პრემიერლიგა. XXIV ტური: ფრე ემოციების ფონზე

AutoSharing Option
თამაშის დასრულების შემდეგ "ლივერპულის" მავანმა გულშემატკივარმა ინტერნეტში ემოციები გადმოანთხია და თქვა ის, რასაც ალბათ დიდი ხანია ბევრი ფიქრობს, თუმცა ჯერჯერობით ასე ლაკონურად სათქმელი ცოტას თუ ჩამოუყალიბებია: "თამაშის შემდეგ იცით, რატომ დარჩა ხალხს შთაბეჭდილება, რომ ენდი კეროლმა მოინდომა? იმიტომ, რომ მან უკვე დაამტკიცა, თუ რა ცუდად შეუძლია თამაში და ახლა, როცა რაღაცას მაინც ცდილობს და თუნდაც მიზერული რამ გამოსდის, ამბობენ, ყოჩაღ, ენდი, აი, ყოჩაღ, ცდილობს ბიჭი, მეტი რა ქნასო.

სხვების მიმართ კი ხალხი სხვა სტანდარტებით მსჯელობს. წარმოიდგინეთ, რომ სპირინგმა ზუსტად ისე
მიიღოს ბურთი, როგორც ეს არა ერთხელ და ორჯერ გააკეთა კეროლმა. რა მოხდება? ბურთს წაართმევენ და რეინას გაუტანენ. "ნიუკასლში" გაჰქონდა, იმიტომ, რომ იქ სულ სხვა ფეხბურთია. დააბრუნეთ უკან და ისევ გაიტანს. ჩვენთან კი, ბოდიშის მოხდით, მაგრამ მძორივით არის".

გეთანხმებით, ამ ადამიანის სიტყვებში ემოციები ჭარბობს, მაგრამ გვეჩვენება, რომ გულწრფელად აღწერს სიტუაციას. "ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში "ენფილდზე" მერვე შეხვედრა დაამთავრა ფრედ და აქედან სამი გატანილი ბურთის გარეშე.

მერსისაიდელებს იმან, რომ "ტოტენჰემი" შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა ("დეზებს" ვან დერ ვაარტი, იუნეს კაბული და ჯერმეინ დეფო არ ჰყავდათ) ვერ უშველა, ვერც იმან, რომ ძლიერი თოვლისა და არასაფრენი ამინდის გამო მორიგი სასამართლო სხდომის შემდეგ ლონდონიდან ლივერპულში ჩასვლა ვერ მოახერხა ჰარი რედნაპმა და გუნდი მოედანზე კევინ ბონდმა გაიყვანა და ვერც იმან, რომ გუნდს ლუის სუარესი დაუბრუნდა. მოკლედ, მათი საშველი ჯერჯერობით არ ჩანს.

პირველი ტაიმში ყველაზე საინტერესო რაც მოხდა, ეს "ენფილდზე" კატის გასეირნება იყო. წმინდა საფეხბურთო მოვლენებიდან კი აღსანიშნავია საჯარიმოში მაიკლ დოუსონისა და ენდი კეროლის ორთაბრძოლა, როცა სტუმართა მცველმა ახმახ მეტოქეს ბურთი სუფთად აართვა.

ჰო, კიდევ ბრედ ფრიდელის ნახტომი. ვეტერანმა ამერიკელმა გლენ ჯონსონის დარტყმა ფეხით აიღო. მეორე ნახევარში "ლივერპულმა" ტემპს მოუმატა და მომენტები უფრო მეტად იქმნებოდა, თუმცა რაიმე ისეთი, რაც გულშემატკივარს გულში ჩარჩებოდა, არაფერი.

66-ე წუთზე მოედანზე ლუის სუარესი შევიდა და ორიოდე წუთში ისეთი რამ გააკეთა, რომ არბიტრს მისთვის პირდაპირ წითელი ბართი უნდა ეჩვენებინა. ურუგვაელმა სკოტ პარკერს მაღალი ბურთისთვის ბრძოლისას ბურთი პირდაპირ მუცელში ჩააზილა. ბედი მისი, რომ "ენფილდზე" მატჩს 26 წლის მაიკლ ოლივერი სჯიდა, მსაჯი ვის ანგარიშზეც წელს ყველაზე ცოტა ყვითელი ბარათია.

არადა, მას ვერც გამოუცდელობას დავაბრალებთ. ოლივერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მარტო პრემიერლიგაში 13 თამაშია (სულ 30). 74-ე წუთზე ზუსტად ის მომენტი მოხდა, რამაც "წითლების" გულშემატკივარს ყველაზე მეტად დასწყვიტა გული. ენდი კეროლმა გოლის გატანა კარიდან 5-6 მეტრში მყოფმა ვერ მოახერხა. "ტოტენჰემს" მოგებაც შეეძლო, როცა პეპე რეინასთან პირისპირ გარეთ ბეილი დარჩა, თუმცა უელსელმა დუელი წააგო.

მატჩის შემდგომ
კენი დალგლიში
(ლივერპული): "ის, თუ როგორ ვითამაშეთ, ძალიან მომეწონა. მეტოქე ძლიერი პრესინგის ქვეშ მოვაქციეთ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, ეს რომ მოგვეხერხებინა, შანსს ხელიდან ნამდვილად აღარ გავუშვებდით. "ტოტენჰემმა" მომენტი ჩვენს კართან პრაქტიკულად ვერ შექმნა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ, რადგან აშკარად მეტს ვიმსახურებდით".

კევინ ბონდი (ტოტენჰემის მწვრთნელი): "დღეს ჩვენ ნამდვილად ვერ შევძელით იმ ფეხბურთის ჩვენება, რაც გვჩვევია. პირველ ტაიმში ცოტა უკეთ გამოვიყურებოდით, მეორეში ძალა გამოგველია, ამიტომ იყო მატჩის ბოლოს ძალიან რომ გაგვიჭირდა. ასეთი თამაშით ქულის აღება კარგი შედეგია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული