"დღეიდან ჩვენი მთავარი ამოცანა პრემიერლიგაზე ძალების კონცენტრაციაა. ყველას აინტერესებს, ბოლოს და ბოლოს როდის მოვახერხებთ ტიტულის მოგებას, მაგრამ ჩემი აზრით, სეზონის შედეგების მიხედვით ოთხეულში მოხვედრა ნამდვილად კარგი მიღწევა იქნება.
ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა ჩემი გუნდის შემადგენლობაში ყველა ჯანმრთელია, ის გრანდების დონეზეა დაკომპლექტებული, მაგრამ სეზონის განმავლობაში ხშირად გვიწევდა და გვიწევს წამყვან ფეხბურთელებზე
აგერ, თებერვალი ლამის დასრულდეს და ხომ ხედავთ, უილშირს ჯერ მატჩიც არ ჩაუტარებია, დიაბისაც არ უთამაშია, ახლა მერტეზაკერიც გამოგვაკლდა სეზონის ბოლომდე, სანტოსიც რა ხანია ლაზარეთშია. მსოფლიოში ნებისმიერ კლუბს გაუჭირდებოდა მსგავსი პრობლემების შემთხვევაში. 2-3 ფეხბურთელის ტრავმაც კი მძიმე გადასატანია, ჩვენ კი ბევრად მეტი დავკარგეთ. ჯერჯერობით ახალი სეზონისთვის გეგმები არ განგვისაზღვრავს და ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ," - აცხადებს ვენგერი.
არსენ ვენგერს პრესისა და გულშემატკივრების გარდა უკვე ვეტერანი ფეხბურთელებიც აკრიტიკებენ. მაგალითად, "არსენალის" თამაშით აღშფოთება არ დაუმალავს როი კინს: "ის, რასაც ახლა ვხედავ, არის ყველა დროის ყველაზე ცუდი "არსენალი". ფეხბურთელები თითქოს ისე თამაშობენ, რომ არც სურვილი ეტყობათ და არც მონდომება, რომ რამე შეცვალონ".
ბუნებრივია, "მეთოფეების" თაობაზე კინზე მეტი სიტყვა "არსენალის" ყოფილ ვარსკვლავ ემანუელ პეტის ეთქმის. ფრანგმა ხომ ძველ "ჰაიბერიზე" კარიერის საუკეთესო 4 წელიწადი გაატარა: "ეს დღეები არსენ ვენგერის კარიერაში, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდია.
გუნდის ფეხბურთელები ვალდებულნი არიან სარკეში ჩაიხედონ და თავიანთ თავს მარტივი შეკითხვები დაუსვან. ისინი ისე თამაშობენ, თითქოს არ იცოდნენ რა ხდება გუნდის თავს. არ გამოვრიცხავ, არც იცოდნენ სხვანაირად თამაში. მენტალურად ისინი ძალიან სუსტები არიან".
გულშემატკივრები დღემდე გაოცებულები არიან, თუ რატომ გადაწყვიტა "არსენალის" თავკაცმა გასულ ზაფხულს სამირ ნასრისა და ფრანსესკ ფაბრეგასის შემცვლელებზე ფული არ დაეხარჯა.
მათში ხომ ლონდონურმა კლუბმა 57 მილიონი ფუნტი მიიღო. ფრანგმა მიკელ არტეტა და პერ მერტეზაკერიც მხოლოდ მას მერე გადაიბირა, რაც გუნდს პრემიერლიგაში კატასტროფული სტარტი გამოუვიდა (0:2 "ლივერპულთან", 2:8 მანჩესტერ იუნაიტედთან"). ზემოთ ხსენებულ 57 მილიონს ზაფხულზე შეიძლება კიდევ 15 მილიონი დაემატოს, რადგან ალექს სონგის სამსახურით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი "პარი სენ-ჟერმენი" და "ბარსელონა".
ისინი მზად არიან კამერუნელში ეს თანხა გადაიხადონ. 24 წლის ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, მაგრამ მან უკვე რამდენჯერმე ახსენა გაკვრით, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი, კარიერა უფრო ამბიციურ კლუბში გაეგრძელებინა.
დაბოლოს, "ტელეგრაფის" ცნობით, "არსენალში" შექმნილი კრიზისული სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ამ დღეებში ლონდონს ესტუმრება კლუბის მესაკუთრე სტენ კროენკე. ამერიკელი მილიარდერი ვენგერთან და კლუბის დირექტორატთან შეხვედრას გეგმავს.
გაზეთის მტკიცებით, კროენკე ვენგერს მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც გამოუცხადებს, თუკი "არსენალი" მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება. კლუბის დირექტორატის წევრები უარყოფენ პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა სეზონის ბოლოს ვენგერის ნაცვლად გუნდი ხოსეპ გვარდიოლამ ჩაიბაროს, თავად ფრანგმა კი დირექტორატში განაგრძოს მუშაობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"