომან აბრამოვიჩია, მას სერიოზული ფინანსური პრობლემები არ შეაწუხებს, მაგრამ კლუბს უკვე ჰყავს დაქირავებული მაღალი დონის ფინანსისტები, რომლებიც იმ გზებს ეძებენ, თუ როგორ შეიძლება ლონდონური კოლექტივი ჯერ ნაკლებად წამგებიან ორგანიზაციად გარდაიქმნეს, შემდეგ კი კლუბის მეპატრონეს მოგებაც მოუტანოს.

მოგებაზე გასვლა ჯერჯერობით მხოლოდ მიზანია, საითკენაც "არისტოკრატებს" ალბათ კიდევ დიდი გზა აქვთ, მაგრამ მთავარია, რომ მოძრაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.

აუდიტორების დასკვნით, 2011 წლის 30 ივნისიდან მოყოლებული "ჩელსიმ" 67,7 მილიონი ფუნტი (81 მილიონ ევროზე მეტი) იზარალა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი
შეხედვით ეს თანხა ძალიან დიდია, ის მაინც უფრო ცოტაა, ვიდრე შარშანდელი (70,9 მლნ). რაც მთავარია, ლონდონელებმა უეფას ფეარ პლეის წესებით დაშვებულ ფარგლებში მოახერხეს ჩაჯდომა.

უეფა იმ კლუბებს რომელთა წაგება პირველ ეტაპზე წელიწადში 85 მილიონ ევროზე მეტია, ევროთასებზე გასვლის უფლებას აღარ მისცემს.

ისინი ვალდებულები არიან, წაგება ნელ-ნელა შეამცირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები ელით.

"ჩელსი" სიხარულით იუწყება, რომ გასული წლის შედეგებთან შედარებით 16 მილიონი ფუნტით მოიმატა კლუბის შემოსავალმა და დაახლოებით ამდენითვე გაიზარდა კლუბის ბიუჯეტიც, რამაც სულ 222,3 მილიონი (267 მლნ ევრო) ფუნტი შეადგინა.

"სარეკორდო წლიური ტვირთბრუნვა შეიძლება დამაკმაყოფილებლად მივიჩიოთ იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, სადაც ჩვენ ცხოვრება გვიხდება," - თქვა "ჩელსის" აღმასრულებელმა დირექტორმა რონ გერლეიმ.

რაკი დღევანდელი "ლელოს" ძირითადი თემა ტრანსფერებია, საკითხს გვერდს ვერც ამჯერად ავუვლით და ყველა იმ გარიგებაზე მოგახსენებთ, რომელიც ლონდონურმა კლუბმა იანვარში განახორციელა.

მოვიდნენ: გარი კეჰილი (ევერტონი) - 7 მლნ ფუნტი; კევინ დე ბრუინი (გენკი) - 7 მლნ ფუნტი; პატრიკ ბეკფორდი (ნოტინგემ ფორესტი) - 1,5 მლნ ფუნტი; კენეტ ომერუო (სტანდარდი) - თანხა უცნობია.

წავიდნენ: ნიკოლა ანელკა (შანხაი შენხუა) - თანხა უცნობია; ალექსი (პარი სენ-ჟერმენი) - 4 მლნ ფუნტი; ფილიპ პროსენიკი (მილანი) - თავისუფალი აგენტი; კარლ მანგეი (გეითსჰედი) - თავისუფალი აგენტი; ალიუ ჯალო (აელ ლიმასოლი) თავისუფალი აგენტი; მილან ლალკოვიჩი (დენ ჰააგა) - იჯარა; კაელ კაკუტა (დიჟონი) - იჯარა; ჯოშ მაკეხრანი (სუონსი) - იჯარა; პატრიკ ვან აანჰოლტი (ვიტესი) - იჯარა; რის ტეილორი (როტერჰემი) - იჯარა; სემ უოლკერი (იოვილ თაუნი) - იჯარა; ბენ გორდონი (კილმარნოკი) - იჯარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული