ლონდონის "ტოტენჰემი" ტომ ჰადლსტოუნის გარეშე

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" გულშემატკივრებს სამწუხარო ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ: ლონდონელებს 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი ტომ ჰადლსტოუნი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაუშავდათ. ნაიარევ ტერფზე პირველმა ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც მას ხვალ განმეორებითი ქირურგიული ჩარევა ელის.

ფეხბურთელს სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. კონკრეტულ თარიღზე, როდის მოახერხებს ჰადლსტოუნი გუნდში დაბრუნებას არაფერია ცნობილი. ორი წლის წინ, როცა "ტოტენჰემმა" არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური, საყოველთაო აღიარებით ტომი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

"სან პაულუსა" და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ბრუნო უვინი კარიერას "ტოტენჰემში" განაგრძობს.
20 წლის ცენტრალურ მცველს "უაით ჰართ ლეინზე" თამაში მხოლოდ მომავალი სეზონიდან შეეძლება, რადგან, მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯარა ივნისამდე არ გაიღება. ამ დრომდე ფეხბურთელი "დეზების" რეზერვისტთა შორის იჯარის წესით იასპარეზებს.

თუკი ბრუნო მწვრთნელების ნდობას დაიმსახურებს, "სან პაულო" მას 3,7 მილიონ ევროდ დათმობს, - ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური ვებგვერდები ავრცელებენ. "ტრიბალფუტბოლის" ინფორმაციით კი, უვინის სამსახურით დაინტერესებულები იყვნენ "ჯენოა" და "არსენალიც", მაგრამ მათ ფეხბურთელის გადაბირება ივნისიდან სურდათ. "დეზებმა" მათ განჭრიახობით აჯობეს.

უვინი "სან პაულუში" 2010 წლიდან ირიცხება, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. ვფიქრობთ, ამ მიზნის მიღწევა მას ლონდონში უფრო გაუჭირდება, რადგან "ტოტენჰემში" უმაღლესი კლასის ცენტრალური მცველები ირიცხებიან (ლედლი კინგი, იუნეს კაბული, ვილიამ გალასი, მაიკლ დოუსონი). უვინიმ ყურადღება 2011 წელს ჩატარებულ სამხრეთი ამერიკისა და მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე მიიქცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული