ანდრე ვილაშ-ბოაში ნებისმიერ დროს შეიძლება გაათავისუფლონ

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლისთან" სამარცხვინო წაგების შემდეგ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაათავისუფლონ.

სწორედ აღნიშნული გამოცემა იყო, ვინც დაწერა, რომან აბრამოვიჩმა ახალგაზრდა პორტუგალიელ სპეციალისტს ულტიმატუმი წაუყენა და "ბირმინგემთან" ასოციაციის თასის მატჩისა და ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლის" დამარცხება მოსთხოვაო.

მოგეხსენებათ, პირველ შეხვედრაში "ჩელსიმ" შინ 1:1 ითამაშა, იტალიაში კი 3:1 დამარცხდა. რაკი "არისტოკრატთა" ბანაკში სიტუაციას მწვრთნელსა და წამყვან ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობაც ამძიმებს, არ არის გამორიცხული, რუსმა მილიარდერმა ვილაშ ბოაშს კარისკენ მართლაც მიუთითოს. სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები უკვე
სვამენ შეკითხვას, ვინ ჯობია, რომ უხელმძღვანელოს "ჩელსის" "ნაპოლისთან" განმეორებით შეხვედრაში (მატჩი 14 მარტს გაიმართება).

მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსის" 1/4-ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს, ბუნებრივია, ამბიციური კლუბის ხელმძღვანელობა დიდხანს ვერ მოითმენს იმას, რაც გუნდში ხდება. ვინ შეიძლება გახდეს პორტუგალიელის შემცვლელი? გაზეთების ცნობით, უმთავრესი პრეტენდენტი რაფაელ ბენიტესია.

ესპანელი 2010 წლის დეკემბერში "ინტერიდან" დათხოვნის შემდეგ საცხოვრებლად კუნძულზე დაბრუნდა და ამჟამად საფეხბურთო კომენტატორობით იქცევს თავს. აბრამოვიჩი აუცილებლად განიხილავს ფაბიო კაპელოს კანდიდატურასაც.

65 წლის იტალიელს საკლუბო ფეხბურთში 2007 წელს "რეალიდან" წასვლის შემდეგ არ უმუშავია და ყოველდღიურ საქმიანობას ალბათ სიამოვნებით დაუბრუნდება. თუმცა აქ ერთი დეტალია, დონ ფაბიოს არასდროს იტაცებდა "მოკლეხნიანი რომანები" და თუკი მან "ჩელსი" ჩაიბარა, მინიმუმ 3 ან 4-წლიან ხელშეკრულებას მოითხოვს. "დეილი მეილის" ჟურნალისტი ერთ დეტალს გამოყოფს.

ამ სპეციალისტების გუნდები ყოველთვის ძლიერად გამოიყურებოდნენ ევროპულ ტურნირებში. ევროპული წარმატებები კი რომან არკადიჩის ყველაზე დიდი ოცნებაა.

ანდრე ვილაშ ბოაშის სამომავლო პერსპექტივაზე შეიძლება დაღი დაასვას იმანაც, რომ მის პოლიტიკას სულ უფრო მეტი და სულ უფრო ავტორიტეტული ფეხბურთელები ეწინააღმდეგებიან.

"სანის" მტკიცებით, "ნაპოლისთან" შეხვედრაში ეშლი კოული სასტარტო შემადგენლობაში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ კვირას გუნდის კრებაზე ვილაშ ბოაში თანდასწრებით გააკრიტიკა. გამოცემის ცნობით, კოულმა შემდეგი რამ განაცხადა: "აქ მე ტიტულების მოსაგებად მოვედი, აი თქვენი ტაქტიკით კი ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ის ინსტრუქციები, რასაც ფეხბურთელები მატჩის წინ ვიღებთ, მეტისმეტად დეტალურია და მოედანზე მხოლოდ მუშაობა გვიხდება მათ შესასრულებლად და არა თამაში". "ჩელსის" თავკაცს კოულის გამოხტომაზე უპასუხია, გულთან ყველაფერი მეტისმეტად ახლოს მიგაქვსო.

შედეგად, მის მაგივრად "ნაპოლისთან" მარცხენა მცველად მარჯვენაფლანგელი ჟოზე ბოსინგვა დადგა, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი მალევე დაიმტვრა და ვილაშ ბოაშს კოულის მოედანზე შეყვანა მოუხდა.

წყაროს ცნობით, კრებაზე მწვრთნელი არანაკლებ გააკრიტიკეს მიკაელ ესიენმა და ფრენკ ლემპარდმაც, რისი წყალობითაც ისინიც სათადარიგოთა შორის აღმოჩნდნენ. "სანი" საფეხბურთო ექსპერტის ჯეიმი რედნაპის (ჰარი რედნაპის ვაჟი, "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი) სიტყვებსაც იშველიებს, რაც მას "ჩელსის" სასტარტო შემადგენლობის შეტყობისას აღმოხდა, სახეზე სამწვრთნელო თვითმკვლელობის კლასიკური შემთხვევა გვაქვსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული