მიზეზი მარტივია: ჩრდილოლონდონელებმა ბოლო 6 წლის განმავლობაში ორჯერ მოუმატეს ღირებულებას და უკანასკნელად მიმდინარე სეზონის დაწყებამდე და თანაც მთელი 4%-ით, რაც იმით აიხსნა, რომ სახელმწიფომ საგადასახადო განაკვეთები გაზარდა.
23 თებერვალს “მეთოფეთა” ოფიციალური განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ფასის კიდევ ერთხელ გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არც კი დამდგარა. ერთადერთი, რაც გაძვირდება, ეს ე.წ. Club Level-ია (ასე ვთქვათ, ვიპაბონემენტი) და ისიც მხოლოდ
აღსანიშნავია, მსგავსი სეზონური ბილეთები წლის განმავლობაში 7 ათასი ცალი იბეჭდება და უკლებლივ ყველა იყიდება.
მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა ივნისში იხსნება, თუმცა “არსენალის” ხელმძღვანელობა აქედანვე ცდილობს თადარიგის დაჭერას. ამ დღეებში ვწერდით იმათ შესახებ, ვისი გაშვებაც იგეგმება და ვისი შენარჩუნებაც “მეთოფეთათვის” პრიორიტეტია. ამჯერად ამ თემაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ გაგაცნობთ ახალ ინფორმაციას, რომელიც “დეილი ტელეგრაფმა” გაავრცელა.
ტაბლოიდის მტკიცებით, შესაძლოა მომდევნო სეზონი “ემირიტსზე” დაიწყოს “სანდერლენდის” ბენინელმა ლეგიონერმა, 27 წლის სტეფან სესინიონმა. შეგახსენებთ, რომ ფრანგული ძირის მქონე შემტევმა ნახევარმცველმა “შავ კატებს” 2011 წლის იანვარში “პარი სენ-ჟერმენში” გატარებული 2,5 სეზონის შემდეგ მიაშურა. “სანდერლენდს” მისი გადაბირება 6 მილიონი ფუნტი დაუჯდა. სტეფანი კუნძულზე თავს ფანტასტიკურად გრძნობს. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგის 25-ვე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 6 გოლის გარდა 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შესაბამისად, ფეხბურთელის ფასი 6-დან 10 მილიონამდეა გაზრდილი.
“მეთოფეებზე” წერას კი “ზენიტის” წარმომადგენელთა განცხადებით დავასრულებთ. პეტერბურგული კლუბის გენერალური დირექტორის მაქსიმ მიტროფანოვის თქმით, მათ ლონდონელებს ოფიციალურად მიმართეს ანდრეი არშავინის იჯარის საკითხის განსახილველად, თუმცა ჯერჯერობით მათგან დადებითი პასუხი არ მიუღიათ. მხარეები საკითხს ინტენსიურად განიხილავენ. მიმდინარე სეზონში 30 წლის რუსი თავდამსხმელი საშინლად გამოიყურება. მან სულ 19 მატჩი ჩაატარა (8 ძირითადში) და ერთი გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"