- "ბაიერნში" თავიდან მარჯვენა ნახევარმცველად თამაშობდით. სხვა გუნდებში რატომ გადაგწიეს ცენტრისკენ?
- ვინგერის პოზიციაზე არასოდეს მითამაშია. სამი სტოპერის გარდა მაშინ ორი საყრდენით
- თქვენ ისეთ ფეხბურთელებთან გითამაშიათ, როგორებიც იყვნენ ლოთარ მათეუსი, ოლივერ კანი, მარიო ბასლერი. ვინ იყო მაშინ გუნდის ლიდერი გასახდელში?
- კანი სულიერად ძალიან ძლიერი იყო. თუკი ცუდ ხასიათზე იყო, ყველამ ვიცოდით, რომ ჯობდა ახლოსაც არ გავკარებოდით.
- მართალია, რომ "ბაიერნში" თამაშისას ინსულტი დაგემართათ?
- არა, ეს ინსულტი არ იყო. ეს არის დაავადება, როცა ადამიანს დროებით ერღვევა სისხლის მიმოქცევა. ის მე 1997 წელს დამემართა და ნამდვილად შოკში ჩამაგდო. რამდენიმე საათის განმავლობაში სხეულის ნაწილი პარალიზებული მქონდა. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს და რამდენიმე საათში უკეთ გავხდი. ორიოდე კვირაში მოედანზეც დავბრუნდი.
- მართალია, რომ "ნიუკასლში" საშობაოდ ჰიტლერის "ჩემი ბრძოლა" გაჩუქეს?
- დიახ, მართლა ასე იყო, მაგრამ ტყუილია, თითქოს ამის გამო გავბრაზდი. უკვე 6 თვე იყო, რაც ინგლისში ვცხოვრობდი და მეტნაკლებად უკვე მესმოდა აქაური იუმორი.
- ჯეიმი კარაგერმა თქვენზე თქვა, რომ გუნდში ყველაზე ცუდად იცვამდით, კრის კერკლანდმა კი ყველაზე ცუდი მოცეკვავე გიწოდათ.
- კიდევ კარგი ჩემი ჩაცმულობა კრისმა არ დაიწუნა, რადგან ის აშკარად ჩემზე ბევრად უარესად იცვამს. ჯობია ცუდი გემოვნება გქონდეს, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს. არც საუკეთესო მოცეკვავედ მივიჩნევ თავს. როცა სხვების გამხიარულებაა საჭირო, მხოლოდ მაშინ ვცეკვავ.
- ნიუკასლსა და ლივერპულში აბსოლუტურად განსხვავებულ აქცენტზე ლაპარაკობენ. ვისი ლაპარაკის მოსმენა უფრო გიჭირთ?
- დღემდე არ მესმის ხოლმე რობი ფაულერის საუბარი. ძნელია კენი დალგლიშის დიალექტთან შეგუებაც. მიჭირს კარაგერისა და ჯერარდის მოსმენაც, მაგრამ რობიმდე მათ მაინც ბევრი უკლიათ.
- "ენფილდზე" მეორე სეზონში თქვენ ერთბაშად სამი ტიტული მოიგეთ.
- მოგვიანებით მხოლოდ ის გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა სამივე გადამწყვეტი მატჩი წაგვეგო და მშრალზე დავრჩენილიყავით. ლიგის თასის ფინალში "ბირმინგემს" პენალტების სერიაში მოვუგეთ, ასოციაციის თასის ფინალში "არსენალთან" ვაგებდით, მაგრამ ბოლოს გავიმარჯვეთ, უეფას თასი კი ცალკე თემაა. გადამწყვეტი გოლი დამატებითი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გავიტანეთ. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მღეროდნენ ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთად კლუბის ჰიმნს. ენით აუწერელი ემოციები იყო.
- რა გითხრათ ბენიტესმა სტამბულის ფინალის დროს შესვენებისას, მოედანზე გასვლის წინ?
- მან უბრალოდ მაცნობა, რომ მე უნდა მეთამაშა. სტივ ფინანის ტრავმა რომ არა, მოედანი ჯიმი ტრაორეს უნდა დაეტოვებინა. ჩვენ უკვე "დამარხულები" ვიყავით, ასე რომ, ერთადერთი რაც დაგვრჩენოდა, ეს ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება იყო. ავდექით, გამოვედით მოედანზე და დავიმსახურეთ გამარჯვება.
- მართალია, რომ ფინალში პენალტი მოტეხილი ფეხით დაარტყით?
- ტერფი დამატებითი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საჰაერო ორთაბრძოლის მერე დაშვებისას ვიტკინე, თუმცა მაშინ დაზიანების სირთულეზე არაფერი ვიცოდი. ტკივილი არც მიგრძვნია, რადგან ადრენალინი სიხლში დიდი რაოდენობით მოძრაობდა. სწორედ ამ ტრავმის გამო გამოვტოვე შემდეგ კონფედერაციათა თასის გათამაშება.
- თქვენ ბოლო გოლი გაიტანეთ ძველ "უემბლიზე".
- ჩემთვის ეს გოლი არ იყო განსაკუთრებული. მთავარია, რომ გერმანიის ნაკრებმა მაშინ დიდი გუნდი დაამარცხა, მით უფრო, რომ იქამდე გრანდების დამარცხება დიდხანს არ გამოგვდიოდა. ამის გამო გულშემატკივრებს რაღაც დონებზე აღარც კი სჯეროდათ ეროვნული გუნდის.
- შინ ინგლისთან 5:1-ის წაგების შემდეგ რა განწყობა იყო თქვენს ბანაკში?
- 5:1 ძალიან დიდ ანგარიშია. საშინელი შედეგი იყო, მაგრამ ცხოვრება ხომ ამით არ დასრულებულა? ეს მხოლოდ საკვალიფიკაციო შეხვედრა იყო. პანიკაში არ ჩავვარდნილვართ, რადგან ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა იყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც. ტურნირზე მიღწეული შედეგი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ერთი კონკრეტული შეხვედრის შედეგზე. ინგლისელ გულშემატკივრებს კი ეს დაავიწყდათ და ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს.
- წარმოიდგინეთ, რომ ხუთი წლის შემდეგ "ლივერპულის" ან "ბაიერნის" მწვრთნელობის შანსი მოგეცათ, რომელს აირჩევთ?
- "ლივერპულს", რადგან ჩემი გული მას ეკუთვნის. საუკეთესო წლები სწორედ იქ გავატარე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"