სკანდალი დასრულდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, არგენტინელმა, კარლოს ტევესმა მთელი გუნდის თვალწინ მოიხადა ბოდიში იმ ყველაფრის გამო, რასაც ის ბოლო თვეების განმავლობაში სჩადიოდა.

აი, რა თქვა მან: "მინდა გულწრფელად ვითხოვო პატიება იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ვუღალატე. ვინც გავაბრაზე ჩემი გადაწყვეტილებებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

მინდა, რომ ამიერიდან "მანჩესტერ სიტის" საქმეებზე ვიყო კონცენტრირებული". თუმცა რამდენად გულწრფელია ფეხბურთელის განცხადებები, ეს სხვა თემაა. ტევესმა მას მერეც კი, რაც აგენტების საშუალებით კლუბის წარმომადგენლებთან მიაღწია შეთანხმებას ინგლისში დაბრუნებაზე, "ფოქს სპორტსთან" ინტერვიუში თქვა, ცუდი
არაფერი ჩამიდენია და ბოდიშის მოხდასაც არ ვაპირებო. ასე რომ, რატომ შეიცვალა ფეხბურთელმა პოზიცია ასე უცბად, იოლი სათქმელია. ხელფასის გარდა მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა ზაფხულზე "სიტის" თავი როგორმე დააღწიოს. ბოდიშის მოხდის გარდა ფეხბურთელმა უარი თქვა ინგლისის პროფესიული ფეხბურთის ლიგაში შეტანილ სარჩელზეც, რომლითაც ის კლუბისგან შეწყვეტილი ხელფასის აღდგენას ითხოვდა. კარლოსის ადვოკატები სულ 1,2 მილიონი ფუნტის გადახდას ითხოვდნენ. ტევესი არგენტინაში ნოემბრის პირველ რიცხვებში გაფრინდა და უკან მხოლოდ 14 თებერვალს დილას დაბრუნდა.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით მას მერე კარლოსი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ეს იქამდე არ გაგრძელდება, ვიდრე ფეხბურთელი ზედმეტ წონას არ მოიშორებს და სათანადო ფიზიკურ კონდიციებს არ აღიდგენს.

აქვე გაგაცნობთ, რომ ესპანური "მარკას" ინფორმაციით, ზაფხულზე მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" შეიძლება კარლოს ტევესი და გონსალო იგუაინი გაცვალონ. ცნობილია, რომ უკანასკნელს "სანტიაგო ბერნაბეუდან" აბარგება სურს, რადგან ჟოზე მოურინიო მას ძირითადად შეცვლებზე ათამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული