ლონდონის "ჩელსის" მორღვეული დაცვა

AutoSharing Option
ჯონ ტერის გარეშე "ჩელსის" ცხოვრება ბევრად უფრო გართულდება, თუკი გუნდის ცენტრალური დაცვის მომავალი გარი კეჰილსა და დავიდ ლუიზზე იქნება აგებული, - აცხადებს "არისტოკრატებისა" და ირლანდიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ტონი კასკარინო. მან "ტაიმსისთვის" საინტერესო სტატია დაწერა, რომელსაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ.

ლონდონელთა ბოლო წლების წარმატებები სწორედ იმაზე იყო დაყრდნობილი, თუ რამდენად კარგად იყო ორგანიზებული გუნდის უკანა ხაზი და რამდენად კარგად იცოდა გუნდის თითოეულმა წევრმა თავისი ფუნქცია. დიდწილად ამ ბაზას ჯონ ტერი და რიკარდო კარვალიო, ან ვილიამ გალასი ქმნიდნენ.

ყველა წარმატებულ გუნდს სჭირდება
გაუმტარი, მყარი დაცვა. ამ შემთხვევაში კი (ლაპარაკია "ნაპოლისთან" შეხვედრაზე) არ იკითხებოდა იმის ნიშნები, რომ ლუიზსა და კეჰილს შეუძლიათ შექმნან ისეთივე მძლავრი დუეტი, როგორც ამას მათი წინამორბედები ახერხებდნენ.

მათ ძალიან ბევრი აშორებთ რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის, ასევე ვენსან კომპანისა და ჯოლეონ ლესკოტისგანაც. ლუიზიც და კეჰილიც მეტისმეტად იოლად მიდიან რისკზე; ძალიან ხშირად და ძალიან იოლად კარგავენ პოზიციას; ორივე მათგანს ახასიათებს მცველებისთვის ყველაზე "სასიკვდილო ცოდვა" - ხელების მაღლა აღმართვა მსაჯის სასტვენამდე იმის მანიშნებლად, რომ თამაშგარე მდგომარეობა ან წესების სხვა დარღვევა იყო, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლონ ბურთისთვის.

ეს "სან პაოლოზე" მატჩის დაწყებიდან 5 წუთში გახდა აშკარა. პაოლო კანავარომ ჩვეულებრივი გრძელი გადაცემა გააკეთა ცენტრში გამართლების იმედად. ბურთმა 35 მეტრი იფრინა, თუმცა კეჰილი თამაშიდან გამოეთიშა და ლავეცის საშუალება მისცა, სწორი პოზიცია დაეკავებინა. რა თქმა უნდა, მცველის მარჯვენა ხელი ზეაღიმართა იმის იმედად, რომ სწორედ მსაჯი გამოასწორებდა მის შეცდომას. და ეს მეორდებოდა დაუსრულებლივ.

მეორე ტაიმშიც კი "ნაპოლის" დაუბრკოლებლად შეეძლო "ჩელსისთვის" ცენტრიდან შეეტია. ეპიზოდში, როცა კავანიმ ლუიზს ბურთი მოჰპარა, პრობლემა თვალში საცემი შეიქმნა. ბრაზილიელს ბურთის შენარჩუნება სურდა და მასთან ერთად საკუთარი მეკარის მიმართულებით სწრაფად მოძრაობდა. ამ დროს მას თავზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ადგა. მსგავს სიტუაციაში პლანეტის საუკეთესო მცველები, მაგალითად პიკე და პუიოლი, ბურთს მაქსიმალურად შორს და მაქსიმალურად მაღლა იგერიებენ. დავიდ ლუიზს ეს არ უცდია და ამის გამო დაისაჯა კიდეც.

როცა კეჰილსა და ლუიზს არასწორად ესმით თამაშის უმთავრესი საფუძვლები, ჩემპიონთა ლიგის დონეზე ეს თვითმკვლელობის ტოლფასია. მათი მოქმედებები იმდენად უსუსური იყო, რომ ახლა გასაგები ხდება, თუ რატომ უჭირს ტერის ამ გუნდში ჩვეულ დონეზე გარჯა. არადა, ორივეს აქვს სათანადო ღირსებები, განსაკუთრებით კეჰილს, ვინც ძალიან ძლიერია, ჩქარია და მეორე სართულზე ორთაბრძოლებს ხშირად იგებს.

"ჩელსის" გაუმართლა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" სტუმრად გატანილი გოლით ბრუნდება. თუმცა კეჰილისა და ლუიზის დუეტის შემხედვარემ ძნელია წარმოიდგინო, რომ თავის მხრივ ლონდონში "ნაპოლიც" ვერ შეძლებს გატანას. რჩება შთაბეჭდილება, რომ ტერის გარეშე მოთამაშე ვილაშ ბოაშის გუნდი ყოველი შეტევის შემდეგ გაუშვებს ბურთს.

ეს პრობლემები კი გუნდის წინაშე იმ 6 კვირის განმავლობაში იდგება, რომელიც, სავარაუდოდ, ტერის გამოჯანმრთელებას დასჭირდება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 31 წლის მცველის კარიერა უკვე უახლოვდება დასასრულს, სიტუაცია კიდევ უფრო საგანგაშო ხდება. "ჩელსის" ასეთი დაცვით ტიტულების მოგების შანსიც კი არ აქვს. ამისთვის ისინი ძალიან ბევრ გოლს გაუშვებენ.

მწვრთნელისთვის ეს კარგის არაფრის მომასწავებელი არ არის. თუკი "ჩელსის" ბოლო 6 თამაშს გავითვალისწინებთ, ეს სპეციალისტი არ იმსახურებს თანამდებობაზე დარჩენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული