ჰარი რედნაპი, როგორც მწვრთნელი

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ, როცა ჰარი რედნაპზე, როგორც ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის უმთავრეს კანდიდატზე, ლაპარაკი დაიწყეს, 64 წლის სპეციალისტი ამგვარ პერსპექტივას საერთოდ გამორიცხავდა და ამბობდა, "ტოტენჰემში" იმდენი საქმე მაქვს, ნაკრებზე საფიქრალად არ მცალიაო.

მას შემდეგ კი რედნაპის ტონი არათუ შეიცვალა, გამოცდილმა სპეციალისტმა სანაკრებო გეგმებზეც კი დაიწყო საჯაროდ მსჯელობა. "მოდი, გულწრფელად ვთქვათ, პოლ სქოულზის ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების შემადგენლობაში ნახვა ყველას სურს. მას თავის გუნდში ალბათ ყველა შეიყვანდა. პოლი ისევე ეფექტურად თამაშობს, როგორც ესპანელები ჩავი და ინიესტა. ის ბურთს პრაქტიკულად არ კარგავს. რაც
შეეხება კაპიტანს, ამ თანამდებობაზე რამდენიმე კარგ კანდიდატს ვხედავ, მაგალითად ჯერარდს, ვფიქრობ, ამ როლში სკოტიც (პარკერი) არ დაიკარგებოდა," - განაცხადა რედნაპმა.

როგორც ჩანს, მხარეთა შორის შეთანხმება შედგა და საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ მისტერ ჰარი ინგლისის ნაკრებს მართლა ჩაუდგება სათავეში.

"ტოტენჰემს" ბოლო მატჩი პრემიერლიგაში 12 მაისს "ფულჰემთან" უწევს. ამრიგად, რედნაპს ეროვნული გუნდის მოსამზადებლად მხოლოდ თვეზე ცოტა ნაკლები რჩება. კუნძულელებს ხომ პირველი თამაში ევროპის პირველობაზე 11 ივნისს საფრანგეთის ნაკრებთან ელით.

საკლუბო სეზონის დასრულებამდე "ლომებს" მხოლოდ ერთი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი - 29 თებერვალს ჰოლანდიის წინააღმდეგ. აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდის მომზადება სტიუარტ პირსს 8 თებერვალს, კაპელოს გადადგომისთანავე მიანდეს. ამრიგად, 13 მაისამდე ინგლისელთა დროებით თავკაცად სწორედ პირსი დარჩება, რის შემდეგაც მის ადგილს რედნაპი გადაიბარებს.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ინგლისელებს მისი ხელმძღვანელობით ორი მატჩი ექნებათ ჩასატარებელი, ნორვეგიასა და ბელგიასთან. სასურველ ფეხბურთელებს მწვრთნელი სწორედ ამ მატჩებში დააკვირდება.

"ტოტენჰემი", თავის მხრივ, არ აპირებს ჰარი რედნაპს რამე პირადი პრობლემა შეუქმნას ახალ სამსახურთან დაკავშირებით, მაგრამ კვალიფიციური მწვრთნელის დაკარგვასთან შეგუებას ასე იოლად მაინც არ გეგმავს.

საფეხბურთო ასოციაციისგან კომპენსაციის სახით "დეზები" 10 მილიონ ფუნტს მიიღებენო, წერს "ტელეგრაფი".

როგორც სოციალურ ქსელებში დაიწერა, "ტოტენჰემის" პრეზიდენტ დენიელ ლევის უკვე ჰყავს რამდენიმე კანდიდატურა, რომელთაც ის გუნდის მთავარ მწვრთნელობას შესთავაზებს. მათ შორის არიან დევიდ მოიესი, დიდიე დეშამი და იურგენ კლინსმანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული