ფანები ალექს მაკლიშის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" გულშემატკივართა ნაწილი კვირას, "ვილა პარკზე" "მანჩესტერ სიტისთან" მატჩამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის, 53 წლის ალექს მაკლიშის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს.

ფანები გეგმაზე, თუ როდის და სად უნდა შეიკრიბონ, ბოლომდე ჯერ არ შეთანხმებულან, მაგრამ კვირამდე დრო ჯერ კიდევ აქვთ. ვისაც მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი აქვს, ისინი სხვებსაც მოუწოდებენ, რომ მიუხედავად აუტანელი სიცივისა, მსვლელობას აუცილებლად შეუერთდნენ. მათი თქმით, ის თამაში, რასაც გუნდი მიმდინარე სეზონში აჩვენებს, განგაშის საფუძველს წარმოადგენს.

ფანები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ 5 თებერვალს "ნიუკასლთან" დამარცხების შემდეგ ფეხბურთელებს მწვრთნელთან დაძაბული
საუბარი ჰქონიათ და უკმაყოფილება ხმამაღლა გამოუხატავთ. "პრემიერლიგის 24 ტურში მხოლოდ 6 თამაში მოვიგეთ. დამაკმაყოფილებელია ჩვენთვის? არა, რადგან ეს ის შედეგია, რასაც ლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდები უჩვენებენ.

ამიტომაც არ არის ალექს მაკლიში ის ადამიანი, ვინც "ასტონ ვილას" უნდა ედგეს სათავეში, - ნათქვამია განცხადებაში. - გუნდთან ერთად მაკლიშმა სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, შემადგენლობის გასაძლიერებლად დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი ჰქონდა და გუნდში დარენ ბენტი, გაბი აგბონლაჰორი და სტივ აირლენდი ჰყავს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ცხრილში მე-13 ადგილზე ვართ.

საშინაო თამაშებში კიდევ 5 ნოემბრის შემდეგ არ გაგვიმარჯვია. კვირას, მის წინააღმდეგ ფეხბურთელებმაც ამოიღეს ხმა. შოტლანდიელის მომავალი ბურუსით არის მოცული. ჩვენ იქამდე უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე რამე გამოუსწორებელი არ მომხდარა".

ფანებმა მაკლიშის დანიშვნა მტკივნეულად აღიქვეს. ისინი მწვრთნელს იმას ვერ პატიობენ, რომ "ვილა პარკამდე" ოთხი წლის განმავლობაში (2007/11 წლებში) "ბირმინგემში" მუშაობდა. შოტლანდიელი სპეციალისტი და გუნდის ამერიკელი მესაკუთრე ენდი ლერნერი ზაფხულზევე შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე სეზონი "ვილასთვის" გარდამავალი იქნებოდა. სწორედ ამიტომ არ მოერიდნენ ისინი რადიკალურ ცვლილებებს.

კლუბმა ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი) და სტიუარტ დაუნინგი (ლივერპული) გაყიდა, რაშიც 35 მილიონი ფუნტი მიიღო. კლუბის ბოსმა ამით სახელფასო ფონდშიც სერიოზული თანხები გამოათავისუფლა. სამაგიეროდ ბირმინგემელებმა 20 მილიონი გადაიხადეს შეი გივენის (მანჩესტერ სიტი), ალან ჰატონის, ჯერმეინ ჯენასისა (ორივე ტოტენჰემი) და შარლ ნზოგბიას (უიგანი) ტრანსფერებში. იქედან გამომდინარე, რომ ლერნერი მწვრთნელს ბოლომდე ენდობა, არ გვგონია, რომ მან გულშემატკივართა ვედრება შეისმინოს და მაკლიშს კარისკენ მიუთითოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული