კიდევ ერთი კრება ლონდონის "ჩელსიში"

AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ცნობით, პრემიერლიგის 25-ე ტურში "ევერტონთან" წაგების მეორე დღეს "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა გუნდის საგანგებო კრება დილის 10 საათზე მოიწვია.

მან კიდევ ერთხელ განუცხადა ფეხბურთელებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა მიუღებელ შედეგად მიაჩნია.

"არისტოკრატები" 2003 წლის შემდეგ პირველად დგანან რეალური საფრთხის წინაშე, რომ ლიგის ოთხეულს მიღმა დარჩნენ, რაც გუნდის ფინანსურ მდგომარეობას საკმაოდ ძლიერ დარტყმას მიაყენებს.

ბოსის შემდეგ სიტყვა "ჩელსის" თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა აიღო და ფეხბურთელებს განუცხადა, რომ ტრადიციული დასვენების დღე გააუქმა.

პრემიერლიგის მატჩების მეორე დღეს "ლურჯებს", როგორც წესი, დასვენება აქვთ
ხოლმე. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ამან რამდენიმე ფეხბურთელის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.

ახალგაზრდა მწვრთნელის ლონდონში დანიშვნის შემდეგ პირველად დაიძაბა ურთიერთობა მასსა და გულშემატკივარს შორის.

"გუდისონ პარკის" ტრიბუნებზე შეკრებილმა ორიათასამდე ლონდონელმა 78-ე წუთზე ხუან მატას შეცვლის შემდეგ სიმღერა წამოიწყო, რომლის ტექსტში იყო ასეთი სიტყვები-თავადაც არ იცი უკვე რას აკეთებო.

"გულშემატკივრები ერკვევიან ფეხბურთში თუ არა ეს სხვა საქმეა, მაგრამ მათი აზრი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ამის შესახებ პორტუგალიელმა.

ნავარო ვალენსიაში დაბრუნდა.

ოღონდ "ლევანტეში", 31 წლის მცველი დავიდ ნავარო, რომელმაც სახელი "ვალენსიაში" თამაშით გაითქვა უმუშევარი აღარაა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის წინ ნავარომ ნოიშატელის "ქსამაქსს" მიაკითხა, თუმცა შვეიცარიულ კლუბს ხელმძღვანელობის მაქინაციების გამო ლიცენზია ჩამოართვეს და ნავარო თავისუფალი აგენტი გახდა.

მოსკოვში კი არა - შვეიცარიაში, ანჟი კი არა - თხილამურები
ინგლისის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ფაბიო კაპელო უარყოფს რუსული "სპორტ ექსპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ანჟისთან" მოსალაპარაკებლად ის კვირა საღამოს მოსკოვს ეწვია.

"ეკიპის" ჟურნალისტებთან საუბრისას იტალიელმა განაცხადა, რომ ამჟამად შვეიცარიულ ზანკტ მორიტცში იმყოფება და ერთადერთს რასაც უახლოეს მომავალში გეგმავს, დასვენებაა. "რუსეთში ხომ არ მივემგზავრები? იმედია ხუმრობთ. ახლა მხოლოდ დასვენება მინდა. აქედან გამგზავრებას კიდევ ერთი კვირა არსად ვგეგმავ. მერე კი ბოლონიაში ვარ მიწვეული," - განუცხადა მან ფრანგულ გამოცემას.

მაკარტი გაუშვეს
"ვულვერჰემპტონის" მესაკუთრემ, 59 წლის ბიზნესმენმა სტივ მორგანმა შინ "ვესტ ბრომვიჩთან" 1:5-ის წაგების შემდეგ მთავარ მწვრთნელ მიკ მაკარტის კარისკენ მიუთითა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეკითხვა, თუ რატომ გაათავისუფლეს ირლანდიელი სპეციალისტი არავის დაუსვამს, რადგან ბოლო მატჩების განმავლობაში "ვულვზი" ძალიან დასუსტდა (ბოლო 13 შეხვედრაში 7 წაგება, 5 ფრე და 1 მოგება) და პრემიერლიგიდან გასავარდნთა კოჰორტას შეუერთდა. "მგლები" ბოლოადგილოსან "უიგანს" ორი ქულითღა უსწრებენ.

მერტეზაკერმა კოჭი დაიშავა
"არსენალის" ცენტრალურმა მცველმა პერ მერტეზაკერმა ინგლისში გადასვლის შემდეგ პირველი სერიოზული ტრავმა მიიღო. 27 წლის გერმანელმა კოჭი "სანდერლენთან" მატჩის 71-ე წუთზე დაიშავა, რასაც ვოიცეხ შჩესნის კარში ჯეიმს მაკლინის გოლი მოჰყვა ის ნამდვილად გამოტოვებს "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ დაპირისპირებას.

"მერტეს მდგომარეობით შეშფოთებულები ვართ, რადგან მას შინ წასვლა ხელჯოხების დახმარებით მოუხდა. ფეხბურთელს მყესები აქვს დაზიანებული. რა დრო დასჭირდება სამკურნალოდ, ამას დამატებითი გამოკვლევა სჭირდება," - განაცხადა არსენ ვენგერმა.

"სანდერლენთან" მატჩის შემდეგ ტომას ვერმალენმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მწვრთნელი მას მარცხენა მცველად ათამაშებს. გერმანელის ტრავმის შემდეგ ბელგიელს "მშობლიურ" პოზიციაზე დაბრუნების შანსი მიეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული