ჰარი რედნაპი უდანაშაულოა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ალბათ დღეიდანვე დაუბრუნდება ცხოვრების მისთვის ჩვეულ მშვიდ სტილს.

ინგლისურმა სასამართლომ რედნაპი გადასახადების დამალვის საქმეში უდანაშაულოდ ცნო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. მასთან ერთად გამართლდა "პორტსმუთის" ყოფილი პრეზიდენტი მილან მანდარიჩიც, ვისაც გამოძიება აღნიშნულ საქმეში თანამონაწილეობას აბრალებდა. ლაპარაკი იყო სულ 40 ათასი ფუნტის გადასახადის დამალვაზე.

გამოძიების ვერსიით, მანდარიჩმა რედნაპს 189 ათასი ფუნტი 2 მიზეზით გადაურიცხა. პირველი ეს იყო პიტერ კრაუჩის სარფიანად გაყიდვისთვის კუთვნილი წილი (რედნაპს 10% კონტრაქტის მიხედვით ეკუთვნოდა) და მეორე ბონუსი "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებისთვის.

თავის
მხრივ მანდარიჩი ამტკიცებდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საჩუქარი იყო მეგობრისთვის, რომელსაც აღნიშნული თანხა კონკრეტულ სარფიან პროექტში დასაბანდებლად სჭირდებოდა. რედნაპის მტკიცებით კი, ფაქტი, რომ აღნიშნული თანხა მის საშემოსავლო დეკლარაციაში ვერ მოხვდა, შეიძლება იმით აიხსნას, რომ მას ის უბრალოდ დაავიწყდა. ამ არგუმენტს ის იმით ამყარებდა, რომ მისი შემოსავალი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად აჭარბებს რამდენიმე მილიონ ფუნტს, საიდანაც ის გადასახადებს პატიოსნად იხდის. მისი მხრიდან 40 ათასის დამალვა და ამით თავის საფრთხეში ჩაგდება არალოგიკური იქნებოდა.

გამოძიება ამ საქმეზე 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. უშუალოდ სასამართლო კი სულ რაღაც 2 კვირა გაგრძელდა. ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ მანდარიჩი და რედნაპი ერთმანეთს დარბაზშივე გადაეხვივნენ. "მოხარული ვარ, რომ ეს კოშმარი დასრულდა, - უთხრა 64 წლის მწვრთნელმა ჟურნალისტებს. - ერთს გეტყვით, ეს სასამართლო საერთოდ არ უნდა გამართულიყო". "ეს ბრალდება ჰარისა და მის ოჯახს 4 წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა.

განსაკუთრებით რთული იყო ყველაფერი ბოლო 2 კვირის განმავლობაში. მოხარულები ვართ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დასრულდა. ჰარის ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნებასა და სეზონის ბოლომდე მაღალ შედეგებს ველოდებით," - ნათქვამია "ტოტენჰემის" სპეციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული