კრიზისი რეინჯერსში: არმაგედონის სიახლოვეს

AutoSharing Option
"რეინჯერსის" მესაკუთრე კრეიგ უაიტმა "აიბროქსზე" ე.წ შიდა მმართველობის რეჟიმის შემოღებას "რეინჯერსის" გადარჩენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უწოდა.

მისი თქმით, ეს რომ არა კლუბის ლიკვიდაცია შეიძლებოდა დღეების თუ არა, უახლოესი კვირების ამბავიც კი ყოფილიყო. თუმცა ეს კიდევ არაფერი. კი, მაგრამ იმაზე უარესი, ვიდრე კლუბის გაკოტრებულად გამოცხადების პერსპექტივა რაღა უნდა იყოსო, გაჩნდება კითხვა.

უაიტის თქმით, ის აქამდე ერიდებოდა აღნიშნულ თემაზე ლაპარაკს, მაგრამ ახლა იძულებულია, სიმართლე თქვას, რომ 49 მილიონი ფუნტი, რასაც კლუბს საგადასახადო სამსახურები ედავებიან (რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე ვწერდით კიდეც), "რეინჯერსის"
საერთო ვალების მხოლოდ ნაწილია.

საერთო ჯამში კი გლაზგოელებს 75 მილიონი აქვთ გასასტუმრებელი. მათ 10 დღეზე ნაკლები დარჩათ გეგმის წარმოსადგენად, თუ როგორ აპირებენ ამხელა თანხების გასტუმრებას. თუკი მსგავსი გეგმა არ დაიწერა, კლუბს სპეციალური ადმინისტრატორის დანიშვნა მოუწევს, ვინც "ლურჯების" ფინანსურ საქმეებს გაუძღვება. მას შემდეგ, რაც "რეინჯერსში" ე.წ შიდა მმართველის რეჟიმი იურიდიულად ამოქმედდება, შოტლანდიის საფეხბურთო კავშირი მას 10 ქულას ჩამოაკლებს. ფინანსური პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში კი კლუბს მომავალ წელს ევროტურნირებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ.

აი, რა უთხრა Press Association Sport-ს უაიტმა: "ამ ნაბიჯზე რომ არ წავსულიყავით "რეინჯერსის" ლიკვიდაცია პრაქტიკულად გარდაუვალი გახდებოდა. ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს არც 49 და მით უფრო 75 მილიონის გადახდის შესაძლებლობა.

საგადასახადო ორგანოები კი ჩვენთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამხელა მსხვერპლზე წასვლა და შიდა მმართველობის შემოღება, რაც კლუბის მომავალს უფრო უსაფრთხოს გახდის.

მას ალტერნატივა ნამდვილად არ ჰქონდა. თავიდან ბოლომდე მესმის იმ გულშემატკივრების, რომლებიც მისტვენენ, რადგან ამ ინფორმაციის შეტყობა მათთვისაც ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩვენ მას უნდა შევეგუოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაღაც ახლის დასაწყისი იქნება. ამ კლუბში იმიტომ მოვედი, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა მაინც გამოვასწორო და ამას აუცილებლად მივაღწევ.

"რეინჯერსი" ყოველთვის "რეინჯერსად" დარჩება და ყოველთვის "აიბროქსზე" ითამაშებს. ფანებს მინდა მხოლოდ ერთი რამე ვთხოვო: დარჩით გუნდთან და ალი მაკოისტთან ერთად ბოლომდე. ახლა მათ თქვენი გვერდში დგომა ისე სჭირდებათ, როგორც არასოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული