ასოციაცია ფაბიო კაპელოს წინააღმდეგ

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლები 3 თებერვალს ნაკრების კაპიტან ჯონ ტერის დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ რასისტული სკანდალის დასრულებამდე მას კაპიტნობა ჩამოერთვა.

მათ ეს ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ სურდათ, "ბრალდების შემდეგ საზოგადოების მხრიდან ფეხბურთელზე ზეწოლა შერბილებულიყო".

ტერის შემდეგ გადაწყვეტილების შესახებ ნაკრების თავკაცსაც აცნობეს. ასოციაციის ხელმძღვანელობამ საქმე ისე მოაგვარა, რომ ფაბიო კაპელოსთვის აზრი არ უკითხავს, რის გამოც იტალიელმა სპეციალისტმა წყენა არ დამალა და განაცხადა, რომ ასოციაციას მასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მსგავსი საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება არ ჰქონდა. იტალიელმა იქვე დაამატა, ჯონი ჩემთვის ისევ
კაპიტნად რჩებაო.

"მე არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. ამის თაობაზე უკვე ველაპარაკე დევიდ ბერნშტეინს (ასოციაციის პრეზიდენტი. რედ.) და ვუთხარი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ამის გაკეთება არასამართლიანი იყო. გაიმართება სასამართლოს სხდომა, რომელიც გაარკვევს, დამნაშავეა თუ არა ჯონი ამ საქმეში, იქამდე კი უკეთესი იქნებოდა, რომ ფეხბურთელს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება გაეგრძელებინა," - ამბობს კაპელო.

ასოციაციაში კი პირიქით ფიქრობენ, რომ ფაბიო კაპელომ ნაკისრი ვალდებულებები თავად დაარღვია, რის გამოც პასუხისგება მოუწევს.

ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ასოციაციის ყოფილი დირექტორის დევიდ დევისის თქმით, ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელობა კაპელოს საჯარო განცხადებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

"დიახ, ჩემთვის ასოციაციის ხელმძღვანელთა პოზიცია ცნობილია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ველაპარაკე და ვიცი, რომ საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ. ეს ორგანიზაცია კოლექტიურად აგებს პასუხს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუკი მას საჯარო მსჯელობის თემად არ ვაქცევთ. არ ვიცი, რა სანქციები ელის კაპელოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ისინი იქნება," - განუცხადა BBC-ის დევისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული