უელსური კლუბის თავკაცს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს

AutoSharing Option
პრემიერლიგის დებიუტანტმა "სუონსიმ" 39 წლის ჩრდილოირლანდიელ მწვრთნელ ბრენდან როჯერსს მუშაობა მოუწონა და მასთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისის ბოლომდე გააგრძელა.

მიუხედავად შეზღუდული ფინანსური რესურსებისა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის საერთო ვალმა ელიტაში დაწინაურების შემდეგ ერთი ორად მოიმატა, პრეზიდენტი ჰუ ჯენკინსი აფასებს იმას, რომ მისი გუნდი სულ უფრო უკეთ თამაშობს. 24 ტურის შემდეგ "სუონსი" 30 ქულით მე-10 ადგილზეა, რასაც სეზონის დაწყების წინ ალბათ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. ამ შედეგით, "გედები" პრემიერლიგაში "ჭიპმოჭრილ" ბევრ გუნდს უსწრებენ. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სათანადოდ დაფასება სჭირდებოდა.

ბოლო მიღწევა,
რამაც კლუბის ხელმძღვანელობას ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, როჯერსის იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელება იყო. მისი ხელმძღვანელობით "სუონსიმ" 6-დან 3 თამაში მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო.

აი, რა თქვა მან ჟურნალისტებთან: "მოხარული ვარ, რომ გუნდთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ, გულშემატკივრებიც და მთლიანად კლუბშიც ყველა გრძნობს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოსი, რომელსაც ბოლო 19 თვის განმავლობაში ვეწევი.

მხოლოდ ის შემიძლია შეგპირდეთ, რომ უახლოესი 3,5 წლის განმავლობაში მე და ფეხბურთელები მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ კლუბისა და გულშემატკივრების ღირსებისთვის, ასევე უკეთესი შედეგებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტაბილურად ვითამაშოთ პრემიერლიგაში ანგარიშგასაწევ ძალად გადავიქცეთ. მადლობელი ვარ იმისთვის, რაც კლუბმა და მთლიანად ქალაქმა მე და ჩემს ოჯახს გაგვიკეთა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ჩემთვის ძალიან იოლი გადასაწყვეტი აღმოჩნდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული